მეცნიერები დიდი ხანია შეშფოთებით აკვირდებიან გლობალური დათბობისგან გამოწვეულ პროცესებს. ახლახანს ჟურნალ “ნეიჩარში” ახალი გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა რომლის მიხედვით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყინულის დნობის პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ანტარქტიკაში, როდესაც ამ კონტინენტზე ნიადაგის ტეპმერატურა უცვლელი რჩება.
ამერიკის ხმა ამასთან დაკავშირებით ნასას სინოპტიკოსს ჯეი ზვალის ესუბრა მისი თქმით:” ამჟამად ზღვის დონე ყოველ 100 წელიწადში 40 სანტიმეტრით იზრდება, ეს ორჯერ აღემატება იმას რაც 10 წლის წინათ იყო, ასე რომ თუ დღევანდელი კლიმატური პირობები უცვლელი დარჩება ზღვის დონე მაინც მაღლა აიწევს.”
როგორც ცნობილია ანტარქტიკა დედამიწის ყველაზე უფრო ცივი კონტინენტია, სადაც ჩვენს პლანეტაზე არსებული ყინულის 90%-ია კონცენტრირებული. ანტარქტიკის ყინულოვან საფარზე დაკვირვება კოსმოსური თანამგზავრებიდან ხდება, ნასას ექსპერტის ჯეი ზვალის განცხადებით:” ზღვის დონის მატება 40 სანტიმეტრით საკმაოდ კრიტიკული მაჩვენებელია. ძირითადად ეს პროცესი მყინვარების დნობის ხარჯზე მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი გრელანდიაში, ნაწილი კი ანტარქტიკაში მდებარეობს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიო ოკეანის ტემპერატურის გაზრდაც. ეს ყველაფერი ერთად აღებული კი ზღვის დონის მატებას განაპირობებს.”
ასე რომ ექსპერტების გაანგარიშებით 21-ე საუკუნის მიწურულს ზღვის დონემ მსოფლიოში შესაძლოა ორი მეტრით აიწიოს მაღლა. ანტარქტიკაში მიმდინარე პროცესები არ განსხვავდება მსოფლიოს დანარჩენ რაიონებში შექმნილი მდგომარეობიდან, სადაც მყინვარების დნობის პროცესი იმაზე გაცილებით უფრო ჩქარა მიმდინარეობს ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ.