ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლად დააფუძნებული გაზეთი ჩრდილოეთ კორეის ცხოვრების რეალურად წარმოჩენას ისახავს მიზნად


ჩრდილოეთ კორეის გასაიდუმლოებული ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, თავად ჩრდილო კორეელების მიერ არის გადაღებული. ისინი ამბობენ, რომ მათ ჩრდილოეთ კორეის შესახებ სიმართლის საკუთარი ერისთვის და მთელი მსოფიოსთვის გაცნობა აქვთ გამიზნული.

ეს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც იაპონელმა ჟურნალისტმა ხირო იშუმარუმ და მისმა პარტნიორმა, კორეიდან გაქცეულმა ჩოი ჰინ იმ წამოიწყეს. მათ დაიწყეს გაზეთის გამოშვება, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის ცხოვრება თავად ჩრდილო კორეელების მიერაა გაშუქებული. იშიმარუს თქმით, მას გაზეთის იდეა ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის მიდამოებში ხშირად ყოფნის დროს დაებადა:

„მე გავიაზრე ის, რომ ამ საიდუმლოებით მოცული ქვეყნიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად, აუცილებელი იყო თავად ჩრდილო კორეელი ჟურნალისტების მომზადება. სწორედ ჟურნალისტებმა მისცეს ბიძგი დემოკრატიის განვითარებას სამხრეთ კორეაში. მე ვგრძნობ, რომ იგივე ჩრდილოეთ კორეაშიც შეიძლება მოხდეს. სწორედ აქედან გამომდინარე ვეძებ მოხალისეებს”. ამბობს იშიმარუ.

გაზეთს „ლიმჰინგანგი” ჰქვია. იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეაში მათ დიდი საშიშროება ელით, აქ ავტორები სტატიებს ფსევდონიმებით აქვეყნებენ. ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, სადაც კი ქვეყნის თავკაცისთვის კიმ ჩენ ირისათვის ხოტბა არ არის შესხმული. ვინაობის გამოაშკარავების შემთხვევაში „ლიმჰინგანგის” ჟურნალისტებს სიკვდილით დასჯა ელით.

იშიმარუ ამბობს, რომ ჟურნალისტების ვინაობის გასასაიდუმლოებლად ბევრი რამ კეთდება. მისი თქმით ჟურნალისტებს ასწავლეს თუ როგორ უნდა გადაიღონ ჩუმად და მათ ოცდაათი ვიდეოკამერა დაურიგდათ.

ჟურნალისტების გადაღებული ვიდეომასალა მეძველმანე ქალებს და ელემენტარული საკვებისათვის ბარტერულ გაცვლებს აჩვენებს:

„ჩრდილოეთ კორეის მედიას მთავრობა აკონტროლებს. ჩრდილოეთ კორეელებს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ აქვთ. „ლიმჰინგანგი” პირველი გაზეთია სადაც მათ ამის უფლება მიიღეს. ეს კი ჩრდილოეთ კორეის წინსვლას მოასწავებს”. ამბობს ჩოი ჰინ ი.

გაზეთის პირველ ნომერში მოყვანილია ინტერვიუ მმართველი კომუნისტური პარტიის ანონიმ ფუნქციონერთან, რომელიც იმას ჩივის, რომ საყოველთაო შიმშილის პირობებში ფხენიანი ბირთვულ პროგრამას აფინანსებს. ასევე ანონიმ ჯარისკაცთან, რომელიც ქვეყნის არმიის დაშლას წინასწარმეტყველებს. გადაწყვეტილია გაზეთის ინგლისურად და იაპონურადაც გამოცემა.

XS
SM
MD
LG