ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი კვლავაც რჩება ამერიკის მთავარ მოკავშირედ


თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოგანთან შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ აშშ-ი კვლავაც გააგრძელებს თურქეთისადმი მხარდაჭერას ევრო-კავშირში გაწევრიანების საკითხში. მისივე თქმით მან ბატონ ერდოგანთან შეხვედრისას განიხილა უშიშროების საკითხები ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტული საქმიანობის საკითხის ჩათვლით. -”ქურთისტანის მუშათა პარტია სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის გაკიცხვას იმსახურებს. ამ ორგანიზაციას არასოდეს ექნება აშშ-ის მხარდაჭერა. “ თქვა მან.ბატონი ბერნსის განცხადების თანახმად აშშ-ი მონდომებულია ერაყისა და თურქეთის მთავრობებთან ერთად იღვაწოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ქურთისტანის მუშათა პარტიის ამაზრზენ საქმიანობას. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას ბატონმა ბერნსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა თანამშრომლობა თურქეთთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, რუსეთთან და ჩინეთთან, რათა დაარწმუნონ ირანი მასში, რომ დიპლომატია და მოლაპარაკებებია მართებული გზები არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა შედეგებისათვის თუ იგი ამ გზაზე უარს იტყვის. აშშ-ისა და თურქეთის ინტერესების თანხვედრა იკვეთება ენერგეტის სფეროში. მოგეხსენებათ 90-იან წლებში აშშ-ი თანამშრომლობდა თურქეთთან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაში. აშშ-ს სურს ამ ენერგომატარებლების ინფრასტრუქტურის გაფართოვება, რათა ამით დახმარება გაუწიონ საბერძნეთს, იტალიასა და დასავლეთ ევროპას ევროპაში ენერგომარაგების თავისუფალი ბაზრის შექმნის საქმეში. როგორც ბატონმა ბერნსმა განაცხადა, ეს დადებით წვლილს შეიტანს აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ძალისხმევაში დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ მიუწვდებათ რა ხელი ევროპის ენერგობაზრებზე. ბატონი ბერნსი მის სიტყვაში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ წარმოთქვა, ქებით მოიხსენია თურქეთის სახელმწიფო მოწყობის სისტემა. როგორც მან თქვა თურქეთი დღეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ შესაძლებელია მუსლიმურ საზოგადოებაში არსებობდეს საერო დემოკრატიული სისტემა, რაც შთაგონების წყარო უნდა გახდეს რეფორმისტებისათვის ახლო აღმოსავლეთში . როგორც მან თქვა წლევანდელმა არჩევნებმა თურქეთში ყველას დაანახა ის, თუ რამდენად ჯანსაღია თურქეთის დემოკრატია. "ისტორია, საერთო ინტერესები და საერთო სულიერი ფასეულობები ის საფუძველია, რომელიც თურქეთს აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ ხდის"-განაცხადა ბერნსმა.
XS
SM
MD
LG