ავღანეთის არმიის ახლადშექმნილი სპეცდანიშნულების ბატალიონის მიერ ჩატარებული პირველი ოპერაცის შედეგად, ბატალიონის მებრძოლებმა თალიბი ბომბების დამამზადებელი და მისი ორი დამხმარე შეიპყრეს. სპეცრაზმელებმა ჰაჯი შირ ხანი ნანგაჰარის პროვინციის ქალაქ ჯალალაბადიდან ორმოცი კილომეტრის დაშორებით დააკავეს. შირ ხანი კოალიციის ძალებს რამდენჯერმე დაესხა თავს. ამ ოპერაციის შედეგად სპეცრაზმელებმა იარაღი, ასაფეთქებელი მასალა და ოთხმოც კილოგრამზე მეტი ოპიუმი ამოიღეს.
-სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალებს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ინტენსიური წვრთნის შედეგად მათ ასეთ წარმატებას მიაღწიეს. განაცხადა ამერიკელმა მაიორმა კრის ბელჩერმა.
ავღანეთის, ნატოსა და შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში მყოფი კოალიციის ძალების სამხედროებმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ავღანეთის სამხრეთში მიმდინარე ოპერაციების მსვლელობისას ასობით თალიბი მოთარეშე მოსპეს. წელს ავღანეთში ძალადობის შედეგად ოთხ ათასზე მეტი კაცი დაიღუპა. მათ უმეტესობას თალიბები წარმოადგენენ.
-ჩვენ საგრძნობ წარმატებებს მივაღწიეთ, განსაკუთრებით ავღანეთის სამხრეთში და ასეთი წარმატებული გეზით სვლის გაგრძელებას ვაპირებთ. ამბობს ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო უშიშროების ხელისშემწყობი ძალების ხელმძღვანელი, ამერიკელი გენერალი დენ მაკნილი.
ავღანეთის სამხედრო ძალებმა, მათ მიერ მიღწეული პროგრესის გამო გენერალ მაკნილის ქება დაიმსახურეს.
-მე ვიცი, რომ აქამდე ავღანელები ყოველთვიურად ექვსასი ახალწვეულის მომზადების დაწყებას ახერხებდნენ. წელს კი ეს რიცხვი ორ სამ ათას ადამიანამდე გაიზარდა. აღნიშნა გენერალმა. მისი თქმით, ავღანეთს უკვე 2008 წლის დასასრულისთვის, სამოცდაათ ათასიანი არმია ეყოლება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ნეგროპონტემ აღნიშნა, რომ
-მათი დღეები, ვისაც ავღანეთის უკან, ბნელეთისკენ, შიშისკენ და სიკვდილისკენ გაბრუნება სურს დათვლილია:
„გამოკეთებული უშიშროების ფონი, წარმატება და სოციალური განვითარება. თალიბებს თავშესაფრის პოვნა ურთულდებათ. ავღანეთის მთავრობა ქვეყანას ახალი მომავლისკენ მიაქანებს და ჩვენ ამ მთავრობას ხელს ვუმართავთ”. განაცხადა, ბატონმა ნეგროპონტემ.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სთქვა, რომ შეერთებული შტატები და ოცდაჩვიდმეტი მოკავშირე ქვეყანა ავღანეთში მომავალი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით შევიდნენ. შევიდნენ იმიტომ, რომ ალ-ყაიდას მიერ მოწყობილი 2001 წლის 11 სექტემბრის მსგავსი საშინელება აღარასდროს განმეორებულიყო.
-მაგრამ ჩვენ აქ დავრჩით იმისთვის, რომ ავღანეთის ხალხისათვის ახალი მომავალი, სტაბილურობა, წარმატება და მშვიდობა მოგვეტანა. დაასრულა ბატონმა ნეგროპონტემ.