ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ანაბეჭდი ზღვაზე”


“ჩაიცვი თეთრი, გათავისუფლდი სიბნელისგან” - ასეთია იმ სახელოვნებო აქციის სლოგანი, რომელსაც ჟურნალი “ანაბეჭდი” ზღვაზე, კერძოდ კი გონიოში, 25 აგვისტოს გამართავს. ჟურნალი “ანაბეჭდი”, ტავისი არსებობის დღიდან, უკვე სამი წელიწადია რაც ზღვაზე ფესტივალს მართავს, სახელწოდებით “ანაბეჭდი ზღვაზე”. გასულ წელს ჩატარდა 4 დღიანი მუსიკალური ფესტივალი მშვიდობისათვის. ფესტივალი ყველა ახალგაზრდას მოუწოდებდა, იარაღის ნაცვლად, რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი აეღო ხელში და ეცხოვრა მუსიკით. მაგრამ სამწუხაროდ, შარშანდელმა ფესტივალმა წელს ჟურნალის საორგანიზაციო ჯგუფს ხელი შეუშალა, რაც ძველი თუ ახალი სპონსორების მოძიებაში გამოიხატა. უფრო ვრცლად შექმნილი პრობლემების და ერთ დღიანი აქციის შესახებ, ჟურნალ “ანაბეჭდის” რედაქტორი ნინო დარასელი საუბრობს:

ნინო დარასელი - შარშან გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ანტისაომარი აქცია, რამაც ჩვენდა გასაოცრად ძალიან ნეგატიური რეზონანსი ჰპოვა. ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო, რომ წელს ბევრმა გვითხრა უარი, იმისათვის რომ ვატარებთ აქციას მშვიდობისათვის. ჭელლს მაინც ვაპირებთ ჩავატაროთ ანტინეგატიური ფესტივალი, რაც გულისხმობს რომ ჩვენ ვატარებთ ფესტივალს ყოველგვარი ძალადობის, აგრესიის, მათ შორის ომის წინააღმდეგ. ჩვენ ვეცდებით რომ ის დღე იყოს მთლიანად პოზიტიური, ამიტომაც დავარქვით “თეთრი ღამე”. ჩვენ ვეცდებით ეს ყველაფერი პოზიტიური, გართობის სახით მივაწოდოთ რაც იოლია აღსაქმელად.

ერთ დღიან აქციაზე “ანაბეჭდი” ოთხ სხვადასხვა დიჯეის მუსიკას შემოგვთავაზებს. ახალგაზრდა მხატვრები იქვე, ცოცხლად შექმნიან მხატვრულ ტილოებს, ტერიტორია გაფორმდება გეომეტრიული ფიგურებით, განათდება სპეციფიური განათებით, რომელიც ბნელ ღამეს თეთრ ღამედ აქცევს. სტუმრები უნდა გამოცხადდნენ მხოლოდ თეთრ ტანისამოსში. აქციის კულმინაცია ნინო ჩუბინიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი მინი ქანდაკებებია, რომელსაც ასე დაერქვა – პოზიტივი. აქციის ორგანიზატორები ეცდებიან 25 აგვისტოს მისული სტუმრებისათვის მხოლოდ პოზიტიური ემოციები და განცდები შექმნან და მათ ბევრი საინტერესო სანახაობა შესთავაზონ. აქცია ქვეყანაში გამძაფრებულ აგრესიულ, ძალადობრივ, მილიტარისტულ ტენდეციებს უპირისპირდება და საზოგადოებას სინათლეს, პოზიტივს და სიყვარულს სთავაზობს. ასე რომ 25 აგვისტოს, მომავალ შაბათს, ვინც შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფება შეუძლია მივიდეს გონიოში, კლუბ “ვიტამინში”, ჩაიცვას თეთრი და გათავისფლდეს სიბნელისგან.

XS
SM
MD
LG