ქალაქ ფილადელფიაში ჩასული ნებისმიერი ტურისტი პირველ რიგში დამოუკიდებლობის ჰოლის სანახავად მიეშურება. ეს ის შენობაა სადაც ქვეყნის დამფუძნებლები დამოუკიდებლობის დეკლარაციას ქმნიდნენ:
“ხალხს აქ ჩამოსვლა და შეერთებული შტატების აკვნის ნახვა სურს. ყველაფერი აქ, ამ შენობაში იწყება”. ამბობს ფილადელფიის ეროვნული პარკის თანამშრომელი ბილ კოგლინი.
“მე ვფიქრობ, რომ ხალხს ყველაზე ძალიან ის იზიდავს, რომ ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც თანასწორობისა და თავისუფლების იდეალები ჩამოაყალიბა. სწორედ ეს იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. მათ აქ ცამოსვლა და იმ ოთახის ნახვა სწადიათ, რომელსიც დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაიბადა”.
დამოუკიდებლობის ჰოლში მეთვრამეტე საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილი ბევრი მსახიობი დაგხვდებათ. ისინი ჯორჯ ვაშინგტონს, ბენჯამინ ფრანკლინსა და შეერთებული შტატების ისტორიის საწყისი ეტაპის სხვა მნიშვნელოვან ფიგურებს განასახიერებენ. როლებში შესული მსახიობები ტურისტებს ესაუბრებიან. ქალაქში ზემოხსენებული ეპოქის კიდევ რამდენიმე ისტორიული რელიქვია მდებარეობს. ესენია: თავისუფლების ზარი, კარპენტერის ჰოლი, სადაც ლეგენდის მიხედვით, მკერავმა ბეთსი როუზმა ამერიკის პირველი დროშა შეკერა. ყოველწლიურად ამ ადგილებს სამ მილიონამდე ადამიანი ათვალიერებს:
“ჩემის აზრით, ეს ყველაფერი ძალზე შთამბეჭდავია” გვეუბნება ერთ-ერთი ტურისტი.
“ეს ის ადგილია სადაც ჩვენი ქვეყანა დაარსდა. აქედან გამომდინარე მისი მნიშვნელობა ძალზე დიდია”. აგრძელებს მეორე მნახველი.
“მე თავისუფლების ზარის ნახვა მეწადა და აქ იმიტომ ჩამოვედი” ამბობს მესამე.
თავისუფლების ზარმა 1776 წლის 8 ივლისს ხალხს თავისუფლების დეკლარაციის პირველად საჯაროდ წაკითხვის შესახებ აცნობა. დროთა განმავლობასი ზარი ისე გაიბზარა, რომ მისი ხმარება შეუძლებელი გახდა. 1846 წელს ზარი დამოუკიდებლობის ჰოლის კოშკიდან მოხსნეს და ცალკე გამოფინეს:
“ეს ზარი ძალზე ძლიერი სიმბოლოა. მე ამას ყოველდღიურად ვხედავ. გაბზარვის დროს ზარი უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღიქმებოდა მნიშვნელოვან რელიქვიად. ჯერ იგი მთელი თავისუფლების სიმბოლოს მხოლოდ ამერიკელი ხალხისათვის წარმოადგენდა, შემდეგ კი მთელი მსოფლიოსათვისაც კი”. ამბობს ფილადელფიის ეროვნული პარკის თანამშრომელი ბილ კოგლინი.
4 ივლისისაათვის ფილადელფიაში უფრო მეტი ამერიკელი და უცხოელი ტურისტი ჩადის ვიდრე სხვა დროს:
“4 ივლისი ჩვენი, ამერიკელების დიდი ზეიმის დღეა”. ასრულებს ჩვენთან საუბარს ბილ კოგლინი.