ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ფილიპინებს ტერორიზმთან ბრძოლაში უმართავს ხელს


შეერთებული შტატები ფილიპინებს ტერორიზმთან ბრძოლაში უმართავს ხელს. შვიდ ივნისს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის დიპლომატიური უშიშროების ბიუროს მიერ გაცემული ჯილდო, ათი მილიონი დოლარი, იმ ექვს ფილიპინელს გადასცეს, რომლებმაც ისლამისტური ჯგუფის აბუ საიაფის ორი ლიდერის, ხადაფი ჯანჯალანისა და აბუ სოლაიმანის წინაარმდეგ წარმატებული სამხედრო ოპერაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდეს ხელისუფლებას.

შვიდ ივნისს გადაცემული ჯილდო ყველაზე დიდია იმ ჯილდოთა შორის, რომლებიც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს ოდესმე გაუცია 2002 წელს ამ პროგრამის ფილიპინებში დაწყების შემდეგ. იუსტიციის მდივნის თანასემწემ რიჩარდ გრიფინმა აღნიშნა, რომ 1984 წელს პროგრამის დაწყების შემდეგ სადღეისოდ დაახლოებით ორმოცდაათამდე ადამიანს სამოცდატორმეტი მილიონი დოლარი გადაეცა.

2006 წელს ორი ფილიპინელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დახმარებით, რაჯაჰ სოლაიმანის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, აჰმად ისლამ სანტოსი დააპატიმრეს. შეერთებული შტატების ელჩი ფილიპინებში კრისტი კინი ამბობს, რომ ინფორმატორები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებმაც გულადობა და ვაჟკაცობა გამოიჩინეს და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ტერორისტებთან ტოლერანტული დამოკიდებულება მათთვის მიუღებელია.

შეერთებული შტატები, ტერორისტული ჯგუფის “ჯამაა ალ ისლამიას” თავკაცის დულმატინის დაკავებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისათვის ათ მილიონ დოლარს იხდის. ფიქრობენ, რომ 2001 წელს ბალის კუნძულზე განხორციელებული ტერაქტი სწორედ დულმატინის დაგეგმილი იყო. ამ ტერაქტს ორასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ჯამაა ისლამიას” მეორე ლიდერის უმარ პატეკის დაკავებაში დახმარების გაწევისათვის კი ჯილდოდ მილიონ ნახევარი დოლარია დაწესებული. ორივე ძებნილი თავს ფილიპინების სამხრეთს აფარებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის ცენტრის კოორდინატორი ფრენკ ურბანჩიჩი ამბობს ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს:

“მთელს მსოფლიოში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლისა და მოქმედების კოორდინირების განსაზღვრის დახმარებით, ჩვენ ტერორისტების მოქმედება ბევრად შევზღუდეთ. ახლა მათ ლიდერებს მალვაში ყოფნა უწევთ”.

შეერთებული შტატების ელჩი ფილიპინებში კრისტი კინი ამბობს, რომ ისინი ვინც ტერორისტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ეცდება ამერიკისგან დიდ მადლობას იმსახურებენ.

XS
SM
MD
LG