პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობს, მას შემდეგ რაც ჰამასის მთავრობამ ღაზის სექტორი ჩაიგდო ხელში და იქიდან გააძევა აბასის მომხრეები.
მაჰმუდ აბასმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი ფინანსთა მინისტრის სალამ ფაყადის კანდიდატურა წამოაყენა ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიუს ნაცვლად, თუმცა ჰანიუმ პრეზიდენტის ამ განკარგულებას იგნორირება გაუკეთა კვლავაც ასრულებს თავის მოვალეობას.
დღეს ისრაელის ჯარისკაცები ჰაერში სროლით ცდილობდნენ ღაზიდან გამოქცეული პალესტინელი ლტოლვილების შეკავებას, რომლებიც ისრაელის საზღვარზე გადასვლას ცდილობდნენ.
ჰამასის მოქმედების საპასუხოდ ფათას მეომრები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე არსებულ ჰამასის დაწესებულებებში შეიჭრნენ. ისინი რამალაში მდებარე პარლამენტის შენობის აღებასაც ცდილობდნენ. ამასობაში ღაზაში ჰამასელებმა ფათას დამფუძნებლის იასერ არაფატის სახლი დააყაჩაღეს.
დღესვე ამერიკის ელჩმა პალესტინის პრეზიდენტს ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაწესებული ემბარგოს მოხსნა აღუთქვა, თუ ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან ჰამასის წარმომადგენლები.