ერაყში დისლოცირებული მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის მხედართმთავარი გენერალი დევიდ პეტრეუსი ამბობს, რომ ირანისა და სირიის დისტრუქციული ქმედება ახალი ერაყს უზარმაზარ პრობლემებს უქმნის.
პენტაგონში ბრიფინგისას გენერელმა აღნიშნა, რომ აღმოჩენილია ერაყში მოქმედი ტერორისტული ქსელის “ქაზალის” წევრების ირანში წვრთნისა და ორგანიზაციის თეირანიდან დაფინანსების სამხილები:
“მათ ირანის ტერიტორიაზე წვრთნიან და სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევენ. მათ უახლესი ასაფეთქებელი ამუნიციითა და სხვა ტექნოლოგიებით ამარაგებენ. ზოგ შემთხვევაში ტერორისტებს რჩევითაც ეხმარებიან, ხოლო ზოგჯერ პირდაპირ უსახავენ გეგმებს”. განაცხადა ბატონმა პეტრეუსმა.
გენერლის თქმით, ქაზალის წევრების დაკავებისას ამოღებულ კომპიუტერში მიაკვლიეს დოკუმენტს, სადაც კარბალაში ხუთი ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობით დაგვირგვინებული ტერაქტია დაგეგმილი:
“ჩვენ ხელთ მრავალი დოკუმენტი ჩაგვივარდა, სადაც კოლაიციის ძალებზე თავდასხმებია დაგეგმილი და დეტალურად აღწერილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტები ტერორისტებს მათი დამფინანსებლებისათვის ანგარიშის მისაცემად ესაჭიროებოდათ. აშკარაა, რომ დაფინანსება ირანის რესპუბლიკური გვარდიიდან მომდინარეობს”. დაამატა გენერალმა.
გენერალმა პეტრეუსმა სთქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა, ირანიდან ერაყში ასაფეთქებლის შემომტანი “შეიბანის” ქსელის თავკაცის დაკავების დამსახურებით, ირანის მიერ ერაყის საქმეებში ჩარევის შესახებ საკმაო ინფორმაცია მოიპოვა:
“როგორც მოგეხსენებათ სწორედ ამ ამუნიციის გამოყენება ჩვენი დაჯავშნული ავტომობილების წინაარმდეგ იწვევს განსაკუთებით მომაკვდინებელ შედეგებს”. აღნიშნა მხედართმთავარმა.
გენერალი დევიდ პეტრეუსი ამბობს, რომ სადღეისოდ ალ-ყაიდა, შეიარაღებული ფორმირებები და სუნიტი მოთარეშეები იმის განადგურებას ლამობენ, რის აშენებასაც ერაყის მთავრობა ცდილობს.