ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები კითხვებს ბადებს


“მე არაფერი დამიშავებია. მე კანადისთვის არასდროს მიღალატია. როდესაც კანადის მოქალაქეობა მივიღე, დავიფიცე, რომ კარგი კანადელი ვიქნებოდი, მე არაფერი არ დამიშავებია”. აცხადებს ეგვიპტური წარმოშობის კანადის მოქალაქე მოჰამად ელ ატარი, რომელსაც ეგვიპტის სასამართლოში, კანადასა და თურქეთში ცხოვრების დროს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი.

სულ ცოტა ხნის წინ მას თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბრალმდებელი ამტკიცებდა, რომ ელ ატარი, რომელიც ტორონტოს ერთ-ერთ ბანკში მსახურობდა, საკუთარ პოსტსა და ჰომოსექსუალისტურ წრეებთან კონტაქტს კანადაში მცხოვრებ მუსლიმთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში იყენებდა.

ელ ატარი კი ამბობდა, რომ ჩვენება მას წამების ქვეშ მიაცემინეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარკ რეგევმა, ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საქმეში რაიმე მონაწილეობას ისრაელი კატეგორიულად უარყოფს.

ელ ატარის საქმე სავსეა პასუხგაუცემელი კითხვებითა და ერთმანეთის გამომრიცხავი ფაქტებით. ატარის მტკიცებას, რომ იგი აწამეს არავინ იძიებს.

აპრილის თვის დასაწყისში ადამიანის უფლებების დამცველმა ჯგუფმა “საერთაშორისო ამნისტიამ” გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ყურადღება ეგვიპტის ციხეებსა და პოლიციაში წამების მეთოდების გამოყენებაზეა გამახვილებული.

“საერთაშორისო ამნისტიის” ერთ-ერთი მკვლევარის საიდ ჰადიდის თქმით, ეგვიპტის ეგრეთწოდებული საგანგებო მდგომარეობის კანონმდებლობა პარალელურად მოქმედ ისეთ სისხლის სამართლის სისტემას ქმნის, რომელიც დაკავებულის უფლებებს არაფრად აგდებს და მას მიუკერძოებელ სასამართლო პროცესზეც უარს ეუბნება:

“დაკავებულებს თავისუფლად არ მიუწვდებათ ხელი ადვოკატებზე. ასევე ადვოკატებსაც ძალზე ურთულდებად საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების მოპოვება. ძალზე ხშირად სასამართლოს წინაშე წარმდგარი ასეთი ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ ჩვენება მათ უშიშროების სამსახურმა

წამების ქვეშ გამოჰგლიჯა”. ამბობს ბატონი სადიდი.

ზემოთქმულის გარდა ბევრს აინტერესებს თუ რა იწვევს ასეთ პროცესებს. ალ ატარის ვერდიქტამდე ერთი კვირით ადრე, ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინჟინერი მოჰამედ საბერი, ეგვიპტის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციას ისრაელს აწოდებდა. ისევე, როგორც ატარის პოცესის მსვლელობისას აქაც საქმეში გამავალ უცხოელებს ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

ხუთი წლის წინ, მსგავს საქმეში ეგვიპტელ ინჟინერს შერიფ ალ-ფილალის ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა დასდეს ბრალად და ასევე თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ეგვიპტურ გაზეთ “მასრ ილ იოუმში” დაბეჭდილ სარედაქციო წერილში აღნიშნული იყო, რომ ეგვიპტე “ჯაშუშთა ფაბრიკად” იქცა და მთავრობა ასეთ ჯაშუშებს ადგილობრივი პრობლემებიდან ხალხის ყურადრების გადატანისატვის ქმნის”

“ბევრი ჯაშუში დაუჭერიათ, მაგრამ მთავრობას არც მედისთვის უთხოვია ამ საქმეების გაშუქება და არც თავად გაუკეთებია ეს. ასეთ საკითხებს ეგვიპტისა და ისრაელის უშიშროების უწყებები თავად, ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქის მეშვეობით აგვარებენ. მე ვთვლი, რომ რეოდესაც ჯაშუშებზე ან ჯაშუშთა ქსელზე ასე ბევრს ლაპარაკობენ აქ ნამდვილად გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვთ დასახული”. ამბობს ალ აჰრამის ცენტრის ექსპერტი ემად გადი.

ეგვიპტეში, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესებმა ეგვიპტესა და ისრაელს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა. ეგვიპტე პირველი არაბული სახელმწიფოა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გადის თქმით, ახლა, როდესაც რეგიონში ძალთა ახალი გადანაწილება ხედება და ისრაელთან თანამშრომლობის სურვილს საუდის არაბეთიც გამოხატავს, ეგვიპტე საკუთარი პოზიციის გამყარებას ცდილობს:

“ჩემის აზრით, ეს პროცესები უბრალოდ ისრაელს აგრძნობინებს, რომ ეგვიპტის ხელთ არსებული ძალის დამცრობა არასწორია და, რომ ეგვიპტე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ ძვრებს აკონტროლებს. ეგვიპტეს ძალუძს, რომ ახლა ისრაელთან არსებული “თბილი” ხასიათის მშვიდობიანი დამოკიდებულება, “ცივ” მშვიდობიან დამოკიდებულებად, ან სულაც “ცივ” ომად აქციოს. ბევრი არაბული სახელმწიფოსთვის ისრაელთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია”. აგრძელებს ბატონი გადი.

1996 წელს ეგვიპტის სასამართლომ ისრაელის მოქალაქე არაბი აზამ აზამი გაასამართლა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის და თხუთმეტი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ აზამმა კაიროს ტექსტილის ფაფრიკიდან, ქალის საცვალში გამოხვეული, უჩინარი

მელნით დაწერილი საიდუმლო წერილი გაგზავნა. მოგვიანებით აზამი ისრაელმა სხვა პატიმარში გაცვალა.

აზამი საკუთარ უდანაშაულობას ახლაც ამტკიცებს. მისი თქმით, ეგვიპტეში მის წინააღმდეგ დაკითხვის ცნობილ ტაქტიკას იყენებდნენ. იგი ამბობს, რომ ეგვიპტის უშიშროების სამსახურები იღებენ ჯაშუშობასთან დაკავშირებულ ძველ საქმეს და უბრალოდ ეჭვმიტანილის სახელსა და გვარს ცვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე და ისრაელი რამდენიმე ათწლეულია რაც მშვიდობიან დამოკიდებულებაში არიან, ეგვიპტე ისრაელს მაინც დიდი ეჭვის თვალით უყურებს. ეგვიპტეში ადამიანს თითქმის ვერც ერთი სხვა დანაშაული ვერ უტეხს სახელს ისე ძლიერ, როგორც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა.

ინჟინერ მოჰამედ საბრის სასამართლო პროცესი სულ მალე უნდა დაიწყოს. თუმცა კაიროში ახლა უკვე ბევრს აეჭვებს ამ ბრალდების რეალობა და მოტივი.

XS
SM
MD
LG