ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულტურული მემკვიდრეობა


კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა კონტექსტში უკანასკნელ დროს განსაკუთრებულად აქტუალური ხდება. მიმდინარეობს დისკუსიები კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე, როგორ უნდა მოიქცეს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მცხოვრები მოსახლე, უნდა დაუწესონ თუ არა მას განსაკუთრებული გადასახადი, როგორც პრივილეგირებულ ზონაში მაცხოვრებელ პირს და ა.შ. სამწუხარო ის გახლავთ, რომ, როგორც უმეტეს შემთხვევაში, აქაც დისკუსია ძალიან ზედაპირულად მიმდინარეობსდა სრული ცოდნა კულტურული მემკვირდრეობის შესახებ მოსახლეობას არ გააჩნია. ამას მრავალი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ხელისუფლების თუ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების დუმილია, რომელნიც თავს ვალდებულად არ თვლიან საზოგადოებას სრული, ამომწურავი ინფრომაცია მიაწოდონ ყოველი სიახლის შესახებ. რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროში ერთიანი საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და მართვას უზრუნველყოფს. ამ ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი რობერტ უოტკინსი და გაეროს კეთილი ნების ელჩი საქართველოში, პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდნენ. კულტურის სამინსტროს ერთიანი მონაცემების ბაზა, გაეროს განვითარების პროგრამის 100 ათასი ღირებულების პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საინფორმაციო სისტემა ათასობით მოძრავი და უძრავი კულტურული ძეგლის და დაცული ზონის შესახებ ინფორმაციას მოუყრის თავს. კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი აღნიშნავს:

გოკა გაბაშვილი – მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, ეს იყო ინფორმაციის ნაკლებობა, არა სისტემატიზირებული ინფორმაცია. დღეს შეიქმნა სწორედ ეს მოდელი, რომელშიც ინფორმაცია ლაგდება აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით და ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება თავისი ოთახიდან გაუსვლელად ჩაუღრმავდეს ნებისმიერ მოძრავ თუ უძრავ ძეგლს საქართველოს ტერიტორიაზე.

- ასე რომ საინფორმაციო ვაკუუმის ამოსავსებათ, საქართველოში, კერძოდ კი სამინისტროს მხრიდან ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც იმედს გვაძლევს, მომავალში კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე არსებულ დისკუსიებს უფრო კვალიფიციურს და სიღრმისეულს გახდის.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ნაწილობრივ, ასევე კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში არა ისტორიულ ნაგებობებს, არამედ ფერწერულ ტილოს. სოდბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანიშვილის ნახატი “არსენალის მთა” გაიყიდა. ფიროსმანის ტილოში მყიდველმა მილიონ 600 ათასი გადაიხადა. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გია მარსაგიშვილი ამ ნამუშევრის ისტორიაზე მოგვითხორბს, რომელიც ამჟამად ახალი მეპატრონის მფლობელობაშია.

გია მარსაგიშვილი – ფიროსმანის ტილოს თავისი ისტორიაა აქვს, ის 1919 წელს იყო პირველად ექსპონირებული თბილისში, თავისთავად ნამუშევარი 1908 წელს არის შესრულებული. 1927 წელს, მოსკოვში დიდი გამოფენა მოეწყო და იქ ფიროსმანის 4 ტილოც იყო წარდგენილი. ეს ნამუშევრები მოსკოვშივე დარჩა, მათგან 3 ტრეტიაკოვის მუზეუმში დარჩა და ერთი ლილია ბრიკისა და ელზა ტრიულის საკუთრებაში, რომელიც შემდეგ ლუი არაგონის კოლექციაში იყო. ერთი პერიოდი ლუი არაგონის გარდაცვალების შემდეგ ამ ტილოს გზაკვალი დაკარგულიც იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა ლუი არაგონის მოწაფის საკუთრებაში.

- ასე, რომ რამდენიმე ხანში ალბათ ცნობილი გახდება, სად შეინახება ნიკო ფიროსმანის ერთერთი ყველაზე ცნობილი ტილო “არსენალის მთა”.

XS
SM
MD
LG