მისი უნეტარესობის, მიტროპოლიტ ჰერმანეს საშობაო ეპისტოლე. მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონოზვნებს, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ქრისტიანებს! “იხარებდით მართალნი! ცანი მხიარულ იყვენით! იმღერდით მთანი ქრისტეს გამოჩინებასა! ქალწული ჰზის მობაძავი ქერუბიმთა, უტვირთავს წიაღთა სიტყვა ღმრთისა ხორციელად! მწყემსთა შობითი დაუკვიდრების! მოგვნი ძღვენსა შესწირვენ! ანგელოსნი ღაღადებენ და იტყვიან: გამოუთქმელო უფალო, დიდება შენდა!”
ქრისტესმიერ საყვარელნო! ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საგალობლების მთავარი თემა - სიხარულია! სიხარული, რომლითაც აღვსილია მთელი ქმნილება თვით შემოქმედის განკაცების გამო. ამ საგალობლებში ხოტბას ასხამენ სიტყვას რომელმაც ხორცი შეისხა და ჩვენს შორის იყო. მათში მოგვიწოდებენ ამსოფლისმიერ საზრუნავთაგან მზერა იმ ახალ ცხოვრებაზე გადავიტანოთ რომელსაც მაცხოვარი გვთავაზობს, ცხოვრებაზე რომლის არსი უკვე განცხადდა და რომელსაც მის სხეულში, ეკლესიაში ვეზიარებით. ჩვენს დროში დიდად არ ფასობს მისტიური, ის რაც რაციონალურ შემეცნებას არ ექვემდებარება. კაცობრიობა ჩაფლულია გლობალურ კონფლიქტებში, პოლიტიკური და ფინანსური გაურკვევლობით არის მოცული, ოჯახის როლით დაწყებული პენსიაში გასვლით დამთავრებული უამრავ საკითხზე სჯა-ბაასშია ჩაბმული. იმის დროც კი არ გვრჩება რომ ჩავუფიქრდეთ ისეთ საკითხებს რომლებიც არაამქვეყნიურს ეხება.
ამ დროს კი ბედნიერი ცხოვრების ოცნება კვლავაც აუხდენელი რჩება. ვცხოვრობთ ტერორიზმის მუდმივი საფრთხის შიშში. თუკი იმასაც ვერ ვახერხებთ რომ ღმრთის მიერ შექმნილ ხილულ სამყაროში შევიგრძნოთ სიხარული, როგორღა მოვახერხებთ სიხარულის განცდას იმაში რაც სცდება ჩვენს შემეცნებას, საიდუმლოში რომელიც ცათა სასუფევლისაკენ მიგვითითებს და სადაც ყველაფერი კეთილი ჰპოვებს განსრულებას. მართლაც დიდი საიდუმლოებითაა მოცული ჩვენი მაცხოვრის განკაცება: ქალწულმა შვა ყრმა, მაგრამ იგი ისევ ქალწულად დარჩა, ღმერთი განკაცდა, ადამიანისბუნება მიიღო, მაგრამ კვლავაც იმად დარჩა ვინც იგი მარადიულად იყო. მეუფე ხილულისა და უხილავისა გამოქვაბულში და არა უმდიდრეს სასახლეში გვევლინება. ბაგა არის მისი ტახტი, უბრალო მწყემსნი მისი დიდებულები, ხოლო ძლიერნი ამა ქვეყნისა კი მისი მტრები.
მესია მის სამყაროს მოევლინა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში მის მოლოდინში მყოფთ მასში ვერ იცნეს მაცხოვნებელი სიტყვა, რომლზეც სახარება ღაღადებს. ყოველგვარი ზედაპირულის, ამქვეყნიური უმეცრების მიღმა ძევს სასიხარულო სინამდვილე რომელსაც სიბრძნე ამაქვეყნისა ვერ სწვდება. სიყვარული რომელსაც ღმერთი გვთავაზობს მისი მხოლოდშობილი ძის განკაცების სახით აღემატება ყოველგვარ სიბრძნესა და შემეცნებას. ნამდვილი სიყვარული! რომელიც რაიმე სასყიდელის გარეშე გაიცემის ყველასათვის ვისაც შესწევს იმის უნარი რომ მისით გაიხაროს და სხვაც გაახაროს. მხოლოდ რწმენის ძალით ვწვდებით იმას რაც ყოველგვარ შემეცნებას სცდება, და ვხარობთ ჩვენდამი ღმრთის სიყვარულის სინამდვილით! მთელი სულითა და გულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. დაე, ღმრთის განკაცების საიდუმლოს მადლი გვმატებდეს ძალასა და სიხარულს, არამარტო მომავალ წელს არამედ მთელი ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
+ ჰერმანე
ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოსი, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი.