ოთხმოცდაცამეტი წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი. ყოფილი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი წუხელ კალიფორნიაში მის რანჩოზე, დაბა მირაჟში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადების თანახმად ბოლო დროს მას ფილტვების ანთებისაგან გართულება აწუხებდა, ხოლო მანამდე მას ორჯერ ჩაუტარეს გულის შუნტირება.
აშშ-ის ისტორიაში იგი ერთადერთი ვიცე პრეზიდენტი და პეზიდენტია, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე არ აურჩევიათ. იგი ვიცე პრეზიდენტის პოსტზე 1973 წელს დანიშნეს როდესაც იმ დროს ვიცე პრეზიდენტი სპირო ეგნიუ კორუპციის ბრალდების გამო გადადგა.
მომდევნო წელს ჯერალდ ფორდი აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ რაც ვოტერგეიტის სკანდალთან დაკავშირებით პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გადადგა. ამ მოვლენიდან ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტმა ფორდმა ბატონ ნიქსონს ოფიციალურად აპატია ყველა დანაშაული რომელიც მისი მიმართ იქნა ინკრიმინირებული ნიქსონის პრეზიდენტობის დროს.
ვოტერგეიტთან და ნიქსონის გადადგომასთან დაკავშირებით აგორებულმა სკანდალებმა ამერიკულ საზოგადოებაზე ძალზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა, ასე რომ პირველი რაც პრეზიდენტმა ფორდმა გააკეთა, როგორც კი პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა, ამერიკელ ხალხს ასე მიმართა:
“ჩემო თანამემამულენო ბოლო დროის ეს კოშმარი წარსულს ჩაბარდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ქმედითია და ჩვენს დიად რესპუბლიკას არა ცალკეული ადამიანები არამედ მთელი ერი მართავს.”
ჯერალდ ფორდის ნამდვილი გვარი და სახელია ლესლი ლინჩ კინგი. იგი 1913 წლის 14 ივლისს ნებრასკაში დაიბადა. სანამ პოლიტიკაში დაიწყებდა მოღვაწეობას ოცდაათიან წლებში იგი მიჩიგანის უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებში იბრძოდა. მას იელის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 25 წლის განმავლობაში ჯერალდ ფორდი კონგრესში მიჩიგანის შტატს წარმოადგენდა. იგი კონგრესის ვორენის სპეც კომისიის წევრი იყო, რომელიც პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობას იკვლევდა.