ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2006 წელს საქართველოს  საელჩოები კიდევ 6 ქვეყანაში  გახსნა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც იმ მიღწევებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანამ საგარეო პოლიტიკაში მიაღწია. ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელთა დაძლევა საქართველოს მომავალ 2007 წელს აქვს დასახული. რაც მიღწევებს ეხება : ყველაზე სერიოზულ მიღწევად გელა ბეჟუაშვილი 2006-2009 წლისთვის საგარეო სტრატეგიის შემუშავებას მიიჩნევს, რაც მისივე განცხადებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის კომიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით გახდა შესაძლებებლი.

2006 წელს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების 2 ახალი საელჩო გაიხსნა : ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების საელჩოები. 2007 წელს საგარეო უწყებას დაგეგმილი აქვს თბილისში 6 ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა..

2006 წელს საქართველოს საელჩოები გაიხსნა ჩეხეთში, სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში, დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში, შვედეთის სამეფოსა და ფინეთში, ესპანეთის სამეფოში და იაპონიაში.. საქართველომ გახსნა საელჩო ქუვეითში, რომელიც მინისტრის თქმით ძალიან მნიშვნელოვან რეგიონს დაფარავს, ასევე საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთანოსა და არაბთა გაერთიანებულ საემირატოებში.

გელა ბეჟუაშვილის განცხადებით 2006 წელს მოხდა საქართველოს ზორიერთი საელჩოს რეორგანიზაცია, რის შედეგად საქართველოს საელჩო თურქეთში დაფარავს ალბანეთს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, საქართველოს საელჩო იტალიაში მალტასა და სან მარინოს, საქართველოს საელჩო საბერძნეთში ხორვატიის რესპუბლიკას, ხოლო საქართველოს საელჩო საფრანგეთში პორტუგალიის რესპუბლიკას...

აქ უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკოსები თითქმის არ ჰყავს - მოსახლეობა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას დადებითად აფასებს, რასაც გამოკითხვებიც ადასტურებენ. თბილისში ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა ხოლმე პრეზიდენტის ვიზიტებს საზღვარგარეთ : ჩვენთვის დღეს ხელმისაწვდომი გახდა საგარეო უწყებაში ამ ვიზიტების რაოდენობა: მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთი ქვეყნებში 2006 წელს 25 ვიზიტი განახორციელა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ - 19, პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის 15 ვიზიტი შედგა.

2006 წელს თბილისს სხვადასხვა ქვეყნის 6 პირველი პირი ეწვია ვიზიტით, პარლამენტის თავმჯდომარეების 5 ვიზიტი შედგა, პრემიერ-მინისტრების - 3 ვიზიტი. გელა ბეჟუაშვილის გამოსვლიდან მსმენელის ყურადღებას გავამახვილებდი ნატო-სთან და რუსეთთან მიმართებაში, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რასაც ქვეყანამ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მიაღწია...

გელა ბეჟუაშვილის თქმით, სამინისტროს უმთავრესი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მოპოვება, მისივე განცხადებით თბილისს გარდა სხვა პრობლემებისა უწევს ბრძოლა დეზინფორმაციასთან.

XS
SM
MD
LG