ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარდებიოს რევოლუციის შემდეგ პატიმართა რიცხვი საქართველოში  8-დან 15 ათასამდე გაიზარდა


საქართველო ვარდების რევოლუციის 3-წლისთავის აღსანიშნავად ემზადება. მესამე წელია ხელისუფლება 23 ნოემბერს გრანდიოზული ღონისძიებებით აღნიშნავს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხშირად ახსენებენ, რომ გზების და შადრევნების გარდა არაფერი შეცვლილაო, მაგრამ თბილისელებს ყოველდღე არ წყინდებათ იმის გახსენება, რა გზებზე დადიოდნენ 2-3 წლის წინ, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ გასაკეთებელი ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია..

ვარდების რევოლუციის იუბილესთან დაკავშირებით არ შეიძლება არ დავინტერესდეთ, რა შეიცვალა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში?! ცნობისათვის, რევოლუციამდე ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელს 7 ათასი პატიმარი იხდიდა, ახლა მათი რიცხვი 15 ათასამდე გაიზარდა!

რა მდგომარეობაა საქართველოს ციხეებში, რა სახის დანაშაულისთვის იხდიან დღეს პატიმრები სასჯელს და სხვა საკითხებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე გვესაუბრება :

პენიტენციალურ სისტემაში არანაირი დადებითი ცვლილებები არ მომხდარა, გარდა ქუთაისის მე-2 საპყრობილისა, სადაც ჩვენ არა მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული შენობა გვაქვს, თუმცა ძალიან ცუდი, რომელიც მუდმივად რემონტს საჭიროებს, მაგრამ შიდაგანაწესი მართლა უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობთ.

რუსთავის მე-6 და ქუთაისის მე-2 ციხის პატიმრებს ოჯახები აღარ ინახავენ, რადგან ამ ციხეებში თითო პატიმრის კვებაზე 50 ლარია გამოყოფილი. სხვა ციხეებში 23 ლარია თვეში. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას ბიუჯეტი 8 ათას პატიმარზე იყო გათვლილი, მაგრამ ეს თანხა 8 ათასიდან უკვე თითქმის 15 ათას პატიმარზე განაწილდა...

წელს თუ სადმე მოიმატა თანხებმა ბიუჯეტში, მოიმატა სწორედ პენიტენციალურ სისტემაში, თითო პატიმრის კვებაზე უკვე ყველა ციხეში 50 ლარი იქნება გამოყოფილი. საკმაოდ სოლიდურად იზრდება თანამშრომლების ხელფასიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაიზარდა თანხა მედიკამენტებზე, თუმცა ვთვლი, ეს თანხა საკმარისი არ არის.

XS
SM
MD
LG