მაოისტმა კომუნისტმა პარტიზანებმა, ათწლიანი სისხლისღვრის შეჩერების მცდელობით, ნეპალის მთავრობასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს. “ჩვენ ნეპალის მომავლის განმსაზღვრელ, ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ”. განაცხადა ქვეყნის შვიდი პარტიის კოალიციისაგან შემდგარი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გირიჯა პრასად კოირალამ. “თუმცა” დაამატა მან “ჯერ კიდევ საკმაოდ რთული პრობლემების მოგვარება გველის”. ხელშეკრულება, რომელიც ოცდაერთ ნოემბერს შედის ძალაში, კომუნისტთა ოცდათხუთმეტი ათასი მებრძოლის დროებით ბანაკებში განთავსებას და მათი იარაღის დაშორებულ ადგილას, გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ შენახვას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, პირველ დეკემბერს დროებითი პარლამენტი უნდა ჩამოყალიბდეს, რომლის წევრები მაოისტებიც გახდებიან. მაოისტი კომუნისტების მიერ 1996 წელს დაწყებულ ბრძოლას, დღემდე ცამეტი ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნეპალის ფინანსთა მინისტრმა რამშარან მაჰატმა განაცხადა, რომ მაოისტებმა მხოლოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურას, ორას ორმოცი მილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს, რაც ნეპალის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით თხუტმეტ პროცენტს შეადგენს. “ჩვენ ძალზე გვჭირდება მშვიდობის დამყარება” ამბობს სოფელ ტაულიჰავას ოცდაორი წლის მკვიდრი ნირაჯი. მისმა სოფელმა მაოისტთა მრავალი თავდასხმა გადაიტანა. “ხუთი წლის წინ, საღამოს რვა საათის შემდეგ, შიშით გარეთ ფეხს ვერ ვადგამდით. ჩვენ ნამდვილად შინაპატიმრობა გვქონდა მისჯილი”. ამბობს ნირაჯის თანასოფლელი სატიშ შარმა. ნეპალში შეერთებული შტატების საელჩოს ამასწინანდელი წერილობითი განცხადება მიესალმება ხელშეკრულების დადებას: “ვულოცავთ ნეპალის ხალხს, ისინი სამშვიდობო პროცესს მხარს უჭერდნენ და ნამდვილად იმსახურებენ გრძელვადიან მშვიდობასა და გამჭვირვალე, დემოკრატიულ მთავრობას”. ნათქვამია ამ დოკუმენტში. აქვე აღნიშნულია, რომ “საბოლოო წარმატების მიღწევა, ხელსეკრულების დეტალებსა და მათ სიცოცხლეში გატარებაზეა დამოკიდებული”. “ხელშეკრულებამ ნეპალში უკანასკნელი თერთმეტი წლის განმავლობაში არსებული, ძალადობისა და გამოძალვის შიში უნდა შეამციროს”. აღნიშნულია ნეპალში შეერთებული შტატების საელჩოს წერილობით განცხადებაში. ამერიკა აცხადებს, რომ მზადაა ნეპალს მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული მომავლის აღშენებაში დაეხმაროს.