ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი სანქციების შემთხვევაში იმუქრება


ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს რეზოლუციის პროექტზე მუშაობენ, რომლის თანახმად ირანის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. რეზოლუციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის სასულიერო რეჟიმმა უგულვებელყო უშიშროების საბჭოს 31 აგვისტოსთვის დადგენილი ვადა ურანის გამდიდრებისა და წარმოების სამუშაოების შესაწყვეტად. გამდიდრებული ურანი, როგორც ცნობილია ან ელექტროენერგიის, სხვა შემთხვევაში კი ატომური ბომბის წარმოსაქმნელად გამოიყენება. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკანონოა, და რომ ირანი უკან არ დაიხევს ბირთვული პროგრამის საკითხში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჰმუდ ალი ჰოსეინიმ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების დაწესებას გამოძახილი მოჰყვება, როგორც რეგიონში ისე საერთაშორისო მასშტაბით. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა კი თქვა, რომ ირანის მთავრობას უკვე აქვს უარყოფითი ზეგავლენა. “ირანი ჰეზბოლას აფინანსებს, ამ უკანასკნელმა კი რეგიონში ომი გააჩაღა. თეირანი ასევე ერაყში სიტუაციის გამჯობესებას არ უწყობს ხელს. ერაყის მთავრობა ირანელებს ესაუბრა, ამასთან დაკავშირებით. ირანი ალბათ ყველაზე დიდი სპონსორია ტერორიზმისა მსოფლიოში. ახლა თეირანის რეჟიმი ბირთვულ ტექნოლოგიებზე მუშაობს, რაც მათი წარმატების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში ყველაზე უარყოფითი მოვლენა იქნება. “ მაკორმაკის განცხადებით, თეირანის მხრიდან კიდევ უფრო მეტად ნეგატიური საქმიანობის საშიშროებამ მსოფლიოს ქვეყნები არ უნდა დააშინოს მათ წინააღმდეგ დასარაზმად. მაკორმაკი: “ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება თუ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი არასტაბილური ახლო აღმოსავლეთის ფონზე აღმოცენდება. ამაზე უკვე ფიქრობენ ირანის მეზობლები, და ისინი შეშფოთებას ვერ ფარავენ. შეშფოთებულია საერთაშორისო საზოგადოებაც. სწორედ ამიტომ შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომელმაც ირანს ურანის გამდიდრებისა და დამუშავების შეწყვეტა მოუწოდა.” აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შონ მაკორმაკი აცხადებს, რომ ირანის მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებებისა და საკუთარი ხალხის მოპყრობის სფეროში შეშფოთების კიდევ სხვა საგანია. თუმცა, მაკორმაკისვე განცხადებით, “ჩვენ არ ვაპირებთ რეაგირება მოვახდინოთ, მხოლოდ ისე, რომ სხვა სფეროებში დაველოდოთ თეირანის ქმედებებს.”
XS
SM
MD
LG