ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი მიესალმება საქართველოს მიერ რუსი ოფიცრების გათავისუფლებას


ამერიკელ ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად ისინი იმედოვნებენ, რომ რუსი ოფიცრების გათავისუფლების ფაქტი განმუხტავს დაძაბულობას კავკასიაში. ამ ოფიცრების დაკავებასთან შექმნილი კრიზისის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი პირადად დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ამ თემაზე ორშაბათს გაიმართა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ბუშსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინდს შორის.

სახ-დეპმა მის განცხადებაში დადებითად შეაფასა რუსი ოფიცრების გათავისუფლება და მაღალი შეფასება მისცა ეუთოსა და ამ ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტის ძალისხმევას ამ საქმეში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ საკითხებში დენიელ ფრიდმა იმედი გამოხატა, რომ ახლა როდესაც რუსეთში ოფიცრები დაბრუნდნენ რუსეთი გააუქმებს შეზღუდვებს კომუნიკაციებზე, რომლებიც მან საქართველოს დაუწესა და მკვდარი წერტილიდან დაიძვრება აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები. მისი განცხადებით:

-”იმედი გვაქვს, რომ ამ რუსი ოფიცრების რუსეთში დაბრუნება ახალ პერსპექტივებს დასახავს ძალისხმევაში გადაწყდეს განსაზღვრული პრობლემები. ახლა, რა საკვირველია ემოციურად დამუხტული ატმოსფეროა, მაგრამ გამოსავალი მოინახება და უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მხარს უჭერს გაყინული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. ჩვენ საქართველოს მოვუწოდებთ რუსეთთან ითანამშრომლოს, რადგანაც ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. ჩვენ კი, კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას რათა ხელი შეუწყოთ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.”

ბატონი ფრიდი მიესალმა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად დაძაბულობისა რუსეთი მაინც აგრძელებს მისი ბაზების გაყვანას საქართველოდან. რაც შეეხება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მისი თქმით იქ სიტუაცია არასტაბილურია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია. მან დასძინა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მზად არის ითანამშრომლოს მოსკოვთან, თბილისთან და ყველა მხარესთან ვისაც ეს კონფლიქტი ეხება რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით აშშ-მა მხარეებს შესთავაზა კონკრეტული ინიციატივები ეუთოს დამკვირვებელთა ჯგუფის გაფართოვებისა და კონფლიქტის ზონებში კონტრაბანდის შეტანის აღკვეთის ინიციატივების ჩათვლით.


XS
SM
MD
LG