ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების მიერ შედგენილი დოკუმენტის ირგვლივ მწვავე დებატებს აქვს ადგილი ვაშინგტონში


ნიუ-იორკ ტაიმსმა და ვაშინგტონ პოსტმა გამოაქვეყნეს ამონადრიდები საიდუმლო დოკუმენტიდან, რომელიც აშშ-ის 16-ი სადაზვერვო სამსახურის ერთობლივი ანალიტიკური ძალისხმევის შედეგია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ერაყში წამოწყებულმა ომმა კიდევ უფრო გაამძაფრა საერთაშორისო ტერორიზმი. თეთრი სახლი აცხადებს, რომ იგი არასოდეს არ აკეთებს კომენტარს საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების ირგვლივ, თუმც აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გაზეთების მიერ გამოქვეყნებული ამონარიდები სულაც არ წარმოადგენს ამ დოკუმენტს მთლიანობაში.

სიენენის მიერ გადაცემულ ინტერვიუში წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეინ ჰარმონმა აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება დოკუმენტში გამოთქმულ მოსაზრებას მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის შესახებ.

-” არ ვაპირებ ამ დოკუმენტის ირგვლივ ვრცელი კომენტარის გაკეთებას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სადაზვერვო სამსახურების ყველა თანამშრომელი ვისთანაც კი მქონია საუბარი ამ თემაზე ეთანხმება იმ აზრს, რომ ერაყის ომის შემდეგ ტერორიზმის საშიშროება კიდევ უფრო გაიზარდა.”

სიენენმა რესპუბლიკელ სენატორ არლენ სპექტერთანაც ჩაატარა ინტერვიუ. სენატორმა აღნიშნა:

-”ჩემის აზრით ერაყის ომმა ბიძგი მისცა ისლამისტ ფუნდამენტალისტებსა და რადიკალებს. მიმაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.”

ეიბისისთან ინერვიუში რესპუბლიკელმა სენატორმა ბილ ფრისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში უკან დახევა დაუშვებელია. როგორც მან თქვა იგი ჯერ არ გაცნობია ამ დოკუმენტს, მაგრამ ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ კვლავაც უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში.

-”პირადად მე და ამერიკელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ”.

მისივე თქმით კონგრესი მიმდინარე კვირას დაამტკიცებს კანონპროექტს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისა და გასამართლების შესახებ.


XS
SM
MD
LG