ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიამ გაეროს სამშვიდობო ძალებში შესაძლოა 3 ათასი ჯარისკაცი გააგზავნოს ლიბანში


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მასიმო დალემას განცხადებით იტალიამ გაეროს სამშვიდობო ძალებში შესაძლოა 3 ათასი ჯარისკაცი გააგზავნოს ლიბანში, თუ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას დაიცავს.

იტალიურ გაზეთ “ლა რეპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბატონმა დალემმა აღნიშნა რომ ჰეზბოლას განიარაღება სამართლიანი მოთხოვნაა, მაგრამ იტალია მანამდე ვერ გააგზავნის თავის ჯარისკაცებს ლიბანში სანამ ისრაელი განაგრძობს სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევას.

გაერომ დაგმო შაბათს ისრაელის კომანდოსების მიერ განხორციელებული რეიდი ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში ბაქაას ველზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების აშკარა დარღვევა იყო.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით ამ ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების რიცხვი ლიბანის სამხრეთში 15 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

გაეროში შეერთებული შტატების წარმომდგენელის ჯონ ბოლტონის განცხადებით:” ჩვენ მთავარი ყურადღება ლიბანის მთავრობასა და გაეროს სამშვიდობოების თანამშრომლობას უნდა დავუთმოთ ,რათა ისრაელის ხელისუფლებამ უპრობლემოდ შესძლოს ლიბანიდან ჯარების გამოყვანა.”

XS
SM
MD
LG