ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მემარჯვენეების ყრილობა თბილისში


„ახალმა მემარჯვენეებმა“ დღეს თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში ორთაჭალაში რიგგარეშე მესამე საიუბილეო ყრილობა გამართეს. 15 ივნისს „ახლებს“ 5 წელი უსრულდებათ. ყრილობას „ახლების“ წარმომადგენლები მთელი საქართველოდან დაესწრნენ, იყო წარმოდგენილი სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, რაჭა, კახეთი... ყრილობაზე „ ახალი მემარჯვენეების“ მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში გაკეთდა, ყრილობამ ახალი თავმჯდომარე აირჩია - „ახლებმა“ ლიდერად კვლავ დავით გამყრელიძე აირჩიეს. დავით გამყრელიძემ მოხსენებით გამოსვლისას თქვა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს ისტორიაში შევა , პირველი - როგორც ძალა, რომელმაც 2001 წელს „მოქალაქეთა კავშირი“ დაანგრია. „ახლების“ მეორე დამსახურებად მათ ლიდერმა ვარდების რევოლუცია დაასახელა. როცა საყოველთაო, მისივე თქმით, რევოლუციური ისტერიის ფონზე ისინი ნეობოლშევიზმს დაუპირისპირდნენ - „ვამხილეთ სააკაშვილი და მისი გუნდი და 23 ნოემბერს კანონის სადარაჯოზე დავდექით, და მესამე - პოსტრევოლუციურ ერთპარტიულ პარლამენტში „ახლები“ ერთადერთ ოპოზიციურ ძალას წარმოვადგენდით“ - აღნიშნა მან. საპარლამენტო ოპოზიციის რიგები ნელ-ნელა შემდგომში შეივსო ცალკეული დეპუტატების ოპოზიციაში გადასვლით, რომლებიც ბოლოს „დემოკრატიულ ფრონტში“ გაერთიანდნენ. -„როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ დავშალეთ, ისე უნდა ჩამოვაცილოთ ქვეყანას სააკაშვილის ხელისუფლება, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ხერხებით, მხოლოდ არჩევნების გზით, - განაცხადა ყრილობაზე დავით გამყრელიძემ. ილაპარაკა რა ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე - „ ეს არჩევნები იქნება პირველი ნაბიჯი, რომ მომავალში აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შევცვალოთ. მალე ვიქნებით ხელისუფლებაში ! “ - თავისი გამოსვლა მან ამ სიტყვებით დაასრულა. ამ დღეებში საქართველოს საზოგადოებრიობას საშუალება ჰქონდა მეტნაკლებად გასცნობოდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პიერ ლელუშის მოხსენებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, რომელიც მან პარიზში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააკეთა. მოხსენებაში, მათ შორის, ნათქვამია, რომ საქართველოში სუსტია ოპოზიცია. ყრილობაზე „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარეს ამ კითხვით მივმართე. დ.გამყრელიძე : „ სუსტია ოპოზიცია, რა თქმა უნდა, სანამ საზოგადოებაში შიშია იმისა, რომ ღიად მოხდეს მხარდაჭერა ოპოზიციური ძალებისა, სანამ მეწარმეებს ეშინიათ ღიად დააფინანსონ და მხარტი დაუჭირონ ოპოზიციურ ძალებს, ხშირად სალამითაც რომ მიესალმონ ოპოზიციურ ლიდერებს...“. მემარჯვენეები თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატურა ეყოლება, მემარჯვენეები მას მხარს დაუჭერენ.
XS
SM
MD
LG