ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ომბუდსმენის მოხსენება


საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა სხდომაზე ანგარიში წარადგინა 2005 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. სხდომას კომიტეტის წევრთა გარდა, არასამთავრობო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სახალხო დამცველის მოხსენება 200 გვერდს მოიცავდა და ბუნებრივია, რეგლამენტით გამოყოფილ 40 წუთში იგი ყველა საკითხს ვერ შეეხებოდა.

სოზარ სუბარის მოხსენება, როგორც უკვე აღინიშნა, გასული წლის ბოლო 6 თვეს მოიცავდა, მაგრამ საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, მან მოხსენება 2 მაისს თბილისში მომხდარი სპეცოპერაციით დაიწყო, რომლის დროს 3 ახალგაზრდა იქნა ლიკვიდირებული. სახალხო დამცველის თქმით, ასეთი ოპერაციის ჩატარება ქალაქის ცენტრში უკვე დანაშაულია. მისივე განცხადებით, 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ორგანიზატორები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. შემდეგი თემა ორთაჭალის ციხეში 27 მარტს მომხდარი ფაქტი იყო - ხელისუფლების განცხადებით ცეცხლი იმ ღამეს პატიმრებმა გახსნეს. მაგრამ ს.სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა უამრავი პატიმარი ნახეს, რომლებიც საკნებში იყვნენ დაჭრილები, ზოგი პატიმარი ფანჯარაში ნასროლი ტყვიით დაიღუპა.

ს.სუბარის განცხადებით, ბევრ დაჭრილს არანაირი მკურნალობა არ უტარდებოდათ, პოლიციელთა თქმით ისინი რეზინის ტყვიებით იყვნენ დაჭრილები, მაგრამ ეს ასე არ იყო - ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ დაჭრილები და მათი მკურნალობა მხოლოდ ჩვენი არაერთგზისი მოთხოვნის შემდეგ დაიწყეს - განაცხადა ს.სუბარმა. სხდომაზე სახალხო დამცველმა პატიმართა ნათესავების აბუჩად აგდების საზარელი ფაქტები მოიყვანა, ასევე აღნიშნა, რომ პატიმართა ნათესავებს დილიდან ღამემდე უწევთ რიგებში დგომა, გაიხსენა, როცა საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციიც მინისტრის პოსტი ეკავა, მან პირველ რიგში ამ რიგების წინააღმდეგ გაილაშქრა!

სხდომას, მათ შორის, „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ირაკლი კაკაბაძე ესწრებოდა. ირაკლი კაკაბაძის თქმით, სიკვდილის ბრიგადებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაიღეს, ამიტომ არასამთავრობოები უდანაშაულო დაღუპულ ადამიანთა მემორიალის მშენებლობას აპირებენ.

- რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, რომ ამ მემორიალს ახალი ქვები არ დაემატოს ? - დაუსვა მან კითხვა სახალხო დამცველს, რომელსაც მანამდე, ასევე ელენე თევდორაძეს მადლობა გადაუხადა, რომ ხალხის გვერდით არიან. სახალხო დამცველის მოხსენებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმისთვის“ კომენტარი გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ,ელენე თევდორაძემ:

- „ ვთვლი, რომ ს.სუბარის მოხსენება არის საკმაოდ ობიექტური, ღია , კრიტიკული. მან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტთა ფართო სპექტრი წარმოადგინა“.

XS
SM
MD
LG