გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენად, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დამკვირვებლისათვის, დსთ-დან საქართველოს გასვლის ირგვლივ მიმდინარე დისკუსია შეიძლება ჩაითვალოს.
ამ თემაზე, ამერიკის ხმა დღეს ამერიკელი ექსპერტის აზრს გთავაზობთ, რომელიც არამცდაარამც არ იქნება ყველაზე სწორი და ობიექტური, და ვერც განსაკუთრებით ახალი მანამდე თქმულთან შედარებით. თუმცა ჰარვარდის უნივერსიტეტის გავლენიანი საკვლევი ცენტრის ექსპერტის აზრი ალბათ მაინც საყურადღებოა.
ვესაუბრებით ქალბატონ ბრენდა შაფერს, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო საკითხების კვლევით ინსტიტუტში კასპიის პროექტს ხელმძღვანელობს. საუბარს ვიწყებთ დსთ-ს როგორც პოლიტიკური გაერთიანების ანალიზით.
ბრენდა შაფერი: “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის იყო საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობისთვის მოწოდებული. ამდენად დსთ-მ უკვე დიდი ხანია დაკარგა თავისი მნიშვნელობა, როგორც რეგიონალური ორგანიზაციის ეფექტურმა მოდელმა, შესაბამისად, მე ვერც იმას ვიტყვი რომ ეს ორგანიზაცია ფუნქციურად მოქმედია, გარდა იმისა, რომ მისი სულისჩამდგმელი რუსეთი კვლავ იყენებს ამ საორგანიზაციო ჩარჩოს ყოფილი რესპუბლიკების ეგრეთწოდებული ინტეგრაციის, და ამასთან, წარუმატებელი ინტეგრაციის მექანიზმად.”
ამ თემაზე მიმდინარე დებატებს, როგორც ცნობილია არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა საქართველოში, რუსეთში და დასავლეთშიც.
ჩვენი სტუმარი ბრენდა შაფერი ერთერთია მათთაგან, ვინც კავკასიასა, და ყოფილ საბჭოთა, თუ გნებავთ ამჟამინდელი დსთ-ს სივრცეში მიმდინარე მოვლენებს გულდასმით ადევნებს თვალყურს . ამ საკითხებში ამერიკელი ავტორიტეტი ჩვენი გადაცემების არაერთგზის სტუმარი ბატონი პოლ გობლი გახლავთ. დღეს, კი ასევე გაგაცნობთ მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო საკითხების ანალიტიკური ცენტრის მიმომხილველის სერგეი მარკედონოვის მოსაზრებასაც, რომელიც აქვე გეტყვით რომ ბევრად არ განსხვავდება შაფერის მოსაზრებებისაგან.
აი კერძოდ როგორია მარკედონოვის ახლახანს გამოქვეყნებული სტატიის დედაარსი: თუ ოფიციალური მოსკოვი ამ ბლოკიდან საქართველოს გასვლის შემთხვევაში შესაძლო სანქციებზე ალაპარაკდა, არიან დამოუკიდებელი რუსი პოლიტიკური მიმომხილველებიც, რომლებიც ამ ბლოკის გარდაუვალ და შეუქცევად დაშლის პროცესზე საუბრობენ, რაც მათივე აზრით ისევ რუსეთის იმპერიული ამბიციებიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია თავად ფედერაციის ერთობის და სტაბილობის შესანარჩუნებლად, წერს მერკედონოვი.
ბრენდა შაფერი :" მიუხედავად იმისა რომ დსთ-ს გაერთიანებამ ოფიციალურად უარი თქვა კავშირის პოლიტიკური მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე რეგიონალური კუთხით, მაინც, რუსეთის ხელმძღვანელობის წყალობით, თანამეგობრობამ საგარეო პოლიტიკის იმ რაკურსში გააგრძელა მუშაობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნოსტალგიითაა შეპყრობილი. “გეტყვით იმასაც, რომ თანამეგობრობის შექმნის მომენტში ოფიციალურად გაცხადებული რეგიონალური სტაბილობის შენარჩუნების მისიის პარალელურად, მოსკოვი ყოველთვის ხედავდა ამაზე მეტს, და კარგად იცოდა რომ “ რეგიონალური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების” მოთოკვას და პოლიტიკურ კონტროლს უკეთ შესძლებდა ეთნო კონფლიქტების ინსპირირებით. დსთ-ეს მშვიდობისმყოფელთა მისიებსაც, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, თითქოს მეტი ლეგიტიმაცია უნდა მოეტანა ამ ფაქტობრივად მთლიანად რუსული კადრისთვის, თუმცა ეს ძალები ორგანულად რუსულ წარმონაქმნად რჩება დღესაც.”
როგორია სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების პოლიტიკური მიმართულება დსთ-სთან დაკავშირებით, თუ საქართველოს შემთხვევაში ასეთი ხმაურია ატეხილი, რას უნდა ფიქრობდნენ შუა აზიის ქვეყნები?