ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხოდორკოვსკი: ეს პუტინისთვის ეპიკური პერსონალური ჩავარდნაა, რომლის გადაფარვასაც კრემლი ბოროტების "გაუბრალოებით" ცდილობს


მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც 15 მილიარდი დოლარის ქონებით, ერთ დროს, რუსეთის ყველაზე მდიდარ და "ფორბსის" მიერ მსოფლიოს მე-16 ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნეოდა, დღეს რუსეთის გარეთ პუტინის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მან რუსეთში, თაღლითობის ბრალდებით, 10 წლიანი სასჯერლი მოიხადა და პატიმრობის განმავლობაში ქონების დიდი ნაწილი დაკარგა - მათ შორის, რუსეთის მაშინ უმსხვილესი ნავთობის კომპანია "იუკოსი". ამჟამად ის ლონდონში ცხოვრობს და 2001 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ მეშვეობით პოლიტიკურ აქტივიზმს აგრძელებს.

ხოდორკოვსკი "კროკუსის" ტერაქტზე ამბობს, რომ ეს ტერორისტული აქტი პუტინისთვის ეპიკური მასშტაბების ჩავარდნა და დიდი პერსონალური სირცხვილია, რომელიც არავის დაავიწყდება.

მიხაილ ხოდორკოვსკის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ინტერვიუ დარედაქტირებულია სიცხადისა და შემოკლების მიზნით.

ბატონო მიხაილ, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დრო რომ გამონახეთ. როგორ აფასებთ მოსკოვში მომხდარ ტერორისსტულ თავდასხმას და როგორ აფასებთ კრემლის პირველ რეაქციას?

კრემლის პირველი რეაქცია აშკარა დაბნეულობა იყო. მათ არ ესმოდათ, რა გაეკეთებინათ. თავიდან, სრულიად გაუგებარი იყო რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ სიტუაცია სწრაფად გახდა ნათელი - არა ბოლომდე ნათელი, მაგრამ შედარებით. ცხადია, რომ ამერიკელებმა გააფრთხილეს კრემლი, როგორც ოფიციალური არხებით, ასევე საჯაროდ, რომ ტერორისტულ თავდასხმას “ისლამური სახელმწიფოს” ჯგუფები ამზადებდნენ.

ასევე, ცხადი გახდა, რომ ეს ტერორისტული აქტი უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, "შამანის" კონცერტზე, მაგრამ ისინი შეშინდნენ და თავდასხმა მოგვიანებით მოხდა. დამნაშავეთა ნაწილის ვინაობა გაირკვა, ანუ ის დაპატიმრებული ტაჯიკები, როგორც ჩანს, ტერაქტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ და ფრთხილად ვიტყვი, ხალხს ხოცავდნენ. მაგრამ, გაუგებარია ვინ დაუკვეთა და ვინ გაუკეთა ორგანიზება ტერაქტს, რადგან ის აშკარად საკმაოდ პროფესიონალურად იყო მომზადებული. შესვლის მომენტიდან გასვლის მომენტამდე - 13 თუ 18 წუთი - საკმარისი არ უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ შეხვიდე შენობაში, ესროლო დაცვას, შეხვიდე დარბაზში, გადაიყვანო ხალხი და მოაწყო ასეთი მასშტაბური ხანძარი, რომელიც შემდეგ ვერ ჩააქრეს. ამას მივყავართ მოსაზრებამდე, რომ იყო მეორე ჯგუფი, რომელიც არავის უნახავს, რადგან მთლად ნათელი არ არის, თუ როგორ შეძლო ამ ჯგუფმა, რომელიც ასობით ან ათასობით ადამიანის თვალწინ იყო, ერთდროულად მოეწყო ეს ხოცვა-ჟლეტა და გაეჩინა ასეთი უზარმაზარი ხანძარი, რომელიც რამდენიმე დამწვარი სკამიდან, სამაშველო სამსახურების მისვლამდე 18-20 წუთის განმავლობაში, ძალიან მაღალ სახურავზე გადასულიყო. ეს შეუძლებელია. ვინ და როგორ წაუკიდა მას ცეცხლი გაუგებარი ხდება.

მე დიდი სიფრთხილით მოვეკიდები ვერსიას, რომ ეს პუტინმა მოაწყო. მე პუტინი არ მიყვარს, მაგრამ დაბნეულობა, რომელიც მან მთელი დღე-ღამის განმავლობაში გვაჩვენა - ისე, როგორც ეს იცის ხოლმე, რომ იყინება, როცა რაღაც უსიამოვნო ხდება - არ მიუთითებს იმაზე, რომ ის გეგმავდა, ეს ამოცანა საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოეყენებინა.

უფრო მეტიც, თუ მისი ამოცანა იყო ეს ამბავი უკრაინელებისთვის დაებრალებინა, მოდი, გულახდილად ვთქვათ, რომ არც ისე რთული იქნებოდა არა ოთხი ტაჯიკის მონახვა, არამედ, სულ მცირე, ისეთი ადამიანების, რომლებიც უკრაინულად თუ არა, რუსულად მაინც ლაპარაკოდნენ. რეალურად, ეს მისთვის არც ისე დიდი ამოცანაა.

მიმდინარეობს ბოროტების „ტრივიალიზაცია“ - გაუბრალოება.  ხალხს აჩვენებენ ამ სასტიკ მაგალითს, მაშინ, როცა საზოგადოება ღიაა მიიღოს კანონიდან გადახვევა, და ეუბენებიან, რომ ეს შესაძლებელია, ეს მისაღებია. სრულიად ნათელია, რომ თუ დღეს ეს მისაღებია უკიდურესად უსიამოვნო ეჭვმიტანილების მიმართ, ხვალ ის გამოყენებული იქნება ასობით და ათასობით სრულიად განსხვავებული ადამიანის მიმართ.

მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში “ფე-ეს-ბე”-ს მონაწილეობის ისტორიას არ გამოვრიცხავდი. როდესაც ვსაუბრობთ “ფე-ეს-ბე”-ზე, ვსაუბრობთ სადაზვერვო სამსახურებზე უფრო ფართო გაგებით, რადგან, რასაც ახლა რუსული დაზვერვის სამსახურები აკეთებენ, კონტროლის მკაცრ სისტემას არ გვაჩვენებს. ანუ, იქ მოქმედებენ ჯგუფები, რომელთა ნაწილსაც შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რაზე ინფორმაციამაც სხვა ჯგუფებამდე და შესაძლოა კრემლამდეც დროულად ვერ მიაღწიოს.

ამ ამბავს კიდევ ერთი ასპექტი აქვს და ხალხმა ახლახან დაიწყო ამაზე საუბარი: ეს არის კომერციული ასპექტი, რომელიც პირდაპირ [არაზ] აღალაროვს უკავშირდება. მისთვის რთული იქნება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რადგან სავსებით აშკარაა, რომ როგორც მინიმუმ, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა, რომ არაფერი ვთქვა დაბლოკილ გასასვლელებზე. ამ დროისთვის, ყველაფერი ნათელი არ არის.

ეს, რა თქმა უნდა, პუტინის სპეცსამსახურებისთვის ამაზრზენი, კატასტროფული მარცხია. ეს უბრალოდ სირცხვილია პირადად პუტინისთვის იმის გამო, რომ მან ტერაქტამდე სამი დღით ადრე თქვა, რომ მოსალოდნელ საფრთხეზე გაფრთხილება ტყუილი, შანტაჟი და პროვოკაცია იყო და ეს თქვა არა სადღაც, არამედ “ფე-ეს-ბე”-სთან შეხვედრაზე. როგორც მთავარსარდალმა, ამით მან დე-ფაქტო ბრძანება მისცა დაზვერვის სამსახურს, მოდუნებულიყო ამერიკელების გაფრთხილების თემაზე. ამას არავინ დაივიწყებს, ეს მის პროფესიულ რეპუტაციაზე დიდი ლაქაა. მე და თქვენ, ასევე ვნახეთ პატრუშევის კომენტარი. ის ძალიან იშვიათად გამოიყურება როგორც ცოცხალი ადამიანი, მაგრამ ამჯერად ის სრულიად ცოცხალ ადამიანს ჰგავდა და გასაგები იყო, რომ უკრაინის შესახებ ვერსიის თაობაზე საუბრისას, მას სახეზე სარკასტულმა ღიმილმა გადაურბინა და ის სულაც არ არის იდიოტი.

სახელმწიფო მედია, თავად ვლადიმირ პუტინი, ცდილობენ ტერაქტი როგორღაც უკრაინას დაკავშირონ ან ის ადანაშაულონ. როგორ ფიქრობთ, ეს მუშაობს?

მათ ჰყავთ ამომრჩეველის 30-40 პროცენტი. ეს არის ხალხი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მათთან, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სამხედრო ქარხნებში, მათი ოჯახები, საბიუჯეტო საწარმოებების თანამშრომლები, თანამდებობის პირები, სამხედრო პერსონალი, სპეცსამსახურების მუშაკები და ყველა ამ კატეგორიის ადამიანების ოჯახის წევრები. ეს შეიძლება იყოს 30-40 მილიონი ადამიანი. მათ, ბუნებრივია, არ სურთ თავი ნაძირლებად და მახინჯებად იგრძნონ. ამიტომ, ისინი საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ მხარს უჭერენ პუტინს არა იმიტომ, რომ ის მათთვის შეუბღალავი ლიდერია, არამედ იმისთვის, რომ ის რაღაცას სწორად აკეთებს. ასეთ ვითარებაში ისინი ადვილად აითვისებენ ნებისმიერ ინტერპრეტაციას, რომელსაც მათ სახელმწიფო მედია აწვდის. ეს მათთვის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა. იცით, გვაქვს ასეთი ლექსი: ჩემი მოტყუება არ არის რთული, მე თვითონ მიხარია, ვიყო მოტყუებული. როცა ადამიანს უხარია საკუთარი თავის მოტყუება, მაშინ მისი მოტყუება არ არის რთული.

უკვე მეხუთედ არჩეული ვლადიმირ პუტინის მმართველობის განმავლობაში, რუსეთში არაერთი ტრაგედია დატრიალდა. იყო "ნორდოსტის" ტერაქტი, ბესლანში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, იყო სხვებიც. ეს ყველაფერი საზოგადოებაში თითქოს უნდა ილექებოდეს, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. როგორ ფიქრობთ, ამ ტერაქტს ექნება გავლება, რომ რუსულმა საზოგადოებამ ცვლილები მოითხოვოს?

არ მგონია, რუსეთის საზოგადოების განწყობაში, რაიმე დრამატული ცვლილებები მოხდეს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ ჩვენ გამოვიარეთ ბევრად უფრო საშინელი ტერორისტული აქტი ბესლანში, რომელზეც დღემდე კანკალის გარეშე ვერ ვსაუბრობ, გამოვიარეთ "ნორდოსტის" საშინელი ტერორისტული თავდასხმა. უფრო მეტიც, ბესლანში ზოგიერთი ტერორისტი გაექცათ. ვერ ვიტყვი, რომ სპეცსამსახურები უკიდურეს არაპროფესიონალიზმს გვაჩვენებენ, მაგრამ მოუმზადებლობის ძალიან მაღალი დონე აქვთ - რეალური, ტერორისტული გამოწვევების მიმართ. სამწუხაროდ, თავიანთ პროფესიონალიზმს სხვა სფეროებში გვაჩვენებენ.

მინდა ყურადღება გავამახვილო ძალიან უსიამოვნო ტენდენციაზე, რომელიც ამ ტერაქტის შემდეგ გამოიკვეთა. ეს არის წამების საჯარო დემონსტრირება. ეს უკიდურესად უსიამოვნო ტენდენციაა. ის, რომ სპეცსამსახურები პატიმრებს აწამებენ, ყველამ კარგად იცის და დროდადრო რაღაც კადრები გასაჯაროვდა კიდეც. მაგრამ, ეს არასდროს მომხდარა ასე საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, ამ კადრების გავრცელების წახალისებით.

რატომ გაკეთდა ეს? ერთი მიზეზი აშკარაა. პუტინს სურს საჯარო დისკუსიის ცენტრი, მისი აბსოლუტურად ეპიკური წარუმატებლობისგან და პერსონალური ჩავარდნისგან, რაღაც სხვაზე გადაიტანოს. ვინ აძალებდა “ფე-ეს-ბე”-ს შეხვედრაზე ის ეთქვა, რაც თქვა?! ამიტომ, მათ საჯაროდ გამოაქვთ ისეთი თემები, რომლებიც საზოგადოებრივ ცნობიერებას აღაგზნებს - ეს არის წამება, ეს არის სიკვდილით დასჯის მორატორიუმიდან გამოსვლა და სხვა.

ეს მხოლოდ ნახევარი უბედურებაა. სამწუხაროდ, მიმდინარეობს ბოროტების „ტრივიალიზაცია“ - გაუბრალოება. ხალხს აჩვენებენ ამ სასტიკ მაგალითს მაშინ, როცა საზოგადოება ღიაა მიიღოს კანონიდან გადახვევა და ეუბენებიან, რომ ეს შესაძლებელია, ეს მისაღებია. სრულიად ნათელია, რომ თუ დღეს ეს მისაღებია უკიდურესად უსიამოვნო ეჭვმიტანილების მიმართ, ხვალ ის გამოყენებული იქნება ასობით და ათასობით სრულიად განსხვავებული ადამიანის მიმართ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ პუტინი რეპრესიების გაზრდისთვის ემზადება და ეს რეპრესიები იქნება არა მხოლოდ პატიმრობის ტრადიციული ფორმებით, არამედ, ზოგადად, სიტუაციის უკიდურესად დამძიმებით.

არსებობს მოსაზრება, რომ ვლადიმირ პუტინი ტერაქტს ახალი მობილიზაციის მექანიზმად გამოიყენებს. თქვენ გაქვთ ამის მოლოდინი? რამდენად რეალურია ეს?

იცით, ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად, ალბათ, გამოიყენებს. მაგრამ, ეს მესამე რიგის პრობლემაა. დღეს მას აქვს შესაძლებლობა, ჯარში საკმარისი რაოდენობის ხალხი გაიწვიოს. ის უფრო მეტად შეზღუდულია მათი გაწვრთნის და იარაღით უზრუნველყოფის კუთხით, ვიდრე სხვა რამით. არ მგონია მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს და ჯარში ნახევარი მილიონი ადამიანი წაიყვანოს. არა, გაიწვევს სადღაც 140-160 000 ადამიანს, რაც საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში რთული არ იქნება. ამას გარკვეული რაოდენობა დაემატება ციხეებიდან და ასევე ეგრეთწოდებული “მოხალისეები”, რომლებიც უფრო დაქირავებული მებრძოლები არიან, ვიდრე მოხალისეები. ფრონტის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ შორის, უკრაინისადმი დახმარების შემცირების ფონზე, საზაფხულო შეტევისთვის პირობების შესაქმნელად მისთვის ეს საკმარისი იქნება.

მე ღრმად ვარ შეწუხებული ამერიკიდან და ევროპიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით [არსებული გამოწვევების გამო]. უფრო მეტად მაინც ამერიკიდან, რადგან ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საჭირო მოცულობის იარაღის მიწოდება შეუძლია. ეს ყველაფერი იწვევს უკრაინის აშკარა და დრამატულ შესუსტებას. უკრაინას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან მათი მიწოდება შეჩერებულია. ფრონტზე ხალხი იღუპება ისე, რომ პასუხის დაბრუნების შესაძლებლობას და შურიძიებასაა მოკლებული. თუ უახლოეს თვეებში არაფერი შეიცვალა, ეს ყველაფერი ძალიან სევდიანად დასრულდება.

ხოდორკოვსკი და კასპაროვი მოსკოვის ტერორისტულ აქტს აფასებენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:30:30 0:00

დრო გვეწურება, მაგრამ მინდა გკითხოთ თქვენს ინიციატივაზე - გარი კასპაროვს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ პროექტს, რომელსაც ის „რუსულ ტაივანს“ უწოდებს, თქვენც მხარს უჭერთ. რა არის ეს რეალურად, რა მექანიზმებზე ფიქრობთ რუსი დისიდენტებისა თუ რუსეთში მცხოვრები პუტინის სხვა მოწინააღმდეგე რუსების დასახმარებლად?

ორი დამოუკიდებელი პრობლემაა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთის დატოვება სურთ ან სჭირდებათ. პირველი პრობლემა იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან და უბრალოდ არ სურთ, ვლადიმირ პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეები იყვნან. მათ არ სურთ პუტინისთვის მუშაობა. ამ ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა უნდათ და მათმა ნაწილმა, ერთი წლის წინ, ეს უკვე გააკეთა. პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ორი გზით. პირველი გზა არის ეგრეთწოდებული “ნიჭიერების ვიზები”, რომლებიც სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მეორე გზა არის ისეთი სპეციალური იურისდიქციის შექმნა, რომელიც ამ ხალხს სპეციალური პასპორტების აღების შესაძლებლობას მისცემს. ამ პასპორტებით ადამიანებს რუსეთიდან წასვლის, საბანკო ანგარიშების გახსნის და იმ ქვეყნებში ვიზების მიღების საშუალება ექნებათ, სადაც მათ მუშაობა შეეძლებათ. ამავდროულად, მათ არ სჭირდებათ რაიმე სოციალური დახმარება, რადგან ამ ამოცანას თავადაც მშვენივრად გაართმევენ თავს.

მეორე ამბავი პოლიტიკურ აქტივისტებს ეხება. მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია. ისინი იძულებულნი არიან რუსეთი სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო დატოვონ. ხშირად ისინი ვერ იღებენ რუსულ დოკუმენტებს, თუ ამ დოკუმენტებს ვადა ამოეწურა. ასეთი ადამიანების - ე.წ. აპარტიდების - უსაბუთო ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მშობლიური ქვეყანა დოკუმენტების მიცემაზე უარს ეუბნება, არც თუ ისე ცოტაა და მათი რაოდენობა ყოველწლიურად მოიმატებს, მათ შორის, დასავლეთ ევროპაში, რადგან საბუთებს ვადა გასდის. პუტინმა კი საელჩოებს პასპორტების გაცემა აუკრძალა ადამიანებზე, რომლებზეც რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჩვენ ვეუბნებით დასავლელ კოლეგებს და ვეკითხებით - გინდათ? გინდათ ამ ხალხს პატიმრად ჩაბარებისკენ უბიძგოთ? თუ გინდათ, გადაერთონ ცხოვრების რუხ წესებზე? მათ ვთხოვთ ამ ადამიანებს მისცენ რაღაც სახის ეროვნული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან და ამ ფორმით გასცენ მათზე ვიზები. ან შეიმუშავონ რაღაც სპეციალური იურისდიქცია, რომელიც სამუშაო ვიზების გაცემის შესაძლებლობას შექმნის.

მე უფრო ეროვნული დოკუმენტების შექმნის მიმართულებით ვმუშაობ, გარი კი დამატებითი იურისდიქციის შექმნის საკითხზე მუშაობს.

ის “ბერლინის დეკლარაციაზეც” საუბრობს, და ამბობს, რომ მათ, ვისაც რუსეთიდან წასვლა სურთ, 5 წუთში იმის თქმა უნდა შეეძლოთ, რომ ომი დანაშაულებრივია, რეჟიმი კრიმინალია და ყირიმი უკრაინაა.

შეხედეთ, აქ ამბავი ძალიან მარტივია. ჩვენს დასავლელი კოლეგები შიშობენ, რომ პუტინის სადაზვერვო სამსახურები ამას გამოიყენებენ მათ საზოგადოებებში შესაღწევად ან რომ ის ადამიანები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უბრალოდ დასავლეთში სურთ ცხოვრება, მიზნის მისაღწევად ამ გზას გამოიყენებენ.

რაღაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადამიანმა გადაწყვიტოს, სად არის - ბარიკადის ერთ მხარეს, თუ მეორე მხარეს, რისი უფლება აქვთ მათ. თუ მათ იქით უნდათ ყოფნა, რატომ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში. იქ არის პუტინი, ის მათ სიამოვნებით დაეხმარება.

და ამ საკითხის გადასაჭრელად, რუსულმა ოპოზიციამ თითქმის ერთხმად მოამზადა ბერლინის ეს დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს იმ საკითხებს, რისთვისაც დღეს რუსეთში 15 წლით ციხეში სვამენ ხალხს. თუ ამბობთ, რომ ომი დანაშაულია, რეჟიმი დანაშაულებრივი, უკრაინა 1991 წლის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს, ამისთვის შეიძლება 15 წელი მოგცენ - ბარიკადების მეორე მხარეს. ხალხს აქვს არჩევანი - მოაწერე ხელი და იყავი ბარიკადის ამ მხარეს, თუ არა და იყავი ბარიკადის მეორე მხარეს… არავინ არაფერს გეტყვის, სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამ, ხელში არ აიღებ იარაღს და მოსაკლავად არ წახვალ... და თუ ასეა, კარგი მაშინ წადი პუტინთან, ის დაგეხმარება.

ეს არც ისე კარგი პერსპექტივაა.

ვისთვის როგორ. ახლა დიდი ინტერესით ვაკვირდები იმ ადამიანების ბედს, რომლებმაც რუსეთში ჰიპერბგერითი იარაღი შეიმუშავეს. 12 მეცნიერი იყო, არ ვიცი სულ რამდენი მუშაობდა ამაზე, მაგრამ მეეჭვება, ბევრად მეტი ყოფილიყო. 12 მეცნიერი ღალატის ბრალდებით უკვე სასჯელს იხდის. აქ არაფერია გაკასვირი. როცა კაციჭამიასთან იჭერ საქმეს, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ერთ დილას მოღრღნილი ფეხებით გაიღვიძო.

თქვენ ახლახან დაწერეთ, რომ დადგა დრო დასავლეთმა უარი თქვას ვლადიმირ პუტინის, როგორც რუსეთის ლეგიტიმური ლიდერის აღიარებაზე. ეს წმინდა სიმბოლური ჟესტი იქნება თუ დასავლეთს შეუძლია ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა?

საქმე ისაა, რომ აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რის გაკეთებაზეა ესა თუ ის მთავრობა მზად. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად სიმბოლური ჟესტი, როდესაც ადამიანები უბრალოდ ამბობენ: „იცი, შენთან სურათს არ გადავიღებ. არ გვინდა ხელი ჩამოვართვათ კაციჭამიებს და მათთან ერთ ფტოში ვიყოთ”… როგორც ეს უკვე მოხდა პუტინთან, ავსტრალიაში...

არის სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც შეუძლიათ თქვან: „იცით, ჩვენ საერთოდ არ გვინდა რაიმე ურთიერთობის შენარჩუნება. კარგით, თქვენ არალეგიტიმური ხართ, ჩვენ არ გაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის ცეცხლის შეწყვეტის ან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებაში“. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ბანდიტებთან, მკვლელებთან, ტერორისტებთან, თუ ისინი მძევლებს აიყვანენ. სხვა რა გზა გვაქვს?! მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ ლეგიტიმურობას ვაღიარებთ.

ბევრმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ბევრმა პოლიტიკურმა სტრუქტურამ, პატივცემულმა პოლიტიკურმა სტრუქტურამ უკვე დაუჭირა მხარი ჩვენს მიმართვას და განაცხადეს მისი ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, მათ შორის ევროპარლამენტმა.

რას გვაძლევს ეს? რამდენიმე რამეს. ჯერ ერთი, ის დასავლური კომპანიები, რომლებიც ახლა აპირებენ გააგრძელონ მუშაობა რუსულ ბაზარზე ან დაუბრუნდნენ რუსულ ბაზარს, იძულებულნი იქნებიან ორჯერ დაფიქრდნენ. ეს ბევრ ადამიანს შეაჩერებს. მეორეც, რუსული საზოგადოება, რაც არ უნდა თქვას კრემლმა და რაც არ უნდა თქვან ადამიანებმა გამოკითხვების დროს, ის დასავლეთისკენ იყურება. თუ პუტინი შეხვდება ბაიდენს, ეს ზრდის პუტინის ლეგიტიმაციას რუსეთის შიგნით. თუ პუტინი ფოტოს გადაიღებს მაკრონთან ან შოლცთან, ან ესაუბრება მათ ტელეფონით და ისინი მას „ბატონო პრეზიდენტოთი“ მიმართავენ, მაშინ ეს ზრდის ლეგიტიმურობას.

თუ ეს არ ხდება და სხვა ლიდერები პუტინს ეუბნებიან, რომ „ჩვენ არ გცნობთ თქვენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, მაშინ რუსეთში ამაზე ფიქრს უამრავი ადამიანი იწყებს.

და ბოლოს, არის ერთი ბოლო ასპექტი, რომელზეც მათ ასევე უნდა იფიქრონ. პუტინი ახალგაზრდა კაცი არ არის; ჩვენი დიქტატორები, სხვათა შორის, 70-დან 80 წლამდე ასაკში კვდებოდნენ. ვინ მოვა მის შემდეგ? ვთქვათ მიშუსტინი. ლეგიტიმურია თუ არა მიშუსტინი? და თუ პუტინი არ არის ლეგიტიმური, მაშინ მიშუსტინი არ არის ლეგიტიმური. სად შეუძლია მიშუსტინს ლეგიტიმაციის მიღება? ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ მას არ შეუძლია სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არ არსებობს ლეგიტიმაციის რეზერვი, რომელიც პუტინს აქვს იმის გამო, რომ ის უკვე 25 წელია ხელისუფლებაშია.

რა უნდა გავაკეთოთ? ეს ლეგიტიმაცია რეგიონებს უნდა ვთხოვოთ. და რას ნიშნავს ლეგიტიმაციის რეგიონებისთვის თხოვნა? ფედერალიზაციას. ეს არის ის, რისკენაც სწრაფვა ძალიან კარგი იქნება. აი, ამ და სხვა მთელი რიგი რეალური მიზეზების გამო, სწორი იქნებოდა პიტინის რეჟიმის არალეგიტიმურად აღიარება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG