ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავარსარდლის თქმით, უფრო ნაკლები ჯარისკაცის მობილიზებაა საჭირო, ვიდრე მოელოდნენ


პარასკევს კიევის უმაღლესი რანგის გენერალმა თქვა, რომ რუსეთის ორწლიანი შეჭრის მოსაგერიებლად, უკრაინის სამხედრო უწყებას უფრო ნაკლები ადამიანის მობილიზება დასჭირდება, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ.

დეკემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1000 კილომეტრიან ფრონტზე რუსეთის თავდასხმების გაძლიერების ფონზე, სამხედრო უწყება შეიარაღებულ ძალებში 500,000-ით მეტი უკრაინელის მობილიზაციის წინადადებით გამოვიდა.

მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც თანამდებობაზე გასულ თვეში დაინიშნა, უკრაინის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, თქვა, რომ რესურსების გადახედვის შემდეგ, ის ციფრი „მნიშვნელოვნად შემცირდა“.

მან ახალი რაოდენობა არ დაასახელა.

„მოველით, რომ გვეყოლება საკმარისი ხალხი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს დაცვა შეეძლება. ვსაუბრობ არა მხოლოდ მობილიზებულ მებრძოლებზე, არამედ მოხალისეებზეც“, გამოაქვეყნა ახალი ამბების სააგენტო „უკრინფორმმა“.

უკრაინის სამობილიზაციო ძალისხმევა მოიკოჭლებდა ენთუზიაზმის განელების და იმ ცნობების გამო, რომელიც სამხედრო კომისარიატებში კორუფციას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას ჯარში დამატებითი გაწვევის უფლებას მისცემს, ამჟამად საპარლამენტო პროცედურებს გადის.

გენერალმა სირსკიმ დაამატა, რომ არასაბრძოლო დანაყოფების აუდიტმა სამხედრო დამგეგმავებს საშუალება მისცა, ფრონტზე „ათასობით“ სამხედრო გაეგზავნათ და საბრძოლო უზრუნველყოფის დანიშნულების დანაყოფებს, კიევის დაცვის ძალისხმევაში „თანაბრად მნიშვნელოვანი“ როლი ჰქონდა.

„ომი, რომელიც იძულებული ვართ რუსი აგრესორების წინააღმდეგ ვაწარმოოთ, გამოფიტვის, ლოგისტიკის ომია“, თქვა მან. მისივე თქმით, „ამიტომ, შეუძლებელია ზურგის დანაყოფების ეფექტურობის მნიშვნელობა არასათანადოდ შეფასდეს“.

სახმელეთო ძალების ყოფილმა სარდალმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მიერ თავდასხმების გაგრძელებასთან ერთად, „თითქმის ყველა სახიფათო ადგილზე“, „მძლავრი“ თავდაცვითი ზოლები მზადდებოდა.

უკრაინის აღმოსავლეთში, ერთ თვიანი იერიშების შემდეგ, ქალაქი ავდიივკა თებერვალში რუსების ხელში გადავიდა. რუსებს ქალაქის უკრაინელ დამცველებთან ჰქონდათ უპირატესობა, როგორც შეიარაღების, ასევე ცოცხალი ძალის რაოდენობის მხრივ.

„უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სირსკიმ თქვა, რომ მისი ძალები პოზიციებს „უეჭველად“ შეინარჩუნებდნენ, კიევს მისი დასავლელი პარტნიორებისგან მეტი საბრძოლო მასალა და ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები რომ მიეღო.

XS
SM
MD
LG