ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები: უკრაინის დახმარების საკითხს აუცილებლად უნდა ვუყაროთ კენჭი


უკვე რამდენიმე კვირაა, რაც წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭისყრაზე არ გააქვს. 13 თებერვალს, 70-ით 29-ის წინააღმდეგ, ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რეპსუბლიკელებს აქვთ, რეპსუბლიკელია პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსოსნიც, რომელიც ჯერ კიდევ სენატში ამ კანონპროექტის განხილვამდე ამბობდა, რომ პალატაში უკრაინის დახმარების კანონპროექტს მომავალი არ ჰქონდა.

რესპუბლიკელების ნაწილი ამბობს, რომ იქამდე არ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას, ვიდრე, საიმიგრაციო კანონი, მათი აზრით, საკმარისად არ გამკაცრდება.

თუმცა, არიან ისეთი რესპუბლიკელებიც, რომლებიც უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათ შორისაა, კონგრესმენი ბრაიან პიცპატრიკი. ის ამბობს: „ჩვენ ძალიან საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უამრავი დიქტატორი ცხოვრობს, რომლებსაც სურთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული საზღვრები შეცვალონ, მათ სურთ, რომ შეცვალონ მეორე მსოფლიო ომის შედეგი, როდესაც დემოკრატიებმა მოიგეს დიქტატურის წინააღმდეგ. ამიტომაც, დემოკრატიების დაცვისას მუდმივობა უნდა შევინარჩუნოთ, საფრთხე არ გამქრალა“...

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და კიევს საჭირო სამხედრო მარაგები მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო "ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცლის წინაშე დადგება”.

ვინაიდან წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უარს ამბობს, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი, ჯერჯერობით კენჭისყრაზე გაიტანოს, კანონმდებლები სხვადასხვა გზებს ეძებენ.

“უკრაინელებს შეიარაღება უთავდებათ, ასე რომ [დახმარების პაკეტზე კენჭისყრა] რამდენიმე კვირის წინ უნდა მომხდარიყო. თუმცა, სამწუხაროდ, რესპუბლიკელების ნახევარი დროს წელავს. ასე რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ სენატში მიღებულ კანონპროექტს. თუ სპიკერი ჯონსონი მას კენჭისყრაზე არ გამოიტანს, მაშინ ალტერნატიული გზების მოძებნა მოგვიწევს“,- ამბობს დემოკრატი კონგრესმენი ჯიმ ჰაიმსი.

ალტერნატიული გზა კი, შესაძლოა ე.წ გათავისუფლების პეტიცია [discharge petition] იყოს. როგორც წესი, წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად შეტანილი კანონპროექტების კენჭისყრაზე გატანის განრიგს და რიგობითობას, პალატის სპიკერი, ამ შემთხვევაში რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი განსაზღვრავს. თუმცა, პეტიციის წარმატებულად გამოყენების შემთხვევაში, კანონპროექტისთვის კენჭისყრა კანონმდებლებს სპიკერის თანხმობის გარეშეც შეუძლიათ.

თუმცა, გათავისუფლების პეტიციის გამოყენება მარტივი საკანონმდებლო პროცედურა არაა და მისი გამოყენება სპიკერის თანხმობის გარეშე კანონპროექტის კენჭისყრისთვის მხოლოდ ორჯერ შეძლეს. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის, კატერინა ლისუნოვას შეკითხვაზე, რეალურია თუ არა პეტიციის გამოყენება სპიკერ ჯონსონის წინააღმდეგ, მისივე თანაპარტიელმა ბრაინ ფიცპატრიკმა უპასუხა: „დიახ! ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას და ჩვენ უნდა დავიცვათ [ამერიკის] საზღვრები და ეს არ უნდა იყოს საკამათო“.

პეტიციაზე ორივე პარტიის, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მუშაობენ. თუმცა, შეძლებენ თუ არა კანონმდებლები ამ პეტიციის რეალურად გამოყენებას უცნობია ისევე, როგორც უცნობია უკრაინის სამხედრო დახმარების ბედი, რომლის მიღებასაც კონგრესში უკვე თვეებია ცდილობენ

XS
SM
MD
LG