ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენი ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი 500-ზე მეტ ახალ სანქციას აქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ. 23 თებერვლით დათარიღებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ამერიკა ცდილობს, უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს.

"უკრაინის მამაცი ხალხი დაუმორჩილებელია და იბრძვის თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად. ნატო კი უფრო ძლიერი, უფრო დიდი და ერთიანია, ვიდრე როდესმე. და უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი უპრეცედენტო, 50 ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, რჩება უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის აგრესიის პასუხისმგებლობის დაკისრების ერთგული" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ამასთან, შეერთებული შტატები 100-მდე სუბიექტს, რუსეთის მხარდაჭერის გამო, საექსპორტო შეზღუდვებს უწესებს. ასევე, იდგმება ნაბიჯები რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომი შემცირებისთვის.

ახალი ზომები მიზნად ისახავს რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ომისა და ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. ვაშინგტონი ცდილობს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, როდესაც მას საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტი ემუქრება და შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება კონგრესში თვეების განმავლობაში გადაიდო.

„ისინი [სანქციები] უზრუნველყოფს იმას, რომ პუტინმა კიდევ უფრო მეტი საფასური გადაიხადოს საზღვარგარეთ მისი აგრესიისთვის და რეპრესიებისთვის“, - აცხადებს ბაიდენი.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პარასკევს გამოცხადებული საქნციების მთავარ სამიზნეებს შორის არიან ინდივიდუალური პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ალექსეი ნავალბის პატიმრობასთან. ასევე, სამიზნეებს შორისაა რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სხვა.

"ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის ხალხი აგრძელებს ბრძოლას უზარმაზარი გამბედაობით. მაგრამ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ. უკრაინას სჭირდება მეტი მარაგი შეერთებული შტატებისგან, რათა დაუპირისპირდეს დაუნდობელ თავდასხმებს, რაც შესაძლებელი გახდა რუსეთის იარაღისა და საბრძოლო მასალის გამო, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

”ამიტომაც, წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი კანონპროექტი, სანამ ძალიან გვიან იქნება”, - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG