ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ ნატა ფერაძეს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა


საქართველოს სასამართლომ ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ნატა ფერაძეს. მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების საქმეზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინი იყო გამოსახული, ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს.

სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატზე, საქართველოში დაბადებული სტალინიც იყო გამოსახული - საბჭოთა დიქტატორი და აღიარებული ათეისტი, რომელიც საკუთარი პოლიტიკით ძალადობრივად ანადგურებდა რელიგიურ დაწესებულებებს და მორწმუნე ადამიანებს საბჭოთა კავშირში. ნატა ფერაძემ ხატს პროტესტის ნიშნად, საღებავი შეასხა. ხატზე გამოსახულია რუსი წმინდანის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი, ერთ-ერთში კი იმდროინდელი კომუნისტი ბელადი - სტალინია ნაჩვენები, რომელიც მართლმადიდებელ წმინდანთან, მეორე მსოფლიო ომის დროს, კურთხევისთვისაა მისული.

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, 11 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მოუწოდა, შეცვალონ ხატზე გამოსახული სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლიდა ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებდა. საპატრიარქომ მიზეზი ასე განმარტა, - რუსეთის ეკლესიას, იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია "მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, რომელიც აქტივისტ ნატა ფერაძის უფლებებს იცავს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. იურისტი ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო შჩერბაკოვის გადაწყვეტილებას, მისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე.

"მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სტალინის მმართველობის დროს, კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. საზოგადოება "მემორიალის" მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა, 12 მილიონ ადამიანზე. გულაგის ისტორიული მუზეუმის შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი ერთიორად მეტია და 20 მილიონს აღწევს.

სტალინის მიერ დაწყებული, ე.წ. ხალხის მტრებისგან "დიდი წმენდის" ყველაზე მკაცრ წლებში, 1937-38 წლებში, მისი საიდუმლო სამსახური დღეში 1 000-ზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, უმრავლესობას - დახვრეტის გზით, კიდევ უფრო მეტს, რეჟიმი აპატიმრებდა, ან გადასახლებაში უშვებდა. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიები საქართველოსაც მთელი სისასტიკით შეეხო და თითქმის არ დატოვა ოჯახი, საიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს.

XS
SM
MD
LG