ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი აშფოთებს


საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საქართველოსთვის განკუთვნილი მხარდაჭერის პროგრამის მეორე ტრანშის განხილვა გადადო, აცხადებს, რომ ამის მიზეზი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიღო.

„ჩვენი შეშფოთების საგანი არის ის, თუ რა გავლენა ექნება საკანონმდებლო ცვლილებებს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე“, - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან წერილობით კომენტარში. მისივე თქმით, განხილვის გადადების მიზეზი ასევე არის “იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას მიჰყვეს“.

საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მხარდაჭერის სამწლიან პროგრამაზე შეთანხმებას 2022 წლის აპრილში მიაღწიეს. პროგრამა, სესხის სახით, საქართველოსთვის 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სავალუტო ფონდის მისიამ, მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის 11 მაისს დაასრულა და დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ფონდის საბჭოსთვის ივნისში უნდა წარედგინა. თუმცა ფონდმა გადაწყვეტილების წარდგენა, მომდევნო განხილვის თარიღის გამოცხადების გარეშე გადადო. საქართველოს ამ ეტაპზე ფონდისგან 40 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

„ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ კომენტარში, ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ დაცული იქნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა.

„ჩვენ ვაფასებთ ხელისუფლების ვალდებულებას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვისა და ფონდთან ძლიერი პროგრამული ჩართულობის გაგრძელების შესახებ. ჩვენი დისკუსიები ხელისუფლებასთან ორიენტირებულია იმაზე, რომ მივაღწიოთ საუკეთესო პრაქტიკულ გზას, ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მიზნების მისაღწევად და მეორე განხილვის დასასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, საქართველოს ხელისუფლებამ ივნისში, ცვლილებები შეიტანა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო მალევე დაძლია. ცვლილებების მიხედვით ბანკის საბჭოს სტრუქტურა ისე იცვლება, რომ კითხვის ქვეშ დგება მასში წევრთა ბალანსი და შესაბამისად, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის ხარისხი.

ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს დაემატა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალურად იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის პოზიციაზე ბანკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.

გასულ კვირას, ფონდის საქართველოს მისიამ ვირტუალური შეხვედრა გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ, 21 ივნისს, ფონდმა განაცხადა, რომ ის „სწავლობს საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უჭერს მხარს“. ფონდმა დასძინა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის“.

„ამერიკის ხმასთან“ კომენტარში ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსი ადასტურებს, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი განხილვის თემა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები იყო.

“ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად, თუ რამ განაპირობა წარდგენის გადადება და რას აკეთებს ქართული მხარე მხარდაჭერის პაკეტის მეორე ტრანშის მისაღებად, საქართველოს ეროვნული ბანკი დეტალებზე არ საუბრობს. ბანკი ახცადებს, რომ ფონდი დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში გეგმავს.

“როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა, პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის აღმასრულებელ საბჭოზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო. სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება. 21 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში დადებითადაა შეფასებული ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარება ქვეყანაში. ასევე, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული ფონდი ელის დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში”, - ნათქვამია ბანკის წერილობით პასუხში.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრი უნდა შედიოდეს. ახლა საბჭოში მხოლოდ შვიდი წევრია, რომელთა უმეტესობასაც ბანკის აღმასრულებელები წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც კიდევ ორ წევრს, (მათ შორის, ერთ ვიცე-პრეზიდენტს) დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, საბჭოში 5 წევრი დარჩება. ასარჩევია ბანკის პრეზიდენტიც. 26 ივნისს პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. პრეზიდენტი ასევე საუბრობს „ქართული ოცნების“ მიერ ბანკზე კონტროლის მოპოვების მცდელობაზე. ამ დრომდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში უმრავლესობას თავად ბანკის აღმასრულებლები წარმოადგენენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG