ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა პრობლემას ქმნის საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით?!


სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სპეცწარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სპეცწარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში

„ზემო ლარსზე“ ამჟამად ხორციელდება ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა, რომელიც ჩვენ ევროპის ქვეყნებმა მოგვიწყვეს“ - რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსის რუსლან დავიდოვის ამ სკანდალური განცხადებიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოს დედაქალაქს სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სპეცწარმომადგენლები სტუმრობენ.

ჯიმ ობრაიენი, დევიდ ოსალივანი და კუმარ აერი თბილისში, სახელმწიფო კანცელარიაში უკვე შეხვდნენ პრემიერ ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილს, ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილსა და ფინანსთა მინისტრ ხუციშვილს.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სანქციების დარღვევას კატეგორიულად უარყოფს
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სანქციების დარღვევას კატეგორიულად უარყოფს

მოგვიანებით, ტრიომ აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან ერთად, ქართველ ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა, რა პრობლემებს უქმნის ან შეუქმნის კერძო სექტორს და საქართველოს ეკონომიკას საერთაშორისო სანქციების აღსრულება?

რუსეთიდან ძალიან გაზრდილია იმპორტი, მათ შორის ნავთობპროდუქტების. გაზრდილია რუსეთში ექსპორტიც და გაზრდილია ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში
გიორგი ბილანიშვილი, ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში

„სანქციებთან სრულად მიერთებას საქართველოს არავინ სთხოვს, არსებობს გარკვეული სანქციები, რომელზეც ქვეყანა მიერთებულია და არის ისეთი სანქციები, რომელსაც შეუძლია მიუერთდეს და ეს საქართველოს არ დააზიანებს.

ამაზეა საუბარი და არა მთლიანად ემბარგოზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვაზე რუსეთთან“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ექსპერტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ბილანიშვილმა.

მისი თქმით, კითხვები საქართველოს მიმართ არსებობს იმის გამო, რომ მთავრობამ უკრაინის ომისა და სანქციების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან.

„რუსეთიდან გაზრდილია იმპორტი ძალიან მნიშვნელოვლად, მათ შორის ნავთობპროდუქტების იმპორტი. გაზრდილია რუსეთში ექსპორტიც და გაზრდილია ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში - ყაზახეთსა და სომხეთში.

საფრთხე რაში მდგომარეობს? ჩვენ წარმოება არ გაგვიზრდია იმდენად, რომ საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი იყოს გაზრდილი, იგივე რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში ან სომხეთში. ანუ ხდება რეექსპორტი.

შესაბამისად ხდება ისეთი პროდუქციის რეექსპორტი, რომლის დეფიციტიც გაჩნდა რუსეთში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე. მათ შორის, შეიძლება იყოს, ისეთი პროდუქცია, რომელსაც ან ორმაგი დანიშნულება აქვს, ან მოქცეულია სანქციების ქვეშ. ეს ზრდის ე.წ მეორადი სანქციების რისკს“ - მიაჩნია გიორგი ბილანიშვილს.

საქართველო მთავრობა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან კატეგორიულად უარყოფს, რომ თბილისი მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება პრინციპულად არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა „ორმაგი დანიშბულების“ ან სანქცირებული ტვირთის რუსეთში ექსპორტს და რეექსპორტს კატეგორიულად გამორიცხავს.

არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა რომ რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი
ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი

„ქვეყანა მაქსიმალურად თანხვედრაშია საერთაშორისო-ფინანსურ სანქციებთან, რომელიც დაწესებული იქნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“ - განაცხადა ობრაიენთან, ოსალივანთან და აერთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მისი თქმით, „მას შემდეგ, რაც ჩვენს რეგიონში დაიწყო, საომარი კონფლიქტი, არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა რომ რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი“.

„ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვითხოვთ, თუნდაც ერთ მტკიცებულებას, რომელიც ამას დაადასტურებდა, რომ საქართველო შესაძლოა სანქციების თავის არიდების ადგილად იქნას გამოყენებული. ასეთი მტკიცებულება ჯერ არ მიგვიღია“ - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე: "ვითხოვთ თუნდაც ერთ მტკიცებულებას"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

იგივეს აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიც - „ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და საქონელი მიემართება რუსეთის ან ბელარუსის დანიშნულებით, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება“.

ვითხოვთ თუნდაც ერთ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველო შესაძლოა სანქციების თავის არიდების ადგილად იქნას გამოყენებული
მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნება"

„სანქციების აღსრულების ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“ - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, სანქციების საკითხებში სპეცწამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მეორეს მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, ოკუპანტმა მოსკოვმა სწორედ საქართველოსთან აღადგინა საჰაერო მიმოსვლა, გააუქმა სავიზო რეჟიმი და გააორმაგა ვაჭრობა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის პროგნოზით, „ზემო ლარსი - ყაზბეგის“ საბაჟო პუნქტზე, 2023 წელს, ტვირთბრუნვა - 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს. „ეს ევროპის ქვეყნების მიერ მოწყობილი ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაა“ - მიაჩნიათ რუსეთში.

ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის მიმართულებით ვაჭრობის გაორმაგებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესებს, სტრატეგიულ შეცდომას უწოდებს „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

„ოცნება“ იმდენ შეცდომას უშვებს ყოველდღიურად და იმდენად იზრდება ამ შეცდომების სიმძიმის ხარისხი რომ ხვალ, თუ რაიმე სანქციამ გაიჟღერა, „ოცნება“ ამას პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა „უმადლოდეს“
თენგიზ ფხალაძე

„სტრატეგიულ პარტნიორებთან ქიშპი, საბოლოო ჯამში ასუსტებს საქართველოს, რაც მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია. ეს ერთი ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც არ სჭირდება საქართველოში სტაბილურობა, რომელსაც სჭირდება აქ პოლარიზაცია, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და გახლეჩილი საზოგადოება.

„ქართული ოცნება“ იმდენ შეცდომას უშვებს ყოველდღიურად და იმდენად იზრდება ამ შეცდომების სიმძიმის ხარისხი, რომ ხვალ, თუ რაიმე სანქციამ გაიჟღერა, „ოცნება“ ამას პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა „უმადლოდეს“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თენგიზ ფხალაძე.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ოსალივანი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ობრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში აიერი, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ შეაჯამებენ და ხვალვე გასცემენ პასუხს მთავარ შეკითხვას, რა პრობლემას ქმნის საქართველო, რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით?

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG