ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ. დეპარტამენტი: საელჩო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ მუშაობს ერთი რომელიმე პარტიისთვის


ვაშინგტონი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს ამერიკის საელჩოს მიმართ გაკეთებული „ცრუ და უპასუხისმგებლო“ განცხადებების გამო.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს თბილისთან ოფიციალური უკმაყოფილების გამოხატვას, რომელზეც მანამდე თბილისში ამერიკის საელჩომ განაცხადა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანს და მის გუნდს. ამერიკის დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ ქვეყანაში კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიული მომავლის მისაღწევად.

„ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში ჩვენს საელჩოში თავდადებული არიან იმისთვის, რომ იმუშაონ ქართველ ხალხთან ერთად მათი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდასაჭერად. საელჩო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ მუშაობს ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვმუშაობდით ერთმანეთის მხარდამხარ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება“.

26 ივლისს ამერიკის საელჩომ თბილისში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საელჩოს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას მავნებლური და ცრუ უწოდა.

„შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, გამოთქვა შეშფოთება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომელიც ბოლო დღეებში ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის მიერ გაჟღერდა შეერთებული შტატების საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების მუშაობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საელჩოს და ამერიკის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლის წერილობით კომენტარში.

საელჩომ დასძინა, რომ „თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არავინ ჩართულა ლობირებაში ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდასაჭერად ან დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დანიშნვაში. მავნე ისტორიები, რომლებიც ამტკიცებენ ან მიანიშნებენ, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, კატეგორიულად ცრუ და უპასუხისმგებლოა“.

გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლეიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და თქვა, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, დიპლომატი ევან ელიოტი ლობისტურ საქმიანობაში იყო ჩართული. მისი განცხადებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, "სწორედ ელიოტის დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას".

საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერიც, მათ შორის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელმაც თქვა, რომ საელჩოს მხრიდან „ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი“:

“თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, იქნება ეს საელჩოს განცხადებაში, მარგველაშვილის განცხადებაში, თუ ნებისმიერ სხვა განცხადებაში, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, რომლებიც ამ თემაზე საუბრობდნენ, არამედ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა. ჩამოთვლილია, გვარებია მითითებული ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ სამუშაოს ასრულებენ. პირადად იღებენ, ეს სამუშაო რესურსია. რაიმე სხვა შესაძლებლობების გამოყენება - მედია სტატიების შეკვეთა თუ სხვა. ადამიანის გვარი ფიგურირებს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებში, ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი“, - ამბობს ვოლსკი.

განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამაც და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭებაში კელი დეგნანი, "სააკაშვილზე ზღაპრების მოყოლაში" კი - ამერიკელი სენატორები დაადანაშაულა.

"სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ. სამწუხაროდ, მან ვერ გაართვა თავი და პირიქით, შეძლო, მოახერხა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით", - ამბობს ზარქუა.

პარლამენტარის განცხადებით, ამერიკის ელჩი "უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი". ამავე ნაცხადებაში "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზარქუამ თქვა, რომ ელჩთან ერთად საქართველოს ინტერესებს სხვებიც ვნებდნენ, "სენატორებიც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანას "აშავებდნენ" და სააკაშვილზე რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

XS
SM
MD
LG