ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვილი კოალიციებით არჩევნებზე - რეცეპტი ოპოზიციისთვის


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წლითა და ოთხი თვით ადრე, ოპოზიციის მდგომარეობა საკმაოდ რთულია
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წლითა და ოთხი თვით ადრე, ოპოზიციის მდგომარეობა საკმაოდ რთულია

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, წლითა და ოთხი თვით ადრე, კოალიციაზე და შესაძლო პარტნიორებზე დაიწყეს ფიქრი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც 2012 წლიდან ოპოზიციაშია, „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნა და აქტიური კონსულტაცია, ჯერ მხოლოდ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელთან“ აქვს.

"ნაციონალური მოძრაობა" შეხვედრას მართავს სამეგრელოში
"ნაციონალური მოძრაობა" შეხვედრას მართავს სამეგრელოში

„ოპოზიცია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება. რთული იქნება გაერთიანება ერთ ბლოკად, მაგრამ შესაძლებელი იქნება, ორი ან სამი დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა. ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ გადალახული იქნას 5 პროცენტიანი ბარიერი და „ოცნებამ“ ვერ მოახერხოს, 35-40%-იანი მხარდაჭერის პირობებში, 70% მანდატების მიღება“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯიპა-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ.

კვაშილავა ოპოზიციის მდგომარეობასა და კოალიციებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:12 0:00

კვაშილავას თქმით, „თუკი დიდი რაოდენობა ხმების დაკარგული აღმოჩნდა, ეს (ხმები), მათ შორის, ვინც გადალახა 5%-იანი ბარიერი, მანდატები პროპორციულად გადანაწილდება. ეს ოპოზიციაში კარგად იციან და დარწმუნებული ვარ, ახლა მიმდინარეობს საუბარი, თუ რა ტიპის კოალიცია უნდა შეიქმნას.

ორი ან სამი დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნა. ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ გადალახული იქნას 5 პროცენტიანი ბარიერი და „ოცნებამ“ არ მოახერხოს, 35-40%-იანი მხარდაჭერის პირობებში, 70% მანდატების მიღება
ბაკურ კვაშილავა, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი

ჩემი აზრით, წამგებიანი იქნება ერთი კოალიციის შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის სპეციფიკური მოთხოვნების გამო და იმის გამოც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი რაოდენობით მოწინააღმდეგები ჰყავს, მათ შორის, არა „ოცნების“ მხარდამჭერებიც.

მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“ ამას ითვალისწინებენ და შესაბამისად, თუკი ისინი საარჩევნო კამპანიის დროს, არ დაიწყენებენ სხვა ოპოზიციური გაერთიანებების ლანძღვას, შესაძლებელი იქნება, „ოცნებამ“ ვერ მიაღწიოს დასახულ მიზანს და ვერ აიღოს აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში, რისი მსგავსიც დღეს აქვს“ - მიაჩნია კვაშილავას.

მარტის კრიზისის შემდეგ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეძლო მიეღო, ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, მმართველი პარტიაც ფაქტობრივად საარჩევნო რეჟიმშია. „ოცნებამ“ უკვე ჩაატარა პარტიული კონფერენციები რამდენიმე რეგიონში, სადაც პარტიულ ორგანიზაციებში მნიშვნელოვანი საკადრო როტაციაც განახორციელა.

"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენცია ქვემო ქართლში
"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენცია ქვემო ქართლში

პარალელურად, „ოცნება“ ოპოზიციის სისუსტეზე სისტემატურად საუბრობს. „ნული!, ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული“ - ასე შეაფასა წინა კვირას, კონკურენტების მდგომარეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნული! ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი

„საერთოდ არ მაინტერესებს რა კოალიციით იქნებიან ისინი არჩევნებზე წარმოდგენილები. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს, „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ.

ის, რომ ოპოზიცია არ არის საუკეთესო ფორმაში და მართლაც არის საფრთხე, რომ მათთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წარუმატებელი აღმოჩნდეს, ფიქრობს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძეც.

ყველა ოპოზიციური პარტიის მექანიკური გაერთიანება პანაცეა არ არის
დავით სიხარულიძე, ყოფილი ელჩი აშშ-ში

„არსებობს ამის საფრთხე, რადგან აქ გამოყენებული არის ის მექანიზმები და ბერკეტები, რომლებსაც ავტორიტარული სისტემა ყოველთვის იყენებს, ჯერ ძალაუფლების მიტაცებისთვის და შემდეგ მისი შენარჩუნებისთვის“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ სიხარულიძემ.

მისი თქმით, „ოპოზიციას ყურების ჩამოყრა და ხელების ჩამოშვება არ უშველის. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების გარკვეული გამსხვილება მოხდეს, თუმცა, ყველა ოპოზიციური პარტიის მექანიკური გაერთიანება პანაცეა არ არის.

სიხარულიძე: "ოპოზიცია კარგ ფორმაში არ არის"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ოპოზიციამ უნდა შექმნას და წინ წამოწიოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კი საქართველოში ამომრჩეველს აწუხებს. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა, როგორც საარჩევნო კამპანიის ჩატარების, ისე საარჩენო კომისიებში ხმების დაცვის კუთხით“ - ამბობს სიხარულიძე.

მხოლოდ სანქციებით გარედან ხელისუფლების შეცვლა და ამის იმედად ყოფნა არა მგონია, რომ შესაძლებელი იყოს

ცალკეულ ოპოზიური პარტიებში არსებულ მოლოდინს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ამოქმედება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხებას დააჩქარებს, ანალიტიკოსები შეცდომას უწოდებენ.

„მხოლოდ სანქციებით გარედან ან გარკვეული ეკონომიკური ზომებით, ხელისუფლების შეცვლა და ამის იმედად ყოფნა არა მგონია, რომ შესაძლებელი და რეალობასთან ახლოს იყოს.

ამან შეიძლება გარკვეული კონკურენცია შექმნას და ოპოზიციისთვის გაათანაბროს ის ადმინისტრაციული რესურსის უპირატესობა, რომელიც მმართველ გუნდს გააჩნია, მაგრამ პირველ რიგში, შენ (ოპოზიციამ) უნდა დააჯერო მოსახლეობა რომ გამოვიდეს და ხმა მოგცეს“ - გვითხრა კვაშილავამ.

„ნაციონალების“ შეთავაზებას შეუერთდნენ ახალ პლატფორმას, სხვა ოპოზიციური ძალები, გარდა, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

„ლელო“, გირჩი“, „ლეიბორისტები“, „საქართველოსთვის“ და სხვა პოლიტიკური პარტიები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალ-ცალკე ბრძოლას აპირებენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება, ექსპერტების აზრით, პოლიტიკური ვითარების მიხედვით, შესაძლოა, კოალიციის სასარგებლოდ გადაიხედოს.

"ლელოს" ლიდერთა კონფერენცია
"ლელოს" ლიდერთა კონფერენცია

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG