ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოცნებამ“ ეტლი, პაიკები და პოზიცია შეწირა, ლაზიერს ვერ თმობს


20-21 ივნისის მიტინგის დარბევა, გიორგი არჯევანიძის ფოტო

„ქართული ოცნება“, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო მიტინგის სასტიკი დარბევით ფატალური შეცდომები დაუშვა, ძალაუფლების გადარჩენის მიზნით და საზოგადოებრივი აზრის დასაშოშმინებლად ფიგურების შეწირვასა და პოზიციების დროებით დათმობას განაგრძობს.

მმართველი პარტიის მილიარდერი ლიდერი თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარეს შეელია. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სწორედ ის ირაკლი კობახიძე „გადაუგდო“, რომელიც მის გადაგდომაზე საუბარს, რამდენიმე დღის წინ „არასერიოზულად“ მიიჩნევდა.

დღეს, ივანიშვილი ოპოზიციის კიდევ ერთ მოთხოვნას დათანხმდა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება, თანაც 5 პროცენტიანის ნაცვლად, ე.წ „ნულოვანი ბარიერით“.

ივანიშვილი "ოცნების" ბირთვს ხვდება
ივანიშვილი "ოცნების" ბირთვს ხვდება

მაჟორიტარული სისტემის პოზიციურ დათმობაზე მილიარდერი, რომლის საცხოვრებელ კომპლექსს და ბიზნესცენტრს სოლოლაკში მეორე დღეა შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი იცავს, რამდენიმე საათი, „ოცნების“ პოლიტსაბჭოსთან და უმრავლესობასთან თათბირობდა. ანუ იმ პარტაქტივთან, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება საქართველოში 2024 წლამდე შეუძლებელი იყო.

ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის წინაშე"
ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

„ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის წინაშე. საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს“ - ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

სამდღიანი დუმილის შემდეგ, დღეს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისის მიტინგის დარბევის ფაქტზე, „აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე" გამოძიება დაიწყო, რითაც ღიად მიანიშნა რომ ივანიშვილის პარტია ფიგურების გარდა, პაიკების შესაწირადაც მზად არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრის განცხადებით, „ორი პოლიციელის ქმედებაში, რომლებიც აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ, "სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა". კიდევ 10 პოლიციელს კი გამოძიების დასრულებამდე "სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ".

გიორგი გოგუას ფოტო
გიორგი გოგუას ფოტო

სამაგიეროდ, ივანიშვილი ვერ ელევა ლაზიერს - შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეწირვას "ოცნების" თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ რისკავს.

გახარიას „თავს“ „ტანს“ და განსაკუთრებით, „თვალს“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილენი გადაჭრით მოითხოვენ. დღეს მათ ხმაურიანი პროტესტი შს სამინისტროს ახალ შენობასთან გამოხატეს, თავად მინისტრი კი მიტინგის დარბევის საკითხზე პარლამენტში გამოსვლას ითხოვს.

შსს პარალელურად, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების" საქმესაც იძიებს, მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ამ დრომდე არ დაუკითხავს. ხელისუფლების მომხრე საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის შტურმით აღებისკენ მშვიდობიან დემონსტრანტებს სწორედ ამ პოლიტიკოსებმა მოუწოდეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ „ოცნება“ სინამდვილეში ისევ ვაჭრობს, რომ მინისტრ გახარიას გადაყენება არ დაუშვას:

ერთი დღე ისინი ვაჭრობდნენ კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი"
ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველოს" ლიდერი

“ერთი დღე ისინი ვაჭრობდნენ კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს არის შს მინისტრი, რომელმაც გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ ადამიანები. ეს ვერ შერჩება მინისტრს. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი. ამიტომ მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია.” - აღნიშნა ხოშტარიამ.

20-21 ივნისის ღამის დარბევის გამო, ორი დემონსტრანტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, განსაკუთრებით მძიმე, 31 წლის დავით ფარადაშვილის მდგომარეობაა, რომელსაც რეზინის ტყვია საფეთქელთან მოარტყეს და ტვინი დაუზიანეს.

დარბევის შემდეგ დავით ფარადაშვილი სიკვდილს ებრძვის
დარბევის შემდეგ დავით ფარადაშვილი სიკვდილს ებრძვის

სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ დამიზნებით ნასროლი ტყვიებით თვალი სამმა მოქალაქემ დაკარგა. სულ ჯამში „გავრილოვის ღამეს“ 240 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის 160 დემონსტრანტი და 80 პოლიციელი. საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობას 12 დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი აგრძელებს.

პოლიციამ ჯამში 300-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა, უმრავლეს შემთხვევაში დაკავებულებს სასტიკად სცემეს. 100-ზე მეტ მოქალაქეს სასამართლომ რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

სახალხო დამცველის განცხადებით, დაკავებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ. თანამებრძოლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

18 წლის მაკო გომურმა დარბევის დროს თვალი დაკარგა
18 წლის მაკო გომურმა დარბევის დროს თვალი დაკარგა

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG