ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტის მეორე დღე და რუსული მათრახი


"რადიო თავისუფლების" ფოტო, 21 ივნისი, 2019
"რადიო თავისუფლების" ფოტო, 21 ივნისი, 2019

„მორჩა 21 ივნისი, თუმცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ისევ სასამართლოშია და აგრძელებს დაკავებულთა ინტერესების დაცვას. 35 დასრულებული სასამართლო პროცესი და არაერთი სასამართლო სხდომა, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩატარებულა.“- წერს თავის ფეისბუქ გვერდზე სულხან სალაძე, საიას აღმასრულებელი დირექტორი.

პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელით ადამიანები ერთმანეთს ეძებენ, რადგან 20 ივნისის აქციიდან ძალიან ბევრი მოქალაქე სახლში არ დაბრუნდა. სამართალდამცავთა მიერ დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, საუბარია, დაახლოებით 300 ადამიანზე.

„დილის 5 საათიდან ვეძებდით დავით ხვადაგიანს, სანამ არ გავიგეთ, რომ სასამართლოში გადაყავთ. მანამდე ვრეკეთ მორგში, სახალხო დამცველთან, საავადმყოფოებში და ბოლოს ირაკლიმ მოგვაწვდინა ხმა, რომ სასტიკად ნაცემია. მალე სასამართლო იქნება... დარეკა დათო ხვადაგიანმა არ ესმის ცალ ყურში, ვერ დადის, რადგან ცალი ფეხი დუბინკებით და ფარის ცემისგან დაზიანებული აქვს. გვერდები ჩალეწილი მაქვსო. სასამართლო ჯერ არ გამართულა. მხოლოდ ახლა დაარეკინეს დილიდან დაკარგულს“,- წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი, რომელიც კოლეგას, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს დავით ხვადაგიანს, აქციის შემდეგ ეძებდა.

„სრული ქაოსია სასამართლოში. უამრავი დაკავებული და კონვეირული წესით ჩატარებული სასამართლო სხდომები. ასე მგონია, 2011 წლის 26 მაისის საქმეების განხილვაზე ვარ“,- ამბობს სულხან სალაძე.

20 ივნისს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, მომდევნო დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. დეპუტატის მანდატზე უარი თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც ამბობს, რომ თავად გრძნობს პასუხისმგებლობას გავრილოვის ჩამოსვლის გამო საქართველოში. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გამოხატავს.

პარლამენტის წინ თბილისში, საპროტესტო აქციაზე 21 ივნისს მოქალაქეთა სიმრავლის მოლოდინი ნაკლებად არსებობდა, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა. 21 ივნისის საღამოს შვიდ საათზე აქ ხალხმა შეკრება დაიწყო. მრავალი პროტესტის მნახველ ადგილს, რუსთაველის გამზირს, ალბათ არ ახსოვს პრეცენდენტი, რაც პროტესტის მეორე დღეს დაფიქსირდა: აქციაზე პოლიტიკოსები არ მიიღეს. 7 საათზე შეკრება გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაგეგმა, მოქალაქეები მოვიდნენ, თუმცა პოლიტიკოსების სიტყვის მოსმენაზე უარი თქვეს.

ახალგაზრდების პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დღეს დაიწყო და მას სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდნენ. მათი მთავარი მესიჯი გახლდათ „არა რუსეთს“ და აქვე შეიქმნა სლოგანი „ნუ მაბრმავებ, რუსეთი ოკუპანტია“.

უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილმა ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მივიდოდნენ რუსთაველზე მანამ, ვიდრე იქ იყვნენ პოლიტიკოსები: „მინდა გავაკეთო ერთი მნიშვნელოვანი განცხადება. არსებობს საფრთხე იმისა, რომ სხვადასხვა ძალები შემოუერთდება ჩვენს აქციას. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს, მაქსიმალურად შეიკაონ თავი ადგილზე მოსვლისგან, პროვოკაციებისგან, ვინაიდან პროვოკაცია ახალგაზდების წინააღმდეგ არის დანაშაული... ჩვენ გვინდა, ყველამ ერთად ავწიოთ ხელები და ვანახოთ ჩვენი სუფთა ხელები საქართველოს. რუსეთს და ვუთხრათ ყველას ერთად, არა ძალადობას“...

ახალგაზრდები ითხოვენ ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, რადგან მას მიიჩნევენ მთავარ დამნაშავედ გუშინდელი აქციის დარბევაში, სადაც უამრავი ადამიანი დაშავდა. ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ მას შემდგომ, რაც სპეც დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაიწყეს რეზინის ტყვიების გამოყენება, პარლამენტის წინ, მათ გვერდით ვეღარ დაინახეს პოლიტიკოსები.

„ბიძინა ტარგარიანმა საბოლოოდ მოახდინა საქართველოს უზურპაცია. მას ჰყავს დრაკონი სახელად გახარია, რომელიც დაუნდობლად წვავს მთელ საქართველოს, რომელიც იპყრობს ანაკლიის პორტს, რომელიც იპყრობს ახალგაზრდობას, თავისი სუსის გავლენების გათვალისწინებით. მე წარმოვადგენ იმ გოგოს, რომელსაც და მიჰყავდა სახლში და თვალი ამოთხარეს“,- აცხადებდნენ აქციაზე ახალგაზრდები.

მოგვიანებით, პარლამენტთან მყოფ ადამიანებს უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილი სტუდენტების ნაწილიც შეუერთდა: „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის აგიტაცია არ ხდება იქ და ამიტომ“,- თქვეს სტუდენტებმა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, გიგი უგულავას, რომელიც პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, წყლის ბოთლები დაუშნეს, და ფაქტობრივად, აქციიდან გააგდეს.

ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნაა გახარიას გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პროპორციული სისტემით.

21 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალური აქციები დააორგანიზა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც მონაწილეობა ჟურნალისტებმა მიიღეს იმ კოლეგებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების გასაპროტესტებლად, ვინც 20 ივნისის აქციისას დაშავდა. ქარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარბევისას ჯანმრთელობის დაზიანება 34-მა ჟურნალისტმა მიიღო.

საპროტესტო აქცია გორშიც გაიმართა, სამხარეო პოლიციის შენობის წინ, თუმცა საპროტესტო პლაკატები, რომელზეც იყო წარწერა: „ნუ გვესვრით“, პოლიციელებმა ჟურნალისტებს ნაგვის ურნაში ჩაუყარეს.

21 ივნისს კიდევ ერთი ნიშანდობლივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გავრილოვის ქვეყნიდან გაძევებამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი იმდენად აღაშფოთა, რომ სპეციალური, „საქართველოს დამსჯელი“ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, 8 ივლისიდან საქართველოში რუსულ ავიაკომპანიებს ტურისტების ჩამოყვანა აეკრძალებათ, რუსული ტურ-ოპერატორები კი სამოგზაურო პაკეტებს ვეღარ გაყიდიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG