ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიცია თბილისში აქციის დაშლას ცრემლსადენი გაზით ცდილობს


საქართველოს პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ტერიტორია დატოვა. დაზარალებული მოქალაქეები ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაჰყავთ.

პარლამენტში მივიდა პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ დემონსტრანტებს მიმართა და აღნიშნა, რომ გამოსვლა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

"ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა, დღეს, ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ეს არავის გამოუვა. ეს არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მან განაცხადა, რომ ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტში „მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეა“ არ უნდა ჩატარებულიყო.

პრემიერმა აქციის მონაწილე ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია, თუმცა მის გამოყენებას "უპასუხისმგებლო ძალა" პროვოკაციისთვის ცდილობს.

"თქვენი პროტესტი არის სამართლიანი და მე ვარ თქვენს გვერდით, ამავე დროს, თითოეული თქვენგანი ადევნებს თვალს, როგორ ცდილობენ, თქვენი გულწრფელი პროტესტი გამოიყენონ თავიანთი პროვოკაციისთვის", - თქვა პრემიერმა.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ.

ამერიკის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ისინი ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ გვესმის ის ტკივილი, რასაც უამრავი ადამიანი დღეს განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და გამუდმებით იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - ვკითუხლობთ ერთობლივ განცხადებაში.

დემონსტრანტებს მიმართა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც განაცხადა რომ აქცია არის "პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფამდე".

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG