ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 გადამწყვეტი ხმა და ერთი ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად 


Tbilisi Georgia

ერთი ნაბიჯი აშორებს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისგან, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში მანდატების განაწილების წესი შეიცვლება და ახლებურად 120/30 განისაზღვრება.

ახალი წესის განსაზღვრისთვის პარლამენტმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ორი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებულია. თუ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, მეორე მოსმენით მხარდამჭერ დეპუტატთა რაოდენობამ ელექტრონულ დაფაზე 115 შეადგინა. სულ კი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

მიზეზი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც თავის მხრივ როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მმართველი გუნდის ქართული ოცნების გადაწყვეტილებით არის განპირობებული.

ოპოზიცია კენჭისყრებში მონაწილეობას არ იღებს, რადგან ამ დრომდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა, რომელიც მთავარი არხის დამფუძნებელი და ახალგაზრდული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელია.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩარევის საფუძველზე მოხდა. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების აქტიური ძალისხმევით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა. კრიზისი პარტიებს შორის გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტმა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის საჭირო ცვლილებების პაკეტი ჩააგდო.

მიღწეული შეთანხმებით, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს, 77 დან 120-მდე იზრდება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. თუ ამ დროისთვის საქართველოში 73 მაჟორიტარული ოლქია, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მათი რაოდენობა 30 იქნება.

დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით გაიმართება და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტს პარლამენტი მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს, სისტემა 2024 წლამდე შენარჩუნდება და ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც არჩევნები სწორედ ამ სისტემით გაიმართება. 2024 წლიდან კი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით, არჩევნები საქართველოში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG