ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები: ნატომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა


მსოფლიოს ყურადღება, 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტისკენაა მიპყრობილი. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენები განიხილონ და სამომავლო გეგმები დასახონ.

ამერიკის კონგრესში მიაჩნიათ, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება უმნიშვნელოვანესი იქნება.

ჯერი კონოლი, დემოკრატი კონგრესმენი ვირჯინიიდან ამბობს, რომ მას მოლოდინი აქვს, რომ ნატო ერთიანი იქნება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის რუსული აგრესიისგან დაცვაში.

„მე ველოდები ნატოს ერთიანი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურებას უკრაინის მიმართ მისი მცდელობის ყველა ასპექტში, რომ უკრაინის სუვერენული ტერიტორიდან რუსული ჯარი განდევნოს და გულწრფელად რომ ვთქვათ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხოს კიდეც. ეს არის ურყევი ვალდებულება, რომელიც უნდა გვქონდეს ერთობლივად, როგორც ალიანსს. მჯერა, რომ ვილნიუსში ასეც მოხდება. ვფიქრობ, ისინი ასევე განიხილავენ იარაღის გარკვეულ სისტემებს, რომლებიც შესაძლოა, საჭირო გახდეს უკრაინის გამარჯვებისთვის“, - თქვა კონოლიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებაზე ანგარიშვალდებულების დაწესებას ითხოვს, პარტიაში ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძლებებას ემხრობიან.

„ვფიქრობ, ნატომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არის უკრაინის ნატოში გაწევრიანება, რასაც მე მხარს ვუჭერ“, - ამბობს მაიკ ლოიერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ნიუ-იორკიდან.

მოლოდინი იმისა, რომ ნატოს მიმდინარე სამიტზე უკრაინა ნატოს წევრი გახდება, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი დიპლომატები ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ომის დასასრულის ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავენ, პოლიტიკური ექსპერტები არ მოელიან, რომ უკრაინისთვის ამ ეტაპზე რაიმე ძირეული ცვლილება მოხდება.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, ზოგიერთი პოლიტიკურ ექსპერტის მსგავსად, კანონდმებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შვედეთს ვილნიუსის სამიტზე რეალური შანსი აქვს.

„ვფიქრობ რომ [სამიტი] ძალიან წარმატებული იქნება. არსებობს რეალური შანსი, რომ შვედეთი [ნატოში] გაწევრიანდეს. ვიხილავთ ალიანსის წევრების უფრო მეტ ჩართულობასაც. ხალხი ამ სამიტის შემდეგ კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, ჩართულობას და ერთიანობას დაინახავს. ეს წარმატება იქნება ყველასთვის, ვლადიმირ პუტინის გარდა“, - ამბობს ბილ კიტინგი, დემოკრატი კონგრესმენი მასაჩუსეტსიდან.

უკრაინისა და შვედეთის საკითხების გარდა, ფოკუსი რუსეთის დამარცხებასა და მასზე ზეწოლაზეც იქნება. ბრედ შნაიდერი, დემოკრატი კონგრესმენი ილიონისიდან ამბობს, რომ „ნატოს წევრები ვილნიუსში შეიკრიბებიან და ისაუბრებენ. სხვა თემებთან ერთად განიხილავენ როგორ შეძლოს უკრაინამ თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა და როგორ მოხდეს იმის გარანტირება, რომ რუსეთს სტრატეგიული გამარჯვების შანსი არ ჰქონდეს. ვფიქრობ, ასევე ძალიან ბევრს მოვისმენთ იმაზეც, როგორ იყოს უკრაინა მომავალში ძალიან ძლიერი და უსაფრთხო“.

რას გადაწყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნები ვილნიუსის ისტორიულ სამიტზე 12 ივლისს გახდება ცნობილი.

ინტერვიუები ამერიკელ კონგრესმენებთან "ამერიკის ხმის" უკრაინულმა რედქციამ ჩაწერა.

XS
SM
MD
LG