ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაგანი: ახლა რუსეთში ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრი ფიქრობს, როგორ ემუქრება თავად მას რაიმე მსგავსი


ევგენი პრიგოჟინის დაუსრულებელი "მარში მოსკოვზე" ახლაც პოლიტიკური განხილვების, ანალიზისა და ვარაუდების ცენტრშია: რა გავლენა ჰქონდა რუსეთში მომხდარ შეიარაღებულ ამბოხს როგორც თავად რუსეთზე, ასევე უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე? ამ საკითხზე "ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის" კრიტიკული საფრთხეების ცენტრის დირექტორი და შეერთებულ შტატებში რუსეთის სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი, ფრედ კაგანი საუბრობს. ის ასევე აქტიურადაა ჩართული "ომის კვლევების ინსტიტუტის" საქმიანობაში, რომელიც უკრაინის ომის შესახებ ყოველდღიურ ანალიზს აქვეყნებს.

კაგანი ამბობს, რომ ამბოხმა რუსეთის მმართველ წრეებში მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია, რომელთა შედეგებსაც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიხილავთ. კაგანს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო ფრედ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ დღეს, პრიგოჟინის ამბოხის შემდგომ კრემლის მდგომარეობა?

ევგენი პრიგოჟინმა დაიწყო რაღაც, რაზეც ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რა იყო - როგორც ჩანს, შეიარაღებული აჯანყება. მისი მიზანი, სავარაუდოდ, პუტინის დაშანტაჟება იყო იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლა ეიძულებინა. არ ვფიქრობ, რომ პრიგოჟინი ცდილობდა ძალაუფლება თვითონ ჩაეგდო ხელში. ამ შეიარაღებული აჯანყების წამოწყებისას, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის ზოგიერთი სამხედრო ელემენტი მას შეუერთდებოდა. როდესაც მიხვდა, რომ ეს არ მოხდებოდა, როგორც ჩანს, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაურეკა. მან მოგვიანებით დეტალურად აღწერა ეს პროცესი და ის, თუ როგორ მიაღწიეს მისი შუამავლობით შეთანხმებას, რომლითაც პუტინი [პრიგოჟინს] უსაფრთხოებას და "ვაგნერის" ძალების ბელარუსში გადაყვანას დაჰპირდა.

ვფიქრობ, პუტინი ამით მძიმედ დაზარალდა. პრიგოჟინი აშკარად დიდი ხანის განმავლობაში პუტინის ახლო წრის სანდო წევრი იყო. ის პუტინს არა მხოლოდ დაუპირისპირდა, არამედ, მის წინააღმდეგ სამხედრო ძალაც კი გამოიყენა. თავად ის ფაქტი, რომ ასეთი მოვლენა მოხდა, დამანგრეველი დარტყმაა პუტინისთვის. ეს არსად არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ განსაკუთრებით არ უნდა მოხდეს ისეთი რეჟიმის მმართველობის პირობებში, რომელიც მთლიანად ერთგულებაზეა დამოკიდებული. პუტინი სწორედ ასე ურთიერთობს მის ახლო წრესთან: რაც უფრო მეტად ერთგული ხარ მის მიმართ, მით მეტად ერთგულია ის შენ მიმართ. პრიგოჟინმა მას უღალატა ისე, როგორც ეს აქამდე არასოდეს გვინახავს.

ეს დარტყმა იყო რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაც. მათ პრიგოჟინი არ შეაჩერეს. ვაგნერმა როსტოვი და სამხრეთის სამხედრო სარდლობის შტაბბინა - სარდლობა, რომელიც მთელ ომს ზედამხედველობს - ისე აიღო, რომ მის წინააღმდეგ არავის გაუსვრია. მოსკოვისკენ მიმავალ მის დაჯგუფებას საგუშაგოები უბრალოდ ბარდებოდნენ. არავინ იბრძოდა. პრიგოჟინი უკან რომ არ შეტრიალებულიყო ის მოსკოვში სავარაუდოდ შევიდოდა კიდეც. ეს არის დამანგრეველი დარტყმა რუსეთის უშიშროების ძალების ერთგულებაზე და მათ შესაძლებლობებზე. ეს ასევე არის დამცირება. ყველაზე მძიმე დამცირება კი ის არის, რომ ლუკაშენკო თავად ჩაერთო პროცესში და იშუამდგომლა დავაში, რომლის გადაჭრაც პუტინმა ვერ შეძლო. ეს პუტინისთვის თითქმის აუტანელი დამცირება უნდა ყოფილიყო. ახლა ვხედავთ სასტიკად დასუსტებულ და დამცირებულ პუტინს, რომელიც ჯერ კიდევ მართავს ქვეყანას.

როგორ ფიქრობთ, რატომ მისცეს უშიშროების ძალებმა და სამსახურებმა პრიგოჟინს იქამდე მისვლის საშუალება, სადამდეც ის მივიდა?

მკაფიო და დაბალანსებული რომ ვიყოთ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის შიდა უსაფრთხოების ძალები, არ არის შექმნილი მოსკოვზე მექანიზებული სამხედრო სვლის შესაჩერებლად. ამისთვის რუსეთს ჰყავს ჯარი, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის. ძალებს, რომლებიც პრიგოჟინის შესაჩერებლად მიდიოდნენ, არასოდეს ჰქონიათ ამისთვვის საჭირო არც მისია და არც აღჭურვილობა. როგორც ჩანს, პუტინი ახლა ამის გამოსწორებას ცდილობს.

პრიგოჟინის ნარატივი ძალიან მიმზიდველი იყო რუსი სამხედროებისთვის. ის ამბობდა, რომ თქვენ, რუს ჯარისკაცებს მოგატყუეს, ამ ომში შეგიტყუეს და გიღალატეს. თავდაცვის სამინისტრო არ გაძლევთ იმას, რაც გჭირდებათ და თქვენს სიცოცხლეს ომში უაზროდ სწირავს.

ვფიქრობ, მათ უბრალოდ არ შეეძლოთ პრიგოჟინის შეჩერება, მაგრამ პუტინისთვის უფრო შემაშფოთებელია ის, რომ მათ ამის გაკეთება არც კი სცადეს. ამის მიზეზი კი, ჩემი აზრით, ის არის, რომ პრიგოჟინის ნარატივი ძალიან მიმზიდველი იყო რუსი სამხედროებისთვის. ის ამბობდა, რომ თქვენ, რუს ჯარისკაცებს მოგატყუეს, ამ ომში შეგიტყუეს და გიღალატეს. თავდაცვის სამინისტრო არ გაძლევთ იმას, რაც გჭირდებათ და თქვენს სიცოცხლეს ომში უაზროდ სწირავს. ამბოხზე რუსული სამხედრო საზოგადოების რეაქციამ ის აჩვენა, რომ ამ გზავნილის ბევრს სჯერა და ეს პუტინისთვის ძალიან საგანგაშო უნდა იყოს .

რა მიიღო ლუკაშენკომ ამ ყველაფრისგან? იმდენად ბევრი ნიუანსია ამ ამბავში, რომ რთულია გაერკვე. ლუკაშენკომ თქვა, რომ მან პრიგოჟინს იმიტომ დაურეკა, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ თუ მას პუტინი დაურეკავდა, პრიგოჟინი ამ ზარს უპასუხებდა. როგორც თქვენ თქვით, ეს პუტინის კიდევ ერთი დამცირებაა. რა მიიღო ლუკაშენკომ?

ეს მგონი ჯერ არ ვიცით. პირველ ეტაპზე მან მიიღო ის, რომ მოახდინა ძალიან საჯაროდ იმის დემონსტრირება, რასაც რუსეთში „ბლატს“ უწოდებენ. მან აჩვენა, რომ უდიდესი გავლენა აქვს იმისთვის, რომ თუნდაც პუტინის ახლო წრეში ასე უხეშად ჩაერიოს. რისთვის იბრძვის ლუკაშენკო? ლუკაშენკო იბრძვის იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს საკუთარი ავტონომია. ის უკვე დიდი ხანია სასოწარკვეთილად იბრძვის დაცვის უკანა პოზიციაში და მრავალი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგება პუტინის მცდელობებს ბელარუსი რუსეთის ფედერაციაში შეიერთოს ამ ეგრეთწოდებული "გაერთიანებული სახელმწიფოს" საფარით. ომის დაწყებამდე ლუკაშენკო ამ მხრივ კარგად იბრძოდა და შემდეგ გამოჩნდა, რომ მან წაგება დაიწყო - მის ქვეყანაში რუსული ჯარი განლაგდა, და ის იძულებული გახდა გააკეთოს ის, რაც პუტინს სურს. ახლა მან დაამტკიცა საკუთარი ავტონომიის მაღალი ხარისხი და აჩვენა უნარი, რომ შეუძლია ეს კარტი პუტინს უკან დაუბრუნოს. ეს ყველაფერი კი ძალიან დრამატულად გააკეთა.

ჩვენმა გუნდმა, "ომის კვლევების ინსტიტუტში" გამოაქვეყნა შეფასება, სადაც ვამბობთ, რომ როდესაც ლუკაშენკოს გამოსვლას უყურებ, ჩანს, ის იმედოვნებს, რომ „ვაგნერს“ გამოიყენებს ბელარუსის ჯარის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ის ტრაბახობს იმით, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი მიეწოდა. ვფიქრობ, ამ ბირთვულ იარაღს და ყველაფერ სხვას, ოდნავ განსხვავებულ კონტექსტში უნდა შევხედოთ.

ისინი დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ისინი არც უკრაინისთვისაა საფრთხე, რადგან ლუკაშენკო რუსებს არ აძლევს საშუალებას ისეთი თავდასხმები განახორციელონ უკრაინაზე ბელარუსის ტერიტორიიდან, რომელთა წარმოებაც რუსეთს უკვე არ შეუძლია სხვა სისტემებით. ის, რა თქმა უნდა, არ აპირებს "ვაგნერელების" გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ შეიძლება მათ უყურებდეს როგორც ბერკეტს პუტინთან დაკავშირებით. შეიძლება მან პუტინს უთხრას, რომ "იცი რა, ვოვა, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი და არ გვჭირდება აქ რუსული ბაზები". ვფიქრობ, რომ ის ამ თამაშს თამაშობს. არ ვიცი მიიღებს თუ არა იმას, რაც უნდა, მაგრამ ალბათ, ეს უნდა იყოს მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო.

რას ნიშნავდა პრიგოჟინის ამბოხი პუტინის რუსეთისთვის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:04 0:00

როგორ ფიქრობთ, მოახდენს გავლენას ეს ყველაფერი რუსეთის ერთიანობაზე? არის თუ არა რეჟიმი ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ჩაახშოს ვინმეს იდეა უფრო მეტი ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად?

დარწმუნებული ვარ, რომ იდეები, რომლებიც იქ იყო, მხოლოდ გაძლიერდება, მაგრამ ძალიან გამიკვირდება, თუ ვინმე ამ იდეების მიმართულებით მოკლევადიან პერსპექტივაში იმოქმედებს. ეს არ ვიცით. თუმცა, როდესაც არის ხოლმე ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჩავარდნილი მცდელობა, როგორც წესი, მაშინვე არ ხდება ძალაუფლების მოპოვების სხვა მცდელობები. დარწმუნებული ვარ ახლა ყველა ჩაჩუმდება, პუტინი საკუთარ ძალაუფლებას გააძლიერებს და შეეცდება დაიბრუნოს და კიდევ უფრო გაიმყაროს ავტორიტეტი და კონტროლი. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრი უყურებს ამას და ფიქრობს, ერთი მხრივ, როგორ ემუქრება თვითონ მას რაიმე მსგავსი და მეორე მხრივ, როგორ შეუძლია მომავალში მსგავსი სიტუაციით ისარგებლოს. პუტინი ამის საპირისპიროს გააკეთებს და თითოეულ ამ ძალაუფლების ცენტრზე საკუთარ ბერკეტებს გააძლიერებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი იდეებიდან მოქმედებაზე არ გადავიდნენ. ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ შეარყევს ეს ყველაფერი მმართველობას, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, გამიკვირდება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები.

თქვენი აზრით, როგორი გავლენა ჰქონდა ამ მოვლენებს უკრაინაში ბრძოლის ველზე?

ბრძოლის ველზე უშუალო გავლენა შედარებით შეზღუდული იყო, რადგან „ვაგნერის“ ძალები უკვე გამოსული იყვნენ ბრძოლიდან, ფრონტზე არ იყვნენ. ამის გამო, მათ გამგზავრებას მოსკოვისა და როსტოვის მიმართულებით ბრძოლის ველზე გავლენა არ ჰქონია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან ზოგიერთი რუსული დანაყოფი გაიყვანეს, განსაკუთრებით ჩეჩნური ძალები პრიგოჟინის წინააღმდეგ გასაშვებად, მაგრამ ფართო მასშტაბით ჯარების გაყვანა ეს ნამდვილად არ იყო. ფრონტზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილელების გარეშე გაგრძელდა. ასე რომ, მოკლევადიანი გავლენა შეზღუდული იყო, მაგრამ გრძელვადიანი გავლენა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და მომგებიანია უკრაინისთვის.

პუტინი ახლა რეჟიმის სტაბილურობის, გადარჩენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით იქნება დაკავებული, რაც მას აქამდე არ სჭირდებოდა. ის უკვე საუბრობს "როსგვარდიისთვის" და შიდა უსაფრთხოების ძალებისთვის უფრო მეტი მძიმე იარაღის მიცემაზე, რათა მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. ყველა ტანკი, რომელსაც ის "როსგვარდიას" მისცემს, ის ტანკია, რომელიც უკრაინაში არ იგზავნება და ეს იმ დროს, როცა რუსებს ტანკების ნაკლებობა აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქნება ის, რომ პუტინი ომზე ისე კონცენტრირებული აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. მისთვის ახლა შიდა უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ამის გამო ის უფრო მგრძნობიარე იქნება რუსეთის სხვადასხვა თემის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაბრაზების რისკების მიმართ, ვიდრე აქამდე შეიძლება ყოფილიყო. მაგალითად, მას შეიძლება გაუჭირდეს მორიგი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება. ახლა ის ძირითადად საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოებაზე იზრუნებს, რაც ჩემი აზრით, უკრაინისთვის უფრო მომგებიანია.

როგორ ფიქრობთ, პრიგოჟინის ეპიზოდმა იქონია რაიმე გავლენა ბრძოლის ველზე მყოფ რუს ჯარისკაცებზე ?

ერთი მხრივ, რა თქმა უნდა. ჯარისკაცები მუდმივად ეკონტაქტებიან საკუთარ ოჯახებს, თვალს ადევნებენ სოციალურ მედიას და იციან რა ხდება. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ფრონტის წინა ხაზზე იბრძვი, შენი სამყარო იქ არის და უფრო მეტად გაინტერესებს რას ფიქრობს შენზე შენი სერჟანტი, მოგდევს თუ არა უკრაინული ტანკი, და არა ის, თუ რა ხდება მოსკოვში. რაც მოხდა, ის მათთვის, რა თქმა უნდა ცუდია, თუმცა ამბოხის ჩავარდნის გამო არ მგონია დღეს რუსი ჯარისკაცები უკრაინაში თავს უკეთესად გრძნობდნენ, ვიდრე - ამბოხამდე. ვფიქრობ, მათი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე უფრო დიდი გავლენა ექნება იმას, თუ როგორ მიდის ბრძოლის ველზე საქმე და არა იმას, მოხდა თუ არა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში რაიმე განხეთქილება. ეს შესაძლებელია თუმცა მე ამის მოლოდინი არ მაქვს.

როგორ აფასებეთ მდგომარეობას ფრონტზე? როგორ ფიქრობთ როგორ მიმდინარეობს ომი და რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს? და როგორ გგონიათ, აქვთ თუ არა უკრაინელებს შანსი რეალურად გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზები და დაამარცხონ ისინი კონტრშეტევის ამ ფაზაში დღეს, ჩვენთვის ცნობილი იმ სამი ძირითადი მიმართულებით?

უკრაინელებს რეალურად აქვთ შანსი გაარღვიონ რუსული თავდაცვის პოზიციები. მათ უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ამ კონტრშეტევაში და დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ ამ წარმატების გაგრძელების შანსი. უკრაინელები ამბობენ და მე მათი მჯერა, რომ მათ ჯერ არ გაუგზავნიათ ბრძოლაში კონტრშეტევისთვის მომზადებული შეტევითი ძალების დიდი ნაწილი. დიდი გამოწვევების მიუხედავად, მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს უკვე განხორციელებულ შეტევებში. რუსული ძალები შედარებით სუსტია იმ თვალსაზრისით, რომ ფრონტის ხაზის უკან მათ ოპერატიული რეზერვი არ გააჩნიათ. თუ უკრაინელებმა სადმე გაარღვიეს მათი ხაზები, ვფიქრობ, რუსებს ნამდვილად გაუჭირდებათ უკრაინელების შეჩერება და საკუთარი პოზიციების დაცვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ამ იერიშის გეომეტრია. რუსები საბოლოო ჯამში იცავენ ერთ გზას, გზას, რომელიც როსტოვიდან ყირიმამდე მიდის. თუ უკრაინელებმა ამ გზის გაჭრა ნებისმიერი წერტილში შეძლეს, რუსები დამანგრეველად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამ გზის დასაცავად რუსებმა ყველა ბრძოლაში უნდა გაიმარჯვონ ყოველ ჯერზე. მათი თავდაცვითი პოზიციების ჩამოსაშლელად კი უკრაინელებს სინამდვილეში მხოლოდ ერთ ბრძოლაში გამარჯვება სჭირდებათ. ეს უკრაინელებს უამრავ არჩევანს აძლევს და რუსებს უამრავ დილემას უქმნის.

ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონტრშეტევა ისეთი ტემპით არ მიდის, როგორც ამას უკრაინელები ისურვებდნენ და ამაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ისაუბრა, დღეს აბსოლუტურად ყველა მიზეზი გვაქვს თავდაჯერებულობისთვის, რომ უკრაინელებს ჯერ კიდევ აქვთ დიდი შანსი გაათავისუფლონ საკუთარი ხალხის და ტერიტორიის კიდევ უფრო დიდი ნაწილი. ამისთვის ყველამ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს, და მათ შორის ვარ მეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ საჭირო დახმარება მიიღონ. ყველას ინტერესშია ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. მისი დიდხანს გაგრძელება ქმნის ესკალაციის დიდ საფრთხეს, ასევე მისი გავრცელების და რუსეთში არასტაბილურობის შექმნის საფრთხეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰუმანიტარულ შედეგებზე, რომლებსაც რუსები იწვევენ. ყველა ჩვენგანის ინტერესებშია ამ ომის სწრაფად დამთავრება და ის, რომ უკრაინამ გაათავისუფლოს საკუთარი ხალხი და მიწა. ახლა არის დრო, როდესაც ყველამ ხელი უნდა შეუწყოს და უკრაინელებს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

XS
SM
MD
LG