ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ედგარს რინკევიჩი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს


ედგარს რინკევიჩი, ლატვიის არჩეული პრეზიდენტი
ედგარს რინკევიჩი, ლატვიის არჩეული პრეზიდენტი

ლატვიის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. კანონმდებელთა ხმების უმრავლესობა სტაჟიანმა დიპლომატმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა მიიღო. ის ქვეყნის მე-11 პრეზიდენტი გახდება მომდევნო 4 წლის ვადით.

რინკევიჩმა საპატლამენტო კენჭისყრაში 52 ხმა მიიღო. საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატს გამარჯვებისთვის 100-იდან 51 ხმის მოპოვება სჭირდება. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა თავდაპირველად საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა მოგვიანებით მოხსნა და განცხადა, რომ მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა.

რინკევიჩის მთავარი მეტოქე ულდის პილენსი იყო, ბიზნესმენი, რომელმაც კენჭისყრის მესამე რაუნდში 25 ხმა მიიღო მას შემდეგ, რაც მესამე კანდიდატი, აქტივისტი ელინა პინთო მარათონს გამოეთიშა.

უკვე ივლისში, სწორედ რინკევიჩი წარმოადგენს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანას ვილნიუსის სამიტზე. ის პოპულარული მინისტრი იყო და განსაკუთრებული სიმკაცრით და მტკიცე განცხადებებით გამოირჩეოდა მეზობელი რუსეთის მიმართ. რინკევიჩი შიდა და საგარეო ტრიბუნებზე გამუდმებით საუბრობდა უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერაზე და დახმარების გაზრდის საჭიროებაზე.

49 წლის წინკევიჩი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 12 წელზე მეტია იკავებს. ის ამ პოსტზე ყვველაზე ხანგრძლივად მყოფი დიპლომატია ქვეყნის ისტორიაში. პირველ დიპლომატობამდე 10 წელზე მეტხანს ქვეყნის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი იყო. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმ დელეგაციისაც, რომელიც ლატვიის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

რინკევიჩი "ამერიკის ხმას" ორი თვის წინ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე, საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯებისა და ევროპული პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

ლატვია საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს მისი 1922 წლის კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მთავარი აღმასრულებელი ძალაუფლება პრემიერ მინისტრის ხელშია, პრეზიდენტს კი უფრო მეტად საერთაშორისო როლი აქვს.

ამავე დროს, პრეზიდენტს შიდა საქმეებშიც შეუძლია სხვადასხვა როლის შესრულება და გარკვეული უფლებამოსილებები მაინც აქვს. კონსტიტუციის თანახმად, მას შეუძლია კანონმდებლობის ინიცირება, მთავრობის საგანგებო სხდომების მოწვევა, პარლამენტის დათხოვნის ან ეროვნული რეფერენდუმის დანიშვნა, პრემიერისთვის მთავრობის დაკომპლექტების დავალება, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა. სხვადასხვა დროს ქვეყნის სხვადასხვა პრეზიდენტი განსსხვავებულად იყენებდა ამ უფლებამოსილებებს იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიური როლის შესრულება სურდათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ლატვიის მოსახლეობა 2 მილიონზე ნაკლებია, მისი მეზობლები არიან ესტონეთი, ლიეტუვა და რუსეთი. ლატვია ნატოსა და ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG