რუსეთის მოქალაქე, რომელიც 25 წლის განმავლობაში, ვლადივოსტოკში აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა, ამერიკასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდარს გმობს და აცხადებს, რუსეთში ამერიკის დილომატიური მისიის ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი „სრულიად უსაფუძვლოა“.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაკავებული 62 წლის რობერტ შონოვია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შონოვი რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, ამერიკის გენერალურ საკონსულოში მუშაობდა იქამდე, ვიდრე ორი წლის წინ, მოსკოვი დაწესებულების დახურვის ბრძანებას გასცემდა. საკონსულოს დახურვის შემდეგ, შეერთებული შტატები იძულებული გახდა, ყველა ადგილობრივი პერსონალი სამსახურიდან დაეთხოვა.
ვაშინგტონის განცხადებით, შერთებული შტატები, ისევე როგორც თავად რუსეთი, მთელს მსოფლიოში, საკუთარი საელჩოების დასაკომპლექტებლად, ადგილობრივ მუშაკებს ასაქმებს.
„შონოვის ერთადერთი როლი დაკავების დროს იყო პრესის მასალების მედია რეზიუმეების შედგენა საჯაროდ ხელმისაწვდომი რუსული მედიის წყაროებიდან“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა. „კონფიდენციალური თანამშრომლობის“ დებულებით, მისი მიზანში ამოღება ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდი რეპრესიული კანონების უხეშ გამოყენებას“ - აცხადებს აშშ-ის საგარეო უწყება.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები, შონოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალებზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ. ის მარტში დააკავეს და ახლა მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში იმყოფება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.