ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დამატებით 2 თვით გახანგრძლივდა


რეჯებ ტაიპ ერდოღანი - თურქეთის სპრეზიდენტი
რეჯებ ტაიპ ერდოღანი - თურქეთის სპრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ დღეს, 17 მაისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი მარცვლეულის შეთანხმება დამატებით ორი თვით იმუშავებს.

მოლაპარაკების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის და სასუქის ექსპორტი უსაფრთხო დერეფნის საშუალებით კვლავ გაგრძელდება.

სიმინდის მარცვლით დატვირთულმა ბოლო გემმა ჩერნომორსკის პორტი 17 მაისს დატოვა და გეზი თურქეთის მიმართულებით აიღო. აქამდე უცნობი იყო ექსპორტის განახლებაზე შეთანხმების ბედი, რომელსაც ვადა ხვალ, 18 მაისს ეწურებოდა.

"თურქეთის მცდელობათა დამსახურებით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ორი თვით გაგრძელდა" - თქვა ერდოღანმა. მან გამოსვლაშში მადლობა გადაუხადა რუსეთის და უკრაინის ლიდერებს, ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა შავი ზღვის მხრიდან მარცვლეულის და სასუქის ექსპორტი დაბლოკა. გაეროს და თურქეთის ინიციატივით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, პირველადი შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა. ის ნოემბერში 120 დღის ვადით გახანგრძლივდა, შემდეგ კი მარტში - 60 დღით.

ვინაიდან უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის და მინერალური სასუქების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია, მოლაპარაკების მიზანი გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილება იყო. იმისთვის, რომ რუსეთი შეთანხმებაზე წასულიყო, გაერო მოსკოვს დაპირდა, რომ მას საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში 3 წლის მანძილზე დაეხმარება.

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების გამო, მოსკოვზე დაწესებული სანქციები არ შეხებია რუსეთიდან სურსათის და მინერალური სასუქის ექსპორტს. თუმცა, კრემლი აცხადებს, რომ მათი ტვირთების გადაზიდვას საგადასახადო, ლოგისტიკური და სადაზღვევო პრობლემები აფერხებს.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი მოსკოვის პრეტენზიებს უარყოფს. ელჩის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთიდან "მარცვლეულის და სასუქის ექსპორტი თუ უფრო მაღალ დონეზე არა, იგივე დონეზე გრძელდება, სრულმასშტაბიან თავდასხმამდე პერიოდთან შედარებით".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG