ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე გუტერეშმა პუტინს წერილი გაუგზავნა


შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესანარჩუნებლად და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესანარჩუნებლად გაერო რუსეთის პრეზიდენტს წერილს უგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს სპიკერის მოადგილე, ფრან ჰაკი ავრცელებს.

მისი თქმით, წერილი რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა ითვალისწინებს გზას, რომელიც მიზნად ისახავს უკვე არსებული შეთანხმების გაუმჯობესებას და გაფართოებას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

ჰაკის თქმით, წერილი ითვალისწინებს „მხარეების მიერ ახლახან გამოთქმულ პოზიციებს და გლობალურ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებულ რისკებს“.

გაეროს გენერალურ მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მანამდე შეხვედრა გაიმართა, თუმცა სერგეი ლავროვს საერთაშორისო მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ლავროვმა განცხადება მხოლოდ რუსული მედიისთვის გააკეთა.

„გენერალურმა მდივანმა ისაუბრა იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ის სწევს, რათა ამ შეთანხმებაში რუსული მხარის მოთხოვნები გადაიტანოს,“ - ამბობს ლავროვი „ტასსთან“ საუბრის დროს და განმარტავს, რომ „პროგრესი ჯერ არ შეიმჩნევა“.

ჰაკი ამბობს, რომ წერილში გუტერეში მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს მუშაობა კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად.

„მან [ანტონიო გუტერეშმა] წარმოადგინა დეტალური ანგარიში უკვე მიღწეული შედეგების შესახებ და თქვა, რომ გაერო გააგრძელებს მუშაობას დარჩენილი საკითხების გადასაჭრელად,“ - თქვა ჰაკმა.

წერილი, რომელიც გუტერეშმა ლავროვს გადასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის არის განკუთვნილი, მსგავსი წერილები გაეროს მტკიცებით გაგზავნილია კიევსა და ანკარაში.

შავი ზღვის მარცვლეული შეთანხმება 2022 წელს - უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს ჩართულობით შედგა, თუმცა ახლა შეთანხმება რისკის ქვეშაა. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით მსოფლიოში შემსუბუქდა სასურსათო კრიზისი, რომლის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომი, პანდემია და მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემები იყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG