ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთის პრემიერის გუნდი არჩევნებში დამარცხდა


სანა მარინი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი
სანა მარინი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის პოლიტიკური გუნდი კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მან გამარჯვება უკვე მიულოცა მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანების ლიდერს - პეტერი ორპოს, რომელსაც ახლა თავად მოუწევს კოალიციის შესაქმნელად მუშაობა.

მართალია მარინის მემარცხენე სოციალ-დემოკრატთა პარტიამ 3 მანდატით მეტი მოიპოვა, მაგრამ ის მაინც მესამე აღმოჩნდა პარლამენტში შესულ ძალებს შორის. 200-მანდატიან პარლამენტში 48 მანდატი ორპოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ეროვნული კოალიციის პარტიამ", 46 კი ნაციონალისტთა გაერთიანებამ მოიპოვა. მარინის პარტიას 43 მანდატი ექნება.

ორპოს პოლიტიკური მომავალი ასევე არ არის მარტივი. მან კოალიცია ან სწორედ მარინის სოციალ-დემოკრატებთან, ან რიკა პურას ნაციონალისტებთან ერთად უნდა დააკომპლექტოს. პირველს ის ეკონომიკური პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა და მისი შეცვლის პირობას დებდა, მეორეს კი კლიმატის ცვლილებასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან და სიამიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული სკეპტიკური განწყობების გამო ეწინააღმდეგება.

მარინი 2019 წელს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო, რომელმაც 34 წლის ასაკში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. ანალიტიკოსების აზრით, თუკი მარინი მთავრობაში არ დარჩება, ის შესაძლოა ევროპის სოციალ-დემოკრატების მთავარი კანდიდატი იყოს ევროკომისიის ლიდერის პოსტზე.

ეს მარინისთვის პირველი არჩევნები იყო, რომელიც მან ლიდერის რანგში წარმართა. 2019 წელს მან პოსტი ანტი ტინისგან გადაიბარა, რომელიც წინა არჩევნებში პარტიას ხელმძღვანელობდა. მარინი ფინელებს შორის პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მისი მთავრობის პოლიტიკის ხარჯვით ნაწილს, განსაკუთრებით კი განათლებისა და პენსიების კუთხით, ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პრემიერი გასულ წელს წვეულებებთან დაკავშირებულ სკანდალშიც გაეხვა.

მისი მმართველობის დროინდელი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ფინეთის ნატოში გაწევრიანება იქნება. მარინის მთავრობამ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ისტორიული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა შეცვალა და სამხედრო ალიანსის წევრობაზე განაცხადი შეიტანა.

XS
SM
MD
LG