ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო რუსეთთან შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებას იწყებს


უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ბოსფორის სრუტეში. სტამბოლი, თურქეთი.

შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის შესახებ მოსკოვის საჩივრებთან დაკავშირებით, რუსეთის დელეგაციასა და გაეროს მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკება დღეს, ჟენევაში დაიწყო. განცხადება 11 ნოემბერს გაეროს წარმომადგენელმა გაავრცელა.

8 დღეში იწურება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე დადებული შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ივლისში, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიაღწიეს. გაერო ახლა ხელშეკრულების განახლებაზე ზრუნავს. შეთანხმებამ, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის დაშვებით, ხელი შეუწყო მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას.

უკრაინას ხშირად მსოფლიოს ბეღელს უწოდებენ, ის ხორბლის და სხვა მარცვლეული პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში განმეორებით შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, შავი ზღვის პორტებს მოსკოვი აკონტროლებდა და უკრაინულ ექსპორტს თვეების მანძილზე ბლოკავდა. ამან სურსათზე ფასების ზრდა და მსოფლიოს ბაზრებზე დაძაბულობა მოიტანა.

მოსკოვი შეთანხმების დატოვებაზე მიუთითებს, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებთან დაკავშირებით, პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდება. შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურება. რუსეთმა ოქტომბრის ბოლოს, შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა, თუმცა 4 დღის შემდეგ, შეთანხმებას კვლავ დაუბრუნდა.

მოსკოვის მტკიცებით, შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერებით, ის ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის ფლოტზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას პასუხობდა, რაშიც უკრაინას ადანაშაულებდა. კიევს ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღია და უარყოფს მარცვლეულის პროგრამის უსაფრთხოების დერეფნის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დისკუსია ხელს შეუწყობს მიღწეულ პროგრესს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და სასუქების შეუფერხებლად ექსპორტის ხელშეწყობაში“ - აცხადებს ჟენევაში დაწყებული მოლაპარაკებების თაობაზე, გაეროს ჟენევის ოფისის სპიკერი, ალესანდრა ვალუჩი. მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა დღის წესრიგში შეთანხმების გაგრძელება.

XS
SM
MD
LG