ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგმა სააკაშვილს ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანაზე უარი უთხრა - იუსტიციის მინისტრი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს, დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა.

"დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა, ქვეყნის შიგნით, მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება, მისი შემოსახლების დღიდან, იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი", - თქვა რატი ბრეგაძემ.

ექსპრეზიდენტის განცხადება

თავისივე საქმეზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება თავად ექსრეზიდენტი. მიხეილ სააკაშილი აცხადებს, რომ "სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება".

"ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება. მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს" - წერია განცხადებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ასევე მოუწოდებს ქართველებს მსოფლიოსა და საქართველოში, "უფრო ხმამაღლა ამოიღონ ხმა ამ უსამართლობაზე!"

საქართველოს მესამე რეზიდენტის დედა, გიული ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ სარჩელის განხილვის მეორე ეტაზე, სასამართლო გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მიიღებს.

"საქმე ის არის, რომ ეს არის პროცესი. ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა და მე იმედი მაქვს, რომ იქ ბოლოს და ბოლოს მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ამას ჩვენ კი არა, ელოდება ბევრი ადამიანი, ბევრი ქვეყანა. ჯერ ერთი, ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველა გამოკითხვამ გვაჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე", - განაცხადა გიული ალასანიამ.

პრეზიდენტის განცხადება

ევროსასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა.

ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას არ მიადგა რეპუტაციული ზიანი, იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება.

„მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტის საქმე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი ერთი თვის წინ, 11 აპრილს, გაიგზავნა.

მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და არ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა ინსტანციამ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG