ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი: თქვეს ანტი-LGBT ფრაზები გამოიყენაო... ასეთები ვართ, ასეთი საქართველო გვინდა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ დატოვა "ქართულმა ოცნებამ" "ევროპელი სოციალისტების პარტია". ამის შესახებ მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

"ჩემი მონაწილეობა ორჯერ დაგმეს, განცხადებები მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე - თქვეს, რომ ანტი-ელგებეტე რაღაც ფრაზები გამოიყენაო... უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა. ასეთ ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ... სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მაისს თქვა, რომ "ქართული ოცნება" ტოვებს "ევროპელი სოციალისტების პარტიას".

"გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს", - თქვა მან.

"ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში, რის გამოც მმართველმა პარტიამ კრიტიკა დაიმსახურა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.

"ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG