ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში კარგად მიდის, ამბობს პუტინი


ვლადიმირ პუტინი ეკონომიკის საკითხებზე თათბირს ვირტუალურად ატარებს. 17 იანვარი, 2023 წ. მოსკოვი, რუსეთი.
ვლადიმირ პუტინი ეკონომიკის საკითხებზე თათბირს ვირტუალურად ატარებს. 17 იანვარი, 2023 წ. მოსკოვი, რუსეთი.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე "სამხედრო ოპერაცია" “დადებითად” მიდის. ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსი ჯარისკაცები ქალაქ სოლედარზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოიპოვებენ. სოლედარის რუსეთის მიერ დაკავებას უკრაინა არ ადასტურებს.

რუსეთმა პარასკევს განაცხადა, რომ ის სოლედარს აკონტროლებს, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს დონეცკის რეგიონში, რომელიც მარილის საბადოებით და ღრმა მიწისქვეშა მაღაროებითაა ცნობილი. ამ ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქალაქზე კონტროლს კვლავ ინარჩუნებს. რუსეთი თვეებია უკან იხევს და უკრაინის ფრონტზე წარმატებისთვის დიდი ხანია აღარ მიუღწევია.

"დადებითი დინამიკაა" - უთხრა პუტინმა ტელევიზიას "როსია-1", როცა მას სოლედარზე კომენტარი სთხოვეს. "ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის მიერ დასახული გეგმის მიხედვით ხდება... და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მებრძოლები საკუთარი საბრძოლო მიღწევების შედეგებით კიდევ უფრო გაგვახარებენ" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გმობენ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და თვლიან, რომ ეს არის მეზობლის ტერიტორიის მითვისების იმპერიული მცდელობა. უკრაინა აცხადებს, რომ იბრძოლებს მანამ, სანამ მის საერთაშორისოდ აღიარებულ მიწებს ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG