ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კუდიანებზე ნადირობა ქართულად“ – „შენ ჩაეწერე უცხოეთის აგენტად?“


„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია „ხალხის ძალა“, იანვარში, პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც საქართველოს არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

წინასწარი ინფორმაციით, რაც „ოცნებიდან“ ფორმალურად წამოსულმა და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა, დეპუტაციამ გააჟღერა, კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციას“ და „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაცები ამერიკული და დასავლური ფონდებიდან იმიტომ ფინანსდება რომ „საჯარო გადაწყვეტილებების მიღებასა“ თუ „საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე“ ზეგავლენა მოახდინოს - ასე ხსნის „ხალხის ძალა“ "აგენტების რეესტრის" შექმნის აუცილებლობას.

რატომ ჰგავს "ხალხის ძალის" რიტორიკა პუტინის რუსეთისას?

„ამას ამბობს პუტინის რუსეთიც, რომ დასავლური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციები რო ფინანსდებოდნენ, თითქოს ისინი ხელს უწყობდნენ რუსეთის დანგრევას, ერთი ერთში იმეორებენ. ეს არის ცალსახად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები“
გიორგი გობრონიძე, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი

„ამას ამბობს პუტინის რუსეთიც, რომ დასავლური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციები რო ფინანსდებოდნენ, თითქოს ისინი ხელს უწყობდნენ რუსეთის დანგრევას, ერთი ერთში იმეორებენ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი გობრონიძემ.

მისი თქმით „ვისმენთ, ყველანაირი ტიპის კონსპიროლოგიას, რომ თურმე დასავლეთს უნდა ჩვენი ომში ჩართვა, ჩვენს გარყვნასა და ინსტიტუტების განადგურებაში ხარჯავდა ფულს. უკაცრავად, მაგრამ ყველა რეფორმა დასავლური ფულით გავატარეთ და რომელი ინსტიტუტების განადგურებაში იხარჯებოდა ფული?“

„ეს ხალხი, ახლა რო სვამს კითხვას ამერიკული დახმარება რაში იხარჯებოდაო, ზოგიერთი, მათ შორის ხელისუფლების ამ პროქსი ჯგუფებიდან, წლების მანძილზე თვითონ იყო ამერიკული დახმარების მომხმარებელი და აქვს ამ კითხვაზე პასუხი, თუ რაში ხარჯავდა მიღებული ამერიკული გრანტიდან ფულს“ - ამბობს გობრონიძე.

სოზარ სუბარი "თავისუფლების ინსტიტუტში" მუშაობის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა
სოზარ სუბარი "თავისუფლების ინსტიტუტში" მუშაობის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი სახალხო დამცველი და ორგზის მინისტრი სოზარ სუბარია. 1996-2004 წლებში, სუბარი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“, რადიო „თავისუფლებისა“ და IWPR-ის თანაშრომელი ანუ „ხალხი ძალის“ ახალი განსაზღვრებით, „უცხო ქვეყნის აგენტი“ იყო.

„ეს არ მგონია შემთხვევითი და გულწრფელი იყოს. ამის უკან დგას გარკვეული მოტივები და მიმაჩნია, რომ ეს მოტივები შეიძლება იყოს გამოძიების საგანიც კი, იმიტომ, რომ ეს არის ცალსახად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები“ - მიაჩნია გიორგი გობრონიძეს.

როგორ შეიძლება ამ რუსული პროპაგანდის დაჯერება?! რა დიფტერიის ვაქცინა, რომელიც ევროპის მთავრობამ მოგვაწოდა არასამთავრობოებმა გაიკეთეს?! როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, ბავშვები გვეღუპებოდა, რუსეთმა ერთი ვაქცინა არ მოგვცა. ც ჰეპატიტის ამერიკული პროგრამა, ათი ათასობით ადამიანმა უფასოდ ჩაიტარა, ეს არასამთავრობოებმა ჩაიტარეს თუ მთელ მოსახლეობას შეეხო?!
თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი

„ამ პროპაგანდას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ჰყავს თავისი ადრესატიც, დამკვეთიც და ყველამ ვიცით საიდან მოდის. ეს არის ჩვენი უპირველესი მტერი, რომელსაც სურს მოსახლეობაში დაბნეულობა, გაურკვევლობა, არაინფორმირებულობა შეიტანოს და ამით თავის მიზნებს მიაღწიოს“ - გვითხრა ჩაფიძის გულის ცენტრის ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ვერულავამ.

მისი თქმით, „ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმადურები, ყველა ეს დახმარება დასავლეთიდან, მოდიოდა და მიდის საქართველოს მოსახლეობასთან. ეს იქნება მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია, განათლების ამაღლება, ტრენინგები, გადამზადება, ეს კეთდება ათწლეულებია სწორედ დასავლეთის მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების შუამავლობით.

მესამე სექტორში, ესენი, მარტო „პოლიტიკურ ორგანიზაციებს“ რატო ხედავენ, ესეც გასაკვირია. იმიტომ, რომ საქართველოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ენერგეტიკის, ეკოლოგიის თუ ჯანდაცვის კუთხით მუშაობს.

იგივე „ოქსფამი“ თუ „ფსიქიკური ჯანმრთელობის კავშირი“, სხვაც უამრავი შემიძლია დავასახელო. მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა."

რა გაკეთდა დასავლური დახმარებით ჯანდაცვის სფეროში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00

"როგორ შეიძლება ამ რუსული პროპაგანდის დაჯერება? რა დიფტერიის ვაქცინა, 90-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ევროპის მთავრობამ მოგვაწოდა არასამთავრობოებმა გაიკეთეს?! მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, აქ ბავშვები გვეღუპებოდა და რუსეთმა ერთი ვაქცინა არ მოგვცა. ლუგარის ლაბორატორია, არასამთავრობოა?! რომელმაც პანდემიის დროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა?! როცა, ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მოხდინა?!

ც ჰეპატიტის ამერიკული პროგრამა, ათი ათასობით ადამიანმა უფასოდ ჩაიტარა ყველაზე ვერაგი დაავადების მკურნალობა, ეს არასამთავრობოებმა ჩაიტარეს მხოლოდ თუ ეს მთელ მოსახლეობას შეეხო?! “ - კითხულობს პროფესორი თენგიზ ველურავა.

"უცხოეთის აგენტი, უყვართ აშშ" - წარწერა რუსეთის ყველაზე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის "მემორიალის" ოფისზე მოსკოვში, 2012 წელი
"უცხოეთის აგენტი, უყვართ აშშ" - წარწერა რუსეთის ყველაზე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის "მემორიალის" ოფისზე მოსკოვში, 2012 წელი

რა გასხვავებაა ამერიკულ Foreign Agent Registration Act-სა და რუსულ закон об иностранных агентах შორის

„ხალხის ძალა“ ირწმუნება, რომ ახალი კანონპროექტი, არასამთავრობო სექტორის „რეგულაციისთვის“, თითქოს ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. ანალიტიკოსების აზრით, ზუსტად ანალოგიური რიტორიკით „შეიფუთა“ ასეთი კანონის „მიღების აუცილებლობა“ პუტინის რუსეთშიც.

სინამდვილეში, 1938 წელს, აშშ-ში მიღებული კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (Foreign Agent Registration Act – FARA), ძირითადად ნაცისტური პროპაგანდის და ჰიტლერული გერმანიის დაფინანსებული ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, კანონში ცვლილებები შევიდა და „პოლიტიკური პროპაგანდის“ ნაცვლად „პოლიტიკური ლობიზმის“ რეგულაცია დაიწყო.

"უცხოეთის აგენტი" - წარწერა ირკუტსკში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბაიკალის ეკოლოგიური ტალღის" ოფისზე, 2015 წელი
"უცხოეთის აგენტი" - წარწერა ირკუტსკში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბაიკალის ეკოლოგიური ტალღის" ოფისზე, 2015 წელი

რაც შეეხება რუსეთს, აქ კანონის მიღების დროს მთავარი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები იყო. პუტინმა მესამე სექტორზე პირველი დიდი იერიში 2006 წლიდან მიიტანა, როცა მათი რეგულაციისთვის ახალი, დრაკონული კანონი მიიღო. ამას მოჰყვა ფართო კამპანია რომ რუსეთის „ჩამოშლა“ დასავლეთს, სწორედ „არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით“ აქვს განზრახული. ეს კამპანია განსაკუთრებით 2010-11 წლებში გაძლიერდა.

„ამის შემდეგი ნაბიჯი იყო სწორედ, რუსეთში არასამთავრობო სექტორის უცხოეთის აგენტებად გამოცხადება, საქართველოში იმედია არ მივალთ აქამდე, მაგრამ რიტორიკა მსგავსია ცალსახად“ - ამბობს გიორგი გობრონიძე.

პუტინის რუსეთში 2012 წელს, მიღებული კანონით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, მესამე სექტორის ყველა სუბიექტი, ვისაც დასავლური ფონდიდან გრანტი ჰქონდა აღებული, იქნებოდა ეს უფლებადაცვითი, ეკოლოგიური, ჯანდაცვის თუ კულტურის მიმართულების ნჯო, „უცხო ქვეყნის“ აგენტად გამოცხადდა. 2015 წელს, ამას მოჰყვა, კიდევ უფრო დრაკონული კანონი „უცხოეთის ფონდებიდან დაფინანსების“ შესახებ.

სავალდებულო წარწერა რუსულ მედიაში: "ეს პუბლიკაცია მომზადებულია, გავრცელებულია, გამოშვებულია უცხოეთის აგენტის {ელიზავეტა მაეტნოს} მიერ
სავალდებულო წარწერა რუსულ მედიაში: "ეს პუბლიკაცია მომზადებულია, გავრცელებულია, გამოშვებულია უცხოეთის აგენტის {ელიზავეტა მაეტნოს} მიერ

ამ კანონის მიხედვით, როგორც რუსეთის პროკურატურას, ისე სასამართლოს, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის შეზღუდვის უფლება მიეცა. შედეგად - რუსეთში ნჯო-ების რიცხვი ჯერ განახევრდა, დღეისთვის კი პრაქტიკულად, მესამე სექტორი აღარ არსებობს.

„უცხოეთის აგენტების” რეესტრში - 500-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია შეყვანილი. ჩამონათვალში შეგხვდებათ მეცნიერები, ფილოსოფოსები, მომღერლები, კრიტიკოსები, რეჟისორები, ჟურნალისტები, მსახიობები, ეკოლოგები, პოლიტიკოები, ბიზნესმენები.

მაგალითად, "უცხოეთის აგენტია" რუსული როკის ლეგენდარული წარმომადგენელი, „მაშინა ვრემენის“ ლიდერი ანდრეი მაკარევიჩი, იგი იძულებული გახდა საცხოვრებლად ისრაელში გადასულიყო; "შავ სიაშია" ცნობილი უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალი“, 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც რუსეთში მუშაობა ოფიციალურად აუკრძალეს;

უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადებულია ყველა, ვინც პუტინის რეჟიმის წინააღდეგი იყო და „პოლიტიკურ პროცესზე“ რაღაც ფორმით ზემოქმედებას ცდილობდა. „უცხოეთის აგენტი, უყვართ ამერიკა" - ასეთი წარწერა, „მემორიალის“ ოფისზე, მოსკოვში, ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, როცა "კუდიანებზე ნადირობა" მხოლოდ ძალას იკრებდა.

რუსული როკ-ჯგუფის "მაშინა ვრემენის" ლიდერი მაკარევიჩი "უცხოეთის აგენტად" არის გამოცხადებული
რუსული როკ-ჯგუფის "მაშინა ვრემენის" ლიდერი მაკარევიჩი "უცხოეთის აგენტად" არის გამოცხადებული

2022 წლის 1 დეკემბიდან, რუსეთში უკვე სავალდებულო გახდა, „უცხოელ აგენტზე“ სრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება, საპასპორტო მონაცემებისა და საცხოვრებელი მისამართის მითითებით.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში, „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეტანილი ფიზიკური და იურიდიული პირების 20%-ის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

ვის იდეებს აჟღერებს "ხალხის ძალა"?

პრობლემა ის არის, რომ არასამთავრობო სექტორი დღეს დაკავებულია პოლიტიკური პროცესით, აღარც მალავენ ამას, გამოდიან და პოლიტიკურ დღის წესრიგს გიდგენენ
გურამ მაჭარაშვილი, "ხალხის ძალა"

„პრობლემა ის არის, რომ არასამთავრობო სექტორი დღეს დაკავებულია პოლიტიკური პროცესით, აღარც მალავენ ამას, გამოდიან და პოლიტიკურ დღის წესრიგს გიდგენენ, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ არასამთავრობო სექტორის საქმიანობით“ - ასე ახსნა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში, საქართველოში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შექმნის აუცილებლობა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი მაჭარაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე, წლების მანძილზე, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ იურისტი იყო. ივანიშვილის ოჯახის პირად ექიმად მუშაობდა „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. ანალიტიკოსების აზრით, „ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალა“ მაღალი ალბათობით, სწორედ ივანიშვილის აზრებს ახმოვანებს.

ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის დროს, ივანიშვილი არასამთავრობო სექტორთან თანამაშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. 2011 წლის ნოემბერში, „ქორთიარდ მარიოტში“, 80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან დახურულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, ივანიშვილმა თქვა, - ”მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება იმ მიზნების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გუნდს აქვს, და ძალიან დიდ იმედს ვამყარებ არასამთავრობოებზე და საერთოდ სამოქალაქო სექტორზე.“

- ”მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება" - 2011 წელი; - "მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს“ - 2016 წელი; - "საზოგადოებას უკვე ეზიზღება, აგრესია აქვს ამ ტიპის ენჯეოებზე" - 2019 წელი
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არასამთავრობო სექტორზე

არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ივანიშვილს მართლაც დაუდგა გვერდში, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივანიშვილს და მის მეუღლეს 2011 წელს, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

2012 წლის ბოლოს, პრემიერად არჩევის შემდეგ, ივანიშვილმა თანაშემწედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აიყვანა. 2014 წელს, პოლიტიკიდან პირველი „წასვლის“ შემდეგ, ივანიშვილმა თქვა, რომ მესამე სექტორში მიდის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დაარსა.

ამის შემდეგ, ივანიშვილის დამოკიდებულება მესამე სექტორის მიმართ, რადიკალურად იცვლება. 2015 წელს, ივანიშვილმა პირველად ღიად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით „ძალიან ბევრი კითხვა არსებობს“.

„მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს“ - ეს უკვე 2016 წლის შეფასებაა. „საზოგადოებას უკვე ეზიზღება, აგრესია აქვს ამ ტიპის ენჯეოებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ“ – 2019 წელს ივანიშვილმა სრულიად მესამე სექტორი „ნაცების“ სატელიტებად მოიხსენია.

”მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება" - ივანიშვილი 80-მდე ნჯო-სთან შეხვედრის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერი
”მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება" - ივანიშვილი 80-მდე ნჯო-სთან შეხვედრის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერი
უცხოელი აგენტის შესახებ კანონპროექტი ცინიკური და სამარცხვინო ინიციატივაა. ხელისუფლების შესანარჩუნებლად მსგავსი ნაბიჯების გადადგმა პირდაპირ გვაჩვენებს, როგორ არაფრად აგდებს ეს ხალხი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს
ბაკურ კვაშილავა, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი

“უცხოელი აგენტის შესახებ კანონპროექტი ცინიკური და სამარცხვინო ინიციატივაა. ხელისუფლების შესანარჩუნებლად მსგავსი ნაბიჯების გადადგმა პირდაპირ გვაჩვენებს, როგორ არაფრად აგდებს ეს ხალხი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს” - წერს GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ბაკურ კვაშილავა.

მისი აზრით, მთავრობა ცინიკურად შეტევაზე გადმოდის და "იქ შეჭრას ცდილობს, სადაც აქამდე ვერ ახერხებდა უპირატესობის მოპოვებას. იმ ბოლო ბასტიონს უტევს, რომელზეც კონტროლი არა აქვს — არც სუსით და არც ტენდერებით“.

"ოცნების" სატელიტი „ხალხის ძალა“ და მისი პატრონები, პრაქტიკულად იმეორებენ იმ მესიჯებს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც მანამდე პროპუტინისტურმა დაჯგუფება „ალტ ინფომ“ გააჟღერა.

ალტ-ინფო: ვინ არის უცხო ქვეყნის აგენტი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

„უცხო ქვეყნის აგენტი ვინ არის? არ არის აუცილებელი რომელიმე სამინისტროდან ეზიდებოდეს საიდუმლო მასალებს. უცხო ქვეყნის აგენტი შეიძლება ფუნქციონირებდეს საჯარო სივრცეში, კონკრეტული პოლიტიკური განწყობების შესაქმნელად, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლობირებისთვის, ამ განსაზღვრებაში ზუსტად ჯდება, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი წყება“ - ეს განცხადება "ალტ ინფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ, ჯერ კიდევ 2021 წელს გააკეთა.

„ხალხის ძალა“ დარწმუნებულია, რომ პარლამენტში არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირების დროს, „ქართულ ოცნებასთან“ საერთო ენას გამონახავს. დღეისათვის, ევროპის კონტინენტზე, მსგავსი რესპრესიული კანონმდებლობა მესამე სექტორის წინააღმდეგ რუსეთს, ბელარუსს და ნაწილობრივ, უნგრეთს აქვს.

"ხალხის ძალა"
"ხალხის ძალა"

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG