ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ომის" ხსენების გამო პუტინის სიტყვით გამოსვლის შესწავლას მოითხოვენ


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

პეტერბურგის მუნიციპალური სათათბიროს დეპუტატმა ნიკიტა იუფეროვმა, რუსეთის გენერალურ პროკურორ იური კრასნოვს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს მიმართა, გამოიკვლიონ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა, რომლის დროსაც, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების კონტექსტში, მან სიტყვა "ომი" ახსენა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინმა თქვა: „ჩვენი მიზანი ამ სამხედრო კონფლიქტის მქნევარას (маховик) დატრიალება კი არა, პირიქით, ამ ომის დასრულებაა, ამას ვესწრაფვით და ვეცდებით [მომავალშიც]“.

იუფეროვი მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადება რუსული არმიის შესახებ „ყალბი ცნობების“ გავრცელების თაობაზე არსებული კანონმდებლობის დარღვევაა, რაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მსგავსი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.

ნიკიტა იუფეროვი დეპუტატთა იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომელმაც სახელმწიფო დუმას მიმართა პუტინის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმის აღძვრის მოთხოვნით უკრაინაში შეჭრის გამო. მოგვიანებით, თვითონ დეპუტატები დაადანაშაულეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციაში“ და თითოეული მათგანი დააჯარიმეს.

24 თებერვლის შემდეგ რუსეთში ე.წ ყალბი ცნობების გავრცელების ბრალდებით 180 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ თავის სტატისტიკაში „ყალბი ცნობების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვა აგვისტოდან დაიწყო. უკვე სექტემბრისთვის აღძრული იყო 149 საქმე, ოქტომბერში მათი რაოდენობა 161-მდე გაიზარდა, ნოემბერში 171-მდე, 1 დეკემბრის მონაცემებით, ასეთი უკვე 180 საქმეა აღძრული. ამასთან, 146 ადამიანი ბრალდებულია „ფეიკებზე“, დანარჩენი 34 კი დამატებითი ეპიზოდებისთვის. 21 საქმეა აღძრულია რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებული სტატიებისთვის.

XS
SM
MD
LG