ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი და ლურჯი მირაჟი და რეალობა ამერიკის არჩევნებში


2022 წლის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები, საარჩევნო უბნების დახურვიდან, შესაძლოა საათების და დღეების განმავლობაშიც არ გახდეს ცნობილი. ამერიკის მოქალაქეები წელს კონრგესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატის 435-ივე წევრს და 100-მანდატიან სენატში, 35 სენატორს ირჩევენ, ასევე 36 გუბერნატორს.

რესპუბლიკელებს 5 მანდატის მოპოვება სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატის გაკონტროლება შეძლონ, სენატის გასაკონტროლებლად კი მხოლოდ 1 მანდატის.

არაპარტიული გამოკითხვების თანახმად, პალატაში უპირატესობის მოპოვების შანსები რესპუბლიკელებს აქვთ, შედეგები შესაძლოა სამშაბათ საღამოს ცნობილი გახდეს. თუმცა, რაც შეეხება სენატის მანდატებს, ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები პროცესის უფრო მეტ გაჭიანურებას ვარაუდობენ. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ამა თუ იმ მხარეს ამომრჩეველმა გამარჯვება იქამდეც იზეიმოს, ვიდრე საბოლოო შედეგები ცხადი გახდება.

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა შორის ხმათა განსხვავება შეიძლება ათობით ოლქში ძალიან მცირე იყოს. შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი შტატი, როგორიც პენსილვანიაა, უკვე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თითოეული ბიულეტენის დათვლას შესაძლოა დღეები დასჭირდეს. ექსპერტების აზრით, სამშაბათ ღამით, ამერიკელებს არ ეცოდინებათ ვინ გააკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს.

რა აყოვნებს არჩევნების შედეგების გამოცხადებას?

არჩევნების შედეგების საბოლოო მონაცემების გამოცხადებას, ხშირ შემთხვევაში, ის აყოვნებს, რომ შტატები მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობას არჩევნების დღემდე აძლევენ. ზოგან, მოქალაქეები ამას საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის უშუალო დღეზე ადრე პირადად აკეთებენ, ზოგიც საფოსტო სერვისის გამოყენებით. ამ ბიულეტენების დათვლის წესი კი შტატების მიხედვით, ასევე განსხვავებულია. ზოგან, მათი დათვლა 8 ნოემბრამდე არ დაწყებულა, შესაბამისად, მათი შედეგებიც უფრო გვიან გახდება ცნობილი. მაგალითად, პენსილვანიასა და უისკონსინში, წინასწარი ხმის მიცემისას გამოყენებული ბიულეტენების გახსნის უფლება საარჩევნო კომისიას 8 ნოემბრამდე არ აქვს. ფლორიდისა და ჩრდილოეთ კაროლინის რეგულაციები კი ამის შესაძლებლობას იძლევა.

ვინ გააკონტროლებს ამერიკის კონგრესს?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00

არსებობს განსხვავება იმაშიც, თუ როგორ იყენებენ მოქალაქეები ამ უფლებას. როგორც წესი, წინასწარი ხმის მიცემის უფლებით დემოკრატი ამომრჩეველი უფრო ხშირად სარგებლობს, ვიდრე - რესპუბლიკელი. შესაბამისად, ამა თუ იმ შტატში, დემოკრატების სასარგებლოდ არსებული მონაცემები შესაძლოა კენჭისყრის დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალოს - მას მერე, რაც რესპუბლიკურად განწყობილი მოქალაქეები ხმას არჩევნების დღეს, პირადად მისცემენ. ზოგ შტატში შესაძლოა პირიქითაც მოხდეს, კენჭისყრის დღეს მიცემული ხმების უმრავლესობა რესპუბლიკელთა კანდიდატის სასარგებლოდ იყოს, თუმცა მოგვიანებით დათვლილმა საფოსტო ბიულეტენებმა სიტუაცია დემოკრატთა სასარგებლოდ შეცვალოს.

ამასთან, არსებობს შტატები, სადაც საფოსტო ბიულეტენებს 8 ნოემბრის შემდეგაც მიიღებენ და დაითვლიან, თუკი ისინი უშუალოდ 8 ნოემბერსაა გამოგზავნილი. ეს კი პროცესს კიდევ უფრო ანელებს.

როდის გვეცოდინება არჩევნების შედეგები?

დროში განსხვავებისა და სხვადასხვა რეგულაციების გამო, ამა თუ იმ შტატში არჩევნების შედეგები სხვადასხვა დროს გახდება ცნობილი. ასეთი წესია მაგალითად, კალიფორნიაში, ნევადასა და ვაშინგტონის შტატებშიც.

ყველაზე მეტად, არჩევნების შედეგების გამოცხადება შესაძლოა სენატის მანდატებთან დკაავშირებით შეყოვნდეს. ვინ გააკოტროლებს ზედა პალატას - ამისთვის მოქალაქეთა ყურადღება პენსილვანიის, არიზონასა და ჯორჯიისკენაა მიმართული. ჯორჯიაში მოსალოდნელია, რომ სენატორის მანდატისთვის მებრძოლთა შედეგები ძალიან მსგავსი იქნება და შესაძლოა ვერც ერთმა მათგანმა, 50%-ზე მეტი მხარდაჭერა ვერ მოოპოვოს და 6 დეკემბერს, მეორე ტურის გამართვაც კი გახდეს საჭირო.

კონგრესის ახალი შემადგენლობის ინაუგურაცია 2023 წლის 3 იანვარს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG